ტყუილად ვყიდულობთ კონიაკებს, რაღაც ძალიან ბებრული და საბჭოურია ეს ყველაფერი - გოგი გვახარია აბაშიძე -კარასინის შეხვედრაზე

ტყუილად ვყიდულობთ კონიაკებს, რაღაც ძალიან ბებრული და საბჭოურია ეს ყველაფერი - გოგი გვახარია აბაშიძე -კარასინის შეხვედრაზე

კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე პოსტს აქვეყნებს.

"რა კარგი დრო იყო - კონიაკები ჩაჰქონდათ რუსებთან და აგვარებდნენ საქმეს:)

"გოსფილმფონდის" დირექტორიც კი მოგვითაფლია. "ბერტოლუჩი ნე ოტდამ!", ამას რომ გვეუბნებოდა, ქართული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნანა ჯორჯაძე გვთხოვდა, ჩანთაში ჩალაგებული ბოთლები აახმაურეთო... "ლადნო, ოტდამ!"

არადა ინტელიგენტი, გონიერი კაცი იყო, ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე კინოხელოვნებისა საბჭოთა კავშირში (შეიძლება მსოფლიოშიც); მის ერთ თანაკურსელს რომ ვუამბე როგორი მექრთამე იყო, ფანტასტიკის სფეროდან მიყვები რაცხასო:)

ჰოდა, რატომ გამახსენდა ეს ამბავი; არა გგონიათ რომ კარასინს ჩვენც კონიაკებით ვხვდებით - დიდი ჩანთებით მივემგზავრებით შეხვედრაზე და ხანდახან ვანჯღრევთ კიდეც ამ ჩანთებს. ნამდვილად ვხედავ ამ სურათს და მგონია, რომ არც ესაა ფანტასტიკის სფერო. რაღაც ძალიან საბჭოურია ეს შეხვედრაც და მის მონაწილეებიც:). ბატონი აბაშიძის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, რაღაც ძალიან ბებრულია:)

ტყუილად ვყიდულოთ კონიაკებს ჩვენი, ე.ი. გადასახადის გადამხდელის ფულით და ტყუილად ვატანთ საქართველოს დელეგაციას.

ბატონი კარასინი, სამწუხაროდ, არ გვეუბნება "ლადნო, ოტდამ!"", - წერს გვახარია.

დღეს პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ეს იყო ყველაზე მწვავე და მძიმე საუბარი, რაც კი პრაღაში შემდგარა მასსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის და მხარეების კარდინალურად განსხვავებული პოზიციების გამო, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ზურაბ აბაშიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ჯაფარიძე კოლეგებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკებათა რაუნდში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნა: "ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ. მაგრამ ეტყობა ცოტა მუხრუჭებმა უღალატა და შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ".