სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შევიდა. სომხური მედიის ცნობით, შეთანხმებას მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისი საბჭოს სხდომაზე მოეწერა ხელი. "დარწმუნებული ვარ, ამ ისტორიული დოკუმენტის ხელმოწერა ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ახალ ეტაპს მისცემს დასაბამს. კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ხელშეკრულებასთან პირველი შეერთებით საკუთარ თავზე ვიღებთ", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა.

ქვეყნის "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა. საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია საპარლამენტო პარტიებმა - "აყვავებული სომხეთი", სომხეთის ნაციონალური კონგრესი და "მემკვიდრეობა" - მოაწყეს.

აქციის ორგანიზატორებმა მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას ეროვნული ინტერესის ღალატი უწოდეს.

"გასულ წელს სერჟ სარგსიანმა არჩევნებზე ხალხის ხმები მოიპარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ზუსტად ხუთი წლის წინ მან ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ სომხურ-თურქულ პროტოკოლს. დღეს კი სერჟ სარგსიანმა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ხელი მოაწერა "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას და ამით ჯვარი დაუსვა სომხეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერმა რაფი ოვანესიანმა.

29 მაისს ყაზახეთმა, რუსეთმა და ბელორუსმა ხელი მოაწერეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თაობაზე შეთანხმებას, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს შევა ძალაში. 2 ოქტომბერს სომხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების თანხმობის პროექტს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა