იოსებ გიორხელიძე გამტაცებლებს მომღერალ ზურაბ კობეშავიძის აგარაკზე ჰყავდათ გადამალული?

იოსებ გიორხელიძე გამტაცებლებს მომღერალ ზურაბ კობეშავიძის აგარაკზე ჰყავდათ გადამალული?

იოსებ გიორხელიძე გამტაცებლებს არმაზში, მომღერალ ზურაბ კობეშავიძის და მამამისის, ჰამლეტ კობეშავიძის აგარაკზე ჰყავდათ გადამალული . ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, სახლის პატრონებს არც გატაცებულის, არც გამტაცებლების შესახებ აქვთ ინფორმაცია და არც საკუთარ აგარაკზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. "არავის უთქვამს ჩვენთვის და ვინც ჩაატარა ოპერაცია, ისინი არიან დასაჭერები", - განაცხადა ჰამლეტ კობეშავიძემ.

19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცებაში ბრალდებულ ყოფილი კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლებს დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ბრალდებულები: დურმიშხან ღვარჩლიანი, ჯემალ შონია და გიორგი ქალდანი პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, სრულად დაეთანხმნენ. დურმიშხან ღვარჩლიანს, ჯემალ შონიას და გიორგი ქალდანს ადოკატები არ ჰყავდათ. მხოლოდ ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ჭანტურიას ადვოკატმა, ვლადიმერ კიკნაძემ დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს იოსებ გიორხელიძის გატაცება. 10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ გატაცებულის მამას რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 12 ოქტომბერს ჯემალ შონია და ალექსანდრე ჭანტურია - თბილისში, ხოლო 13 ოქტომბერს დურმიშხან ღვარჩლიანი დაბა წყნეთში და გიორგი ქალდანი სოფელ არმაზში დააკავეს. გიორგი ქალდანის პირადი ჩხრეკისას "ტე-ტე"-ს სისტემის პისტოლეტი, ვაზნები და 10 000 დოლარი ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ვ" ქვეპუნქტებით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ