ყველა დეტალი: საზარელი ტრაგედია ილიაუნში, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა

ყველა დეტალი: საზარელი ტრაგედია ილიაუნში, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

"თვითმხილველთა გადმოცემით, მამაკაცი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უნივერსიტეტის აუდიტორიებში ეძებდა ყოფილ მეუღლეს. ბოლოს იპოვა და დერეფანში გამოიყვანა სალაპარაკოდ. მოკლე, მაგრამ ხმაურიანი კამათის შემდეგ კი ორი ტყვია დაახალა და მერე თავი მოიკლა. წელს უკვე დაახლოებით 20-მდე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქალი ქმარმა, ყოფილმა ქმარმა ან შეყვარებულმა მოკლა. თუმცა გუშინდელი ტრაგედია თავისი ფორმით განსაკუთრებით შემზარავი იყო - მკვლელობა მოხდა დედაქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში, ლექციების მსვლელობისას, სტუდენტების თვალწინ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მოკლული ლექტორი საბედისწერო გასროლის წინ საშველად სტუდენტებს ეძახდა / საზარელი ტრაგედია ილიაუნში, რომელმაც მთელი ქალაქი შეძრა.

"მოკლულია 33 წლის მაკა წივწივაძე. იგი "ბრიტანულ საბჭოში" მუშაობდა და პარალელურად ილიაუნში ინგლისურის ლექციებს კითხულობდა. მისი ახლობლებისა და ოჯახის ცნობით, მისი ყოფილი მეუღლე ლაშა მაღრაძე ნასამართლევია და ის პატიმრობიდან ამნისტიით არის გათავისუფლებული. მაღრაძე წივწივაძის მეორე ქმარი იყო, მათ საერთო შვილი არ ჰყავდათ. მაკა წივწივაძეს კი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ტრაგედიის შედეგად უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ჩატარდა ექსპერტიზაც. უნივერსიტეტში კი არავის უშვებდნენ. მკვლელობის ადგილის დათვალიერება შეუძლებელი აღმოჩნდა "რეზონანსისთვისაც". უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურმა შენობაში არ შეგვიშვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეს მამაკაცი წივწივაძეს ყველა აუდიტორიაში დაეძებდა. როდესაც იპოვა, მას გარეთ გასვლა სთხოვა. წივწივაძე მის სურვილს დაემორჩილა, თან აეროზოლი აიღო, რომელსაც თავდაცვის მიზნით მუდამ თან ატარებდა. აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ყოფილ მეუღლეებს შორის ხმაურიანი შელაპარაკება იყო. შემდეგ წივწივაძემ დასახმარებლად სტუდენტებს უხმო. სანამ ბავშვები ლექტორის მისახმარებლად გავიდნენ, გაისმა სროლის ხმაც. ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა - ერთი თავში და მეორე კისერში, შემდეგ კი თავი მოიკლა. ბავშვები ტიროდნენ, შოკირებულები იყვნენ. ფსიქოლოგიურად როგორია როცა ასეთ ტრაგედიას ხედავ?! ცოტა ხანს იყვნენ აქ და ყველანი წავიდნენ. ინციდენტი მეორე სართულზე, 212-ე აუდიტორიასთან მოხდა. ყველგან ვიდეოკამერები აყენია, ალბათ ამოიღებენ კადრებს და ყველაფერი გამოჩნდება რა და როგორ მოხდა", - ყვება "რეზონანსთან" საუბარში ილიაუნის ერთ-ერთი სტუდენტი.

"რეზონანსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, წივწივაძესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ილიაუნშიც იცოდნენ და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური გაფრთხილებული იყო, რომ მაღრაძე შენობაში არ შეეშვათ. თუმცა, დაცვის სამსახურში ეს ცნობა არ დაგვიდასტურეს. "არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია - ის აღმოჩნდა უნივერსიტეტში. არც კი იცოდა, რომელ აუდიტორიაში ჰქონდა ლექცია მაკას. პოლიციამ ჩაატარა ექსპერტიზა, შედეგები ალბათ მალე გახდება ცნობილი. ვიცი, რომ ვიდეოთვალით გადაღებული კადრებიც დაათვალიერეს. კადრებში ჩანს როგორ დადის ერთი აუდიტორიიდან მეორეში მამაკაცი და მაკას დაეძებს... შემდეგ კი ეს ტრაგედია მოხდა", - ამბობს ჩვენთან საუბრისას ილიაუნის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომლის ინფორმაციითაც წივწივაძე მეუღლეს თვენახევრის წინ დაშორდა, მას შემდეგ ქმარი მას სულ ემუქრებოდა და ამის შესახებ ინფორმირებული იყო შსს-ც.

"ხან მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა. რამდენჯერმე პირადი საუბრის დროსაც დაემუქრა. კონკრეტულად რაზე ჰქონდათ დავა ვერ გეტყვით. ვიცი, რომ პირად ცხოვრებას უკავშირდებოდა, მაგრამ კონკრეტულად რას, ეს არ ვიცი", - აღნიშნა მან.

"რეზონანსმა" უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურთან გასაუბრებაც სცადა, თუმცა, როგოც მათ გვითხრეს ინფორმაციის გაცემა აკრძალული აქვთ. კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა საშვის გარეშე უცხო ადამიანის შესვლა შენობაში, არ გვიპასუხეს. "ვერაფერს გეტყვით. ინფორმაციის გაცემა გვეკრძალება. ეს ინციდენტი პირველი არ არის, რომელიც უნივერსიტეტში მოხდა. ცოტა ხნის წინ გოგონა კიბიდან ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც გადმოაგდეს", - აღნიშნეს მათ.

"რაც შეეხება დაცვის სამსახურის გაფრთხილებას, რომ მაღრაძე შენობაში არ შეეშვათ, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ილიაუნში გუშინ მორიგეობდა, განგვიცხადა, რომ ამაზე არაფერი იცის. "ვინ გითხრათ ეს? არ ვიცი, შესაძლოა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა იყო გაფრთხილებული. პირადად მე არავის გავუფრთხილებივარ. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ პოლიციას და ის გაგცემთ პასუხს", - გვითხრა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა პირად საუბარში.

"შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მაკა წივწივაძემ პოლიციას ორჯერ მიმართა, რომ მას ყოფილი ქმარი ემუქრებოდა. წივწივაძე განცხადების დასაწერად პირველად 22 სექტემბერს, რუსთავის განყოფილებაში, მეორედ 26 სექტემბერს კი, დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში იმყოფებოდა. "მარიამ წივწივაძემ პოლიციას ორჯერ მიმართა, მათ შორის პირველად რუსთავის განყოფილებას და განაცხადა, რომ მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა, შედგა გასაუბრების ოქმები, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ისე მის მეუღლესთან. წივწივაძე ითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ შეეწუხებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შემაკავებელი ორდერის გამოწერა მომხდარიყო. ლაშა მაღრაძემ პირობა დადო, რომ აღარ შეაწუხებდა ყოფილ მეუღლეს და ბოდიში მოიხადა. მეორედ მარიამ წივწივაძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ ლაშა მაღრაძე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა და თან შერიგებას სთხოვდა. მაღრაძე 29 სექტემბერს ამავე განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს, რომ თუ ყოფილ მეუღლეს ისევ შეაწუხებდა, კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს. ამის შემდეგ მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მიუმართავს", - განაცხადეს შსს-ში.

"გუშინ უნივერსიტეტში მაკა წივწივაძე დედამ მიაცილა. ამის შესახებ წივწივაძის მამამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა. "ჩემი შვილი და მისი ყოფილი ქმარი ნაჩხუბრები იყვნენ და ყოფილი ქმარი შერიგებას ითხოვდა. ემუქრებოდა მას. საშიშროებიდან გამომდინარე მაკა უნივერსიტეტში დღეს დედამ მიაცილა", - აღნიშნა მაკა წივწივაძის მამამ.

"მაკა წივწივაძის დედის ვარაუდით, მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძე მფარველობდა. წივწივაძის დედამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მისი ყოფილი სიძე, რომლის სახელი და გვარიც ასევე ლაშა მაღრაძეა, ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებულია. "ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ჩემმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. ჩემი ყოფილი სიძე მაკას ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ვატყობინებდით, თუმცა, ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა. მესიჯი გაუგზავნა, ლაშა მაღრაძემ დამარიგა როგორ უნდა მოვიქცეო", - აღნიშნა დედამ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია