სოზარ სუბარი ცოლის მშობიარობაზე ლეპტოპით მივიდა

სოზარ სუბარი ცოლის მშობიარობაზე ლეპტოპით მივიდა

სოზარ სუბარისა და თამთა ყუბანეიშვილის თანაცხოვრება თერთმეტ წელს ითვლის. წყვილს ათი წლის ნინი, 8 წლის ლუკა და 6 წლის მათე ჰყავთ. მათე განსაკუთრებით ხმაურიანი და ენერგიულია. მეუღლის საჯარო სამსახურების გამო თამთას აქტიურ ჟურნალისტიკაზე უარის თქმა მოუხდა. მიიჩნევს, რომ მისი, როგორც ჟურნალისტის ობიექტურობის საკითხი ყოველთვის საკამათო იქნებოდა. წლებია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს მედიამკვლევრად. ამჟამად პროექტის "საგანმანათლებლო რესურსები მედიაწიგნიერებისათვის" ფარგლებში კოორდინატორის ფუნქციას ასრულებს.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ჟურნალისტი მეუღლე რესპონდენტიც კარგი აღმოჩნდა, იმდენად, რომ სანამ მინისტრი შინ დაბრუნდებოდა, მასთან დასასმელი კითხვა არ დაგვიტოვა. შესაბამისად, ბატონი სოზარი მხოლოდ ჩვენს ფოტოობიექტივში მოხვდა.

- მე და სოზარი ერთმანეთს პროფესიამ დაგვაკავშირა. სოზარი მაშინ ''რადიო თავისუფლების'' ჟურნალისტი იყო. ადამიანის უფლებების საკითხებზე ამზადებდა რეპორტაჟებს, ასევე - საგა-მომძიებლო ჟურნალისტიკის მასალებს. მაშინ მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და საგამომძიებლო ჟურნალისტიკით გახლდით დაინტერესებული. ჩემმა ჯგუფელმა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება წაიკითხა, რომელიც ეძებდა ჟურნალისტიკის ამ მიმართულებით დაინტერესებულ აქტიურ სტუდენტებს. გასაუბრების შემდეგ სტუდენტებისგან უნდა შემდგარიყო ჯგუფი, რომლებიც სტატიებს მოამზადებდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელები იყვნენ ვახო კომახიძე, ნინო ზურიაშვილი, სოზარი. თუმცა სოზარის სახელი და გვარი მაშინ ჩემთვის ნაკლებად ცნობილი იყო. ჩაატარეს გასაუბრება და შეგვარჩიეს სტუდენტები. იმ ჯგუფიდან ამჟამად ბევრი აქტიურ ჟურნალისტიკაშია. მე - არა, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მქონდა. სფეროში კი ვარ, სხვადასხვა მიმართულებით მუდმივად ვატარებთ მედიამონიტორინგს, მოქალაქე ჟურნალისტების პრაქტიკა ჩვენს ორგანიზაციაში დაინერგა, მაგრამ საგამომძიებლო ჟურნალისტიკაში ვეღარ გავაგრძელე საქმიანობა. ამ კურსის დასრულების შემდეგ აკაკი გოგიჩაიშვილის ''60 წუთის'' სკოლაში ვსწავლობდი. როგორც ჩანს, ჩემსა და სოზარს შორის ურთიერთობის ძაფები იმდენად მყარად გაიბა იმ პერიოდში, რომ როცა მწვავე მასალას ვამზადებდით და რჩევა მჭირდებოდა საინტერესო რესპონდენტების შესახებ, პირველი სოზარი მახსენდებოდა, მას ვურეკავდი რჩევისათვის. პროფესიული ურთიერთობა ნელ-ნელა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა.

- ამის პირველი მინიშნება ვისგან წამოვიდა?

- ადამიანები, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებდნენ, ჯერ კიდევ მანამდე გრძნობდნენ ამას, ვიდრე თავად გავარკვევდით რამეს. თავიდან ამაზე მხოლოდ გვეცინებოდა, მერე, როცა დავფიქრდით, აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთის გარეშე წუთით ვერ ვძლებდით. ეს გარდაუვალი იყო, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავკავშირებოდით... იყო ასაკობრივი სხვაობა...

- თან არც ისე პატარა, 18 წლით ხართ სოზარზე უმცროსი...

- ჰო, ასეა.

- რამდენი წლის ხართ?

- 32-ის, სოზარი 50-ის ხდება, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის მთელი ხიბლი, ჰარმონიულობა სწორედ ამაზე დგას. არ მინდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ იდეალურად ვავსებთ ერთმანეთს. ძალიან ოპტიმისტი ადამიანია, ენერგიით სავსე, ჩემზე მეტად ენერგიული, ბავშვებთან მუდმივად ხალისიანი. რამდენი დაძაბული დღე გამოგვივლია, მაგრამ ეს სახეზე არასდროს ეტყობა, ჩემთვის დიდი ძალისა და ენთუზიაზმის მომნიჭებელია ყოველთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. როცა ამის დრო აქვს, ველოსიპედით დადის, დარბის, სიგარეტს არ ეწევა, არ სვამს. დიახ, არ სვამს. ეს იმათაც კარგად იციან, ვინც იმ დამონტაჟებული კადრებით სოზარის დისკრედიტაციას ცდილობს. ამ მხრივ სრულიად ამოვარდნილია ქართული ტრადიციიდან, რასაც ქართული სუფრა, თამადობა ჰქვია. ტელევიზიებს აქვთ ვიდეოფირის მთლიანი ვერსია და გაა-ვრცელონ. დაინტერესებულ პირებთან დეტალურად შემიძლია გავიარო ეს დამონტაჟებული კადრები... თანამდებობის პირის ჯანსაღ კრიტიკას მივესალმები, აუცილებელიცაა, მაგრამ მსგავსი ტყუილის ტირაჟირება მიუღებელია.

- თვითონ სოზარს თუ უქმნიდა უხერხულობას ასაკობრივი სხვაობა?

- ეს სოზარს აფერხებდა ურთიერთობის პირველ ეტაპზე, როგორც მერე გავიგე. მეგობრებთან ამ თემაზე ხშირად საუბრობდა, თუმცა ეს ალბათ იმიტომ, რომ მაინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რამდენად დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი და მივიღებდი თუ არა იმ სერიოზულ გადაწყვეტილებას, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია. 21 წლის ვიყავი, ცოლად რომ გავყევი. ასე რომ, არასრულწლოვანი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ორი ზრდასრული ადამიანი ვსაუბრობდით სიყვარულზე, ოჯახის შექმნაზე, მომავალზე. ერთხელ მითხრა, გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღოო. უკვე მივიღე, ამაზე არ იღელვო-მეთქი, ვუთხარი. თუმცა არ უკითხავს, მაინც რა გადაწყვეტილება მიიღეო (იღიმება).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია