"არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება"

"არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კოკო გამსახურდია სოციალურ ქსელში კრიზისის შესახებ წერს, რომელიც ქართველების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში იჩენს თავს.

"საქართველოს დღევანდელი კრიზისი მრავალმხრივია - იგი არ ამოიწურება მხოლოდ პოლიტიკით, თუნდაც ეს სფერო მართლაც ბევრი თვალსაზრისით გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. იგი მოდებულია კულტურულ, ეკონომიკურ სფეროებს, ხელი უდევს ადამიანურ ურთიერთობებზეც კი. დაწყებული სახელმწიფოს ორგანოებიდან არ დარჩენილა სოციალური ფენა, ორგანიზაცია, ჯგუფი, ოჯახი თუ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც იგი არ შეხებოდა.

რა არის საქართველო, კაცმა რომ თქვას? თუკი შევეცდებით ვთქვათ, როგორც იდეა ეს უნდა არსებობდეს ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანამდე, მათ შორის არსებულ უხილავ სივრცეში. იგი ამავდროულად დროითი კატეგორიაა - არსებობდა წარსულში, უნდა არსებობდეს ახლაც და უნდა იქნეს მომავალშიც.

როდესაც ჩვენ თვით ყველაზე უმნიშვნელო ურთიერთობაში შევდივართ სხვადასხვა ადამიანებთან - და ჩვენი ცხოვრება ხომ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობებისგან შედგება - და ის, რაც ამ ურთიერთობებში შთაიღვრება, საერთოდ არაა შეხებაში რაღაც სამყაროსთვის მნიშვნელოვანთან, რასაც მაგალითად მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი იოჰან გოტლიბ ფიხტე "სამყაროს მორალურ წესრიგს"უწოდებდა, რაც არ მომდინარეობს "სულის უკვდავების იდეიდან"როგორც ამას მერაბ კოსტავა წერდა თავის წიგნში საქართველოს მისიაზე, რაც არ ითვალისწინებს სულს, რომელსაც ვაჟა ფშაველას თქმით, მატერია "ვერ მოკლავს, ვერ დააბერებს, ტანს ვერ შეუცვლის საროსა", რაც არ არის შედეგი ჭეშმარიტი ადამიანური ღირსების იმ გააზრებისა, როგორც ილიას ესმოდა, მაშინ სოციალური თანამყოფობა სრულ ნგრევას და კორუმპირებას განიცდის, მაშინ ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ კატასტროფულ მოვლენებს უწყობენ ხელს, დაღმავლობა, დაცემა და გახრწნა კი არ მცირდება, არამედ ახალი ძალით იკრებს ძალას.

ამიტომაც ასეთ სისტემაში ადამიანი ფაქტობრივად აღარ განიხილება მეორე ადამიანის მიერ როგორც უდიდესი საიდუმლო და განუმეორებელი მიკროკოსმოსი, არამედ როგორც სრულიად გახსნილი, საკმაოდ ბანალურად დაპროგრამებული ბიოერთეული.

ამიტომაც არ არის არც საქართველო - იგი რჩება მხოლოდ ისტორიის შედარებით ობიექტურად დაწერილ ან გაყალბებულ წიგნებში, მუზეუმებში, არქეოლოგიურ ძეგლებზე, ხელოვნების ნაწარმოებებში, მაგრამ არა რეალობაში.

ამიტომაც არ სრულდება სიძულვილის, შურის, ერთმანეთის ჩაძირვის, მოტყუების, "გადაგდების,"კლანურობის, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროცესის იმიტირების და არანამდვილობის უწყვეტი ჯაჭვი. ვერ გაიგონებ ტელეეკრანიდან ერთ გულწრფელ და იმავდროულად გონიერ სიტყვას - ისმენ მხოლოდ დემაგოგიას ანდა ოხუნჯობას, ღლაბუცს, დაუსრულებელ სიცილ-ხარხარს, ვერ წაიკითხავ ერთ წესიერ წიგნს, ვერ მოისმენ ნორმალურ მუსიკას, ვერ ნახავ აზრიან სპექტაკლს, არ მცირდება ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე არ ჩანს იმ უფსკრულის ძირი, რომელშიც ქვეყანა მიექანება.

ამიტომაც სოციუმის გაჯანსაღება ადამიანსა და ადამიანს შორის იწყება და არა იქიდან, რას იტყვის ესა თუ ის რელიგიური თუ საერო ავტორიტეტი ან რა დირექტივა მოდის ვაშინგტონიდან თუ კრემლიდან. ამ ყოველივეს გაცნობიერების შემდეგ მივხვდებით, რომ საქართველოს უდიდესი მეფის, დავითის ზედწოდება "აღმაშენებელი"თურმე სახელმწიფოს მასშტაბებით მოქმედ პრარაბს კი არ ნიშნავს, არამედ სულით და ჭეშმარიტებით ადამიანის მანუგეშებელს, გამაძლიერებელს, შემმართებელს - თავისი სახარებისეული სემანტიკით "სიყვარული აღაშენებს"; რომელიც ასე გაძლიერებული მიდის მეორე ადამიანთან და ზოგადად სოციუმთან. ასეთი ცნობიერებით განმტკიცებულ სოციუმს კი უკვე ვეღარაფერი დაამარცხებს", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს