"კუნძული" - ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ პატრიარქმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო

 "კუნძული" - ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ პატრიარქმა ცრემლის შეკავება ვერ შეძლო

საოცარ ეპოქაში ვცხოვრობთ - მსოფლიოს დიდი ნაწილი თითქოსდა განათლებულია ქრისტეს ნათელით, დედამიწის ყოველ კუნჭულში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ. მეტიც, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების უმრავლესობა ქრისტიანულია, მათი პრეზიდენტები ინაუგურაციის დროს ბიბლიაზე დებენ საჯაროდ ფიცს და ქრისტიანული მორალის, ზნეობის დაცვას ჰპირდებიან ამომრჩეველს; მათი ჰიმნი ღმერთის ხსენებით იწყება და მათი გერბები თუ დროშები ქრისტიანული სიმბოლოებითაა შემკული. გარეგნული ნიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი კარგადაა - სახარება ნაქადაგებია და ხალხმაც გააკეთა არჩევანი ღმერთისკენ. მაგრამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ყოველივე ეს ოდენ გარეგნული ნიშნებია. ჩვენი დროება ხასიათდება არა ქრისტეს, სახარების, გამოხსნის, სასუფევლის ნიშნით, არამედ მსოფლიო საზოგადოების მომხმარებლური ცნობიერების დაღით, მომხმარებლური დამოკიდებულება კი ნიშნავს იმას, რომ გარესამყარო აღიქვა მოხმარების, გამოყენების, მოგების, სიამოვნების პრიზმაში, ყველაფერი პირადი მოხმარების ავკარგიანობაზე დადის - საკვებიც, ნივთებიც, მეგობრებიც, სიყვარულიც კი. ადამიანებმა თითქოსდა ახალი განზომილება აღმოაჩინეს - მსოფლიო მათ გარშემო ბრუნავს, ყველა სურვილი, ოცნება, მიდრეკილება, სიამოვნება პირადი მოხმარების და გამოყენების პრინციპზე დაიყვანება. გასულ საუკუნეში ამ ყველაფერმა ათქმევინა ნიცშეს: "ღმერთი მოკვდა!" ჩვენი დროის მომხმარებლური საზოგადოება ყველაფერს შთანთქავს, და ნუ გგონიათ, რომ საქართველო შორსაა ამისგან! ამგვარი აზროვნების გამოვლინების მარტივი მაგალითია ის, რაც ჩვენს ხალხს ემართება, თუნდაც, ელექტროენერგიის გამორთვის დროს... და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ასეთ დროს ამერიკაში, საფრანგეთში, კანადაში! ხალხს ნერვული აშლილობა, ნამდვილი ისტერია დაემართებოდა. ასეთი ცნობიერების შედეგად ჩვენი "პროგრესული" მომხმარებლური ცივილიზაცია სრულიად დამონებული და დამოკიდებული აღმოჩნდა მოხმარების ობიექტებზე, ნივთები ერთ დიდ კერპად მოგვევლინენ და ჩვენი ახალი ეპოქის ახალ, მაგრამ ძველ - კარგად დავიწყებულ რელიგიად, კერპთაყვანისმცემლობად, გამოგვიჩნდნენ. ისმის კითხვა - ამგვარ საზოგადოებაში სადღაა ადგილი ქრისტესთვის, მისი მცნებებისთვის? მსოფლიო საზოგადოება, გარეგნული ქრისტიანული ნიშნების მიუხედავად, არ იცნობს ქრისტეს!

ამგვარი სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოჩნდა ქრისტეს ეკლესია, რომელსაც, მაცხოვრის სიტყვისამებრ, ვერაფერი მოერევა, სანამ ქვეყნიერება არსებობს, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შესწვდებიან..." ბევრი ახალი წინააღმდეგობა შეემატა ჭეშმარიტი სარწმუნოების ადამიანებთან მიტანასაც. თუკი პირველ საუკუნეებში მოციქულების ქადაგებას წინ აღუდგებოდა ადამიანთა ვნების ჭაობში ჩაფლულობა და არასწორი სარწმუნოება, ახლა ყოველივე ამას ემატება მომხმარებელი ადამიანი, რომელსაც სურს, თვით სარწმუნოება მოიხმაროს, გამოიყენოს და თავისი ვნებების მიხედვით მოირგოს; ამას დაუმატეთ მათი მოხმარების უამრავ ობიექტზე დამოკიდებულება და მივიღებთ იმ უაღრესად რთულ პრობლემას, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ეკლესია დღეს სახარების გავრცელების საქმეში. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მოციქულებისთვის ქრისტეს ქადაგების გზა ია-ვარდით იყო მოფენილი. ამის საბუთად "საქმე მოციქულთას" წაკითხვაც კმარა. უბრალოდ, ყველა დროს თავისი პრობლემები აქვს და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ჩვენ კი სწორედ თანამედროვეობისთვის საჭირო საშუალებების გამონახვა უნდა შევძლოთ, რათა ქრისტეს ნათელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს.

ქვემოთ შევეცდებით მიმოვიხილოთ ის თანამედროვე საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ადამიანები ქრისტიანულ ცნობიერებას დაუბრუნდნენ.

დღეს გადაადგილების, ინფორმაციის მიღებისა თუ გადაცემის, ურთიერთობის უამრავი საშუალება არსებობს. ადამიანებს ყველა მათგანი ათვისებული აქვთ და მათ გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ არსებობა. ადამიანზე ზემოქმედებისა და მანიპულირების საკითხში განსაკუთრებული ადგილი მედიასაშუალებებს უკავია, ამათგან კი გამოსარჩევია ტელევიზია. ნეგატიურ ინფორმაციას საინფორმაციო გამოშვებიდან თუ მხატვრული ფილმიდან, მულტფილმიდანაც კი, მოსახლეობა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ აღმსარებლობისა, უხვად იღებს, საყვარელი ყუთის ზემოქმედების რეალიზება კი ცხოვრებაში ხდება. ამ უდიდესი მონსტრის - ტელევიზიის - სასიკეთოდ გამოყენება დღემდე არავის უცდია - იგი გამოგონების დღიდან პოლიტიკოსების, დამფუძნებლების, ფინანსური მოგებისა თუ პოპულარობის მაძიებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად იღვწის. ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგიც მიიღო. მხედველობაში მაქვს ტელეკომპანია "ივერიის" საცდელი გადაცემები. "ივერიამ" უნდა დაიკავოს თავისუფალი ნიშა საეთერო სივრცეში და მაყურებელს სიყვარული, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, შემწყნარებლობა, პატიოსნება და, რაც მთავარია, ქრისტეს ერთგულება უქადაგოს, რაც ჩვენი ეკლესიის მიზანიცაა. ეს ყველაფერი არსებულ საეთერო სივრცეს დიდი ხანია აკლდა. ინტერესთა კონფლიქტისა თუ სხვა მიზეზთა გამო ამგვარი ტელემაუწყებლობის დაწყება მეტად რთულია. ამას ერთი მაგალითიც მოწმობს. მოგეხსენებათ, ვატიკანი პოლიტიკურად უაღრესად გავლენიანი და ფინანსურად უზრუნველყოფილი ეკლესიურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია. საკუთარი ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ტელევიზიის შექმნა ყოველთვის შეეძლო, მაგრამ ის ახლაღა იწყებს ამგვარი მაუწყებლობის ჩამოყალიბებას. ღმერთმა ქნას, "ივერია" იქცეს იმ ალტერნატივად, რაც მანამდე ჩვენს მაყურებელს, უამრავი ტელეარხის არსებობის მიუხედავად, არ ჰქონდა. შესაბამისად, არჩევანიც თავისუფალი ვერ იქნებოდა, რადგან არჩევანის საშუალება, ფაქტობრივად, არც გვქონდა - ასარჩევი იყო მხოლოდ დამღუპველი ერთფეროვნება (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებიც კეთილი ადამიანების ძალისხმევით "გაიპარებოდა" ხოლმე). ტელევიზიას აკლდა ზნეობა, მორალი და, რაც მთავარია, ქრისტეს ჭეშმარიტება.

თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან და ასევე ძალზე ეფექტურ საშუალებაზე შევაჩერებ, რომელსაც აქტიურად იყენებს ტელევიზიაც - ეს არის კინემატოგრაფი. მის შესახებ "კარიბჭის" წინა ნომრებში გესაუბრეთ, როდესაც განვიხილავდით მელ გიბსონის ფილმს "ქრისტეს ვნებანი". უდავოა, კინოს მაყურებელზე ზემოქმედების მიმზიდველი, ეფექტური, შთამბეჭდავი საშუალებები აქვს. ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებაში, მის გავრცელებასა და ხალხის მოქცევაში, ეკლესიის ინტერესებისა და, შესაბამისად, ღმერთის სამსახურში კინოს როლის დანახვა გვაინტერესებს, და არა მარტო დანახვა, მისი უფლის სამსახურში ჩაყენებაც გვსურს, რადგან, როგორც აღვნიშნე, კინო ყველაზე ძლიერი საშუალებაა ადამიანში სარწმუნოებრივი ცეცხლის დანთებისა და მისი ქრისტეს გზაზე დაყენებისა. სამწუხარო ის არის, რომ ამ საშუალებას ხშირად არ მიმართავენ - მოგეხსენებათ, კინო ძვირადღირებული სიამოვნებაა, შემქმნელთათვის პირველ ადგილზე კი ყოველთვის ბიზნესინტერესი დგას. თუმცა არის იშვიათი გამონაკლისები, იმდენად იშვიათი, რომ როცა ამგვარი პროდუქცია მაყურებლამდე აღწევს, მათი შეფასებები - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი - მთელი სიმძაფრით წარმოდინდება. ამჯერად გვინდა განვიხილოთ რუსეთში გადაღებული პაველ ლუნგინის ფილმი "კუნძული", რომელმაც არა მარტო რუსეთში, საქართველოშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნახა მორწმუნემაც და ურწმუნომაც. ფილმს თან ახლდა აღფრთოვანებაც და კრიტიკაც, ცხოვრების წესის შეცვლის სურვილიც, ჩაფიქრებაც და გულგრილობაც.

გაგრძელება

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - 2008 წლის გმირი, რომელიც წამებით მოკლეს

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-მ მონაცემები განაახლა

"ნაცემი და თავგატეხილი პაპა გულგრილად უყურებს ახორხოცებულ მწვანე კაცუნებს" - კადრი 2008 წლის ომიდან