ბრალდებულის მეუღლე: "სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა"

ბრალდებულის მეუღლე: "სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა"

ყარათუბანში მარიამობის დღესასწაულზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულის, დავით კუბლაშვილის მეუღლე მარინე კუბლაშვილი ტრაგედიის ღამეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მორიგე იყო. გამოძახებისას შემთხვევის ადგილზე სწორედ ის გავიდა და დაჭრილი ბექა სირბილაძე საავადმყოფოში მან გადაიყვანა.

"ბექა მეუბნებოდა, მგონი მირზა (ბრალდებულის შვილი) შემოგვაკვდა და მიშველე მარინა დეიდაო. ეგონა მე არ დავეხმარებოდი. მთელი ორი საათის განმავლობაში საავადმყოფოში ვტიროდი, მეგონა რომ ჩემი შვილი უკვე მკვდარი იყო", - იხსენებს მარინე კუბლაშვილი.

მისი თქმით, მარიამობას, ანუ იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, ყარათუბნელები ადიგენში შუადღიდან ჩხუბობდნენ: "ორი საათიდან საღამოს ათ საათამდე ერთი ამბავი იყო დაბაში. ამ დღეს პოლიციელ კობა ვაშაკიძის მეუღლემ ოპერაცია გაიკეთა და საავადმყოფოში იყვნენ ყველა, მაგრამ ამ ბიჭებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მკვლელობაც პოლიციიდან 200 მეტრში მოხდა. სამართალდამცავებს რომ დროული რეაგირება მოეხდინათ, მკვლელობა არ მოხდებოდა", - ამბობს ბრალდებულის მეუღლე.

კუბლაშვილის განცხადებით, მისი მეუღლე ყარათუბნელებმა წყობილებიდან გამოიყვანეს და ეს ტრაგედია ამიტომ დატრიალდა: "ძალიან მოჩხუბარი ბიჭები იყვნენ, ხან ვისთან ჩხუბობდნენ და ხან - ვისთან. რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ჩემს ქმარს, მან დანაშაული ჩაიდინა და პასუხიც უნდა აგოს, მაგრამ აქციებს რომ მართავენ და გვლანძღავენ, მე ვინმეს რამე დავუშავე?!"

კუბლაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ და შეგნებულად არ იძიებენ საქმეს ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო: "თუ ზუსტად იმას იტყვიან, რა როგორ მოხდა, მაშინ მათი უმოქმედობა გამოაშკარავდება და ეს არავის აწყობს".

ბრალდებულის მეუღლე სამართალდამცავებს, გარდა უმოქმედობისა, ქურდობაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, იმ ღამეს, როცა სახლი გაჩხრიკეს და საბუთები გამოუტანეს, ფული და ოქრო დაკარგა: "საფულეში ფული და ოქროს სამაჯური მედო, რომელიც ხშირად მეკეთა. მაგრამ აღარც ფული იყო შიგ და აღარც სამაჯური. თუ არა პოლიციელები, სხვა ვინ აიღებდა?"

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა