"წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა?" - კოკო გამსახურდია ალასანიას მოხსნაზე

"წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა?" - კოკო გამსახურდია ალასანიას მოხსნაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში ირაკლი ალასანიას მოხსნას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გამსახურდია საქართველოს თავდაცვის მინისტრებს იხსენებს, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით გადადგნენ.

"ალექსი პეტრიაშვილის განცხადებამ გადადგომამდე არც თუ უშორეს წარსულში გადამტყორცნა, როდესაც მაღალი ტრიბუნიდან სსრკ-ს ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართული გვარით და ყურს რომ ჭრიდა ისეთი დასავლურ-ქართულ-აქცენტიანი რუსულით წარმოთქვა: "ძიქტატურა ნასტუპაეტ... ნე რუგაეტე მენია".

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გამოსვლას, იქ ყველა აქცენტს თავისი ადგილი ქონდა მიჩენილი. იყო კრიტიკულიც, კოოპერატიულიც და კონსტრუქტიულიც, ისიც ჩანდა, რომ სხვა გზა არა აქვს. თავისთავად პარადოქსია საკითხის ასე დაყენება - პიროვნებას და პიროვნებათა ჯგუფს ხელს ახლებ და ამით პროცესს, კონკრეტულ შემთხვევაში "ევროინტეგრაციას" ხელყოფ. არა, ეს რა ჩამორჩენილობაში ვტოპავთ მაინც, თუკი ეს მართლაც ასეა.

რატომღაც ვფიქრობ, ბედისწერად ხომ არ ექცა პოსტსაბჭოთა საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადადგომა: გავიხსენოთ თენგიზ კიტოვანი, თავდაცვის მინისტრობის პრეტენდენტი - გადადგა და წავიდა რკონში. მერე იცით. გიორგი ყარყარაშვილი. მინისტრი - გადადგომის წინ ტანკებიც შეიყვანა უშიშროების სამინისტროს ეზოში, რომელთაც გაისროლეს, მერე იცით. ირაკლი ოქრუაშვილი, მინისტრი, გადადგა და მერე მოუწია ხმაურიანი ტელეჩართვებით ევროპიდან ახალახალი იმპულსების მიცემა აქციებისთვისაც და სკანდალებისთვისაც. არა, ღმერთმანი, ირაკლი ალასანია ამათზე გაცილებით პოზიტიური და ცივილიზებული სახეა, რა შედარებაა.

თავად მე ქართულზე არანაკლებ ევროპულ კულტურაზე გავზრდილვარ. პოლიტიკურადაც იმთავითვე ეს ორიენტაცია მიკავია და პუტინის რუსეთის მხრიდან იარაღის ლესვას შეშფოთებით და განგაშის განწყობილებით შევყურებ. მომკალით და მაინც ყურს მჭრის ყველაფრის ტოტალურ საზომად და კრიტერიუმად ერთი მაგიური სიტყვის გამოცხადება - ესაა "ევროატლანტური ინტეგრაცია". არ ვიცი, რამდენჯერ იხმარა იგი გამომსვლელმა. იგი თითქოს ძველაღთქმისეული იეღოვასავითაა - ყველაფერს თავისთავად მოაგვარებს, გადაჭრის, თავის ადგილზე დაალაგებს, იგი თითქოს პანაცეაა. ან წინა ხელისუფლება ამავე მიმართულებით არ მიდიოდა? და ვინც ასე არ ფიქრობს, როგორც მინიმუმ პასიური "ევრაზისტი" ხომ გამოდის? ჰოდა ამ მოცემულობის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ აჯობებდა მაიდანიზაციას მაინც ავცდენილიყავით, ჩვენ ასეთი მასშტაბის გახლეჩვას შესაძლოა ვეღარ გავუძლოთ", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს