პეტრე კოლხი: "ახლიდან შემქმნიან" - მოძღვრის აღსარება, რომელსაც ელოდებიან

პეტრე კოლხი: "ახლიდან შემქმნიან" - მოძღვრის აღსარება, რომელსაც ელოდებიან

20 ნოემბერს, ექვსი მსახიობი, ახმეტელის თეატრში სპექტაკლის პრემიერას შემოგვთავაზებს. წარმოდგენას "მოძღვრის აღსარება" ერქმევა და მას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი - ირაკლი გოგია დგამს. ეს არის პეტრე კოლხის, ანუ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზის პეტრე კვარაცხელიას პოეზიაზე აგებული სპექტაკლი, რომელსაც მისი ლექსის მოყვარულები მოთმინებით ელოდებიან.

პრემიერამდე მამა პეტრეს და რეაჟისორს ირაკლი გოგიას გავესაუბრეთ.  

- მამა პეტრე, როგორც ჩანს, თქვენმა პოეზიამ უბიძგა რეჟისორს სპექტაკლის დადგმისკენ. სცენარი ვისია?

- ადრეც იყო მცდელობა, რომ ჩემს ლექსებზე დადგმულიყო ლიტერატურული სპექტაკლი, მაგრამ ახმეტელის თეატრი პირველია, რომელმაც ამ იდეის სისრულეში მოყვანა შეძლო. იდეა ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ირაკლი გოგიას ეკუთვნის. სცენარი ფილოლოგმა, საბა მეტრეველმა დაწერა. ვიმედოვნებ, რომ ეს წარმოდგენა საინტერესო და დროული იქნება.

- რა ლექსებია გამოყენებული, - სატრფიალო ლირიკა?

- იქნება სასიყვარულო ლექსებიც, ხელოვნება წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე. რაც კი ღირებული შექმნილა, მხოლოდ სიყვარულის სახელით. "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე"... გარდა სატრფიალო ლექსებისა, იქნება ფილოსოფიური, რელიგიური, ბავშვობის დროინდელი ნაწერები. მოგეხსენებათ, ყველა ჩვენთაგანი პატარაობიდან მოვდივართ და რაც ადრეულ ასაკში შექმნილა, ის არის სუფთა და წრფელი. ამ მხრივაც ძალიან საინტერესო იქნება სპექტაკლის მსვლელობა.

- ლექსებზე აგებული სპექტაკლი უცხო არ არის, მაგრამ არც მაინცდამაინც ხშირი... რას ფიქრობთ - ენდობით რეჟისორს?

- საინტერესოა იმდენად, რამდენადაც სხვისი თვალით დაინახავ საკუთარ სამყაროს. დარწმუნებული ვარ, ბევრ სიახლეს აღმოვაჩენ. ყველაზე მთავარი ხომ საკუთარი თავის დანახვაა. ირაკლი ნიჭიერია და შეძლებს, საკუთარ თავში ის აღმომაცენინოს, რაც აქამდე ვერ შევძელი, ან უბრალოდ გამომრჩა.

- მისთვის რაიმე თქვენი მოთხოვნა ხომ არ წაგიყენებიათ?

- რეჟისორს აქვს აბსოლუტური თავისუფლება. მე ვიქნები მხოლოდ მსმენელი და არ იქნება ეს ჩემთვის ადვილი. მთელს შენს ცხოვრებას, "გაშიშვლებულად" სცენაზე რომ იხილავ, ამისთვის მზად უნდა იყო. მოკლედ, ახლა "კულისებში" ვემზადები და პრემიერას სათანადოდ მომზადებული შევხვდები.

საოცარი მოუთმენლობა მჭირს: ჩაბნელებულ სცენაზე ვხედავ ჩემს დაბადებას, სოფლის მონატრებას, დედის დარიგებას, შეყვარებულს, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკებს. თავიდან ვიპოვი საკუთარ თავს. მოკლედ, ახლიდან "შემქმნიან".

რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ და ჩემი ჩარევის გარეშე. ვნახოთ, რა თვალით დამინახეს...

- ალბათ, საქმის დაწყების წინ დალოცეთ და როგორც მოძღვარმა აკურთხეთ კიდეც...

- ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხელოვნებაზე. ირაკლი მორწმუნე და ღვთის მოშიშია. ვფქირობ, ახმეტელის თეატრს ღირსეული სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, რომლის შემოქმედება, ყოველთვის დროის შესაფერისი იქნება. ყველა კეთილი საქმე დალოცვით იწყება და არც ეს არის გამონაკლისი. წარმატებები მას და მის თეატრალურ დასს.

- მამა პეტრე, ისე, ამ ყველაფრის ხიბლი იმაშიც არის, რომ ამ სტრიქონების ავტორი სასულიერო პირი ხართ.

- ირაკლის კრეატიულობა გამოჩნდა იმაშიც, რომ პოეტის სტატუსიც სათანადოდ გამოიყენა. ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა პოეტი საღამოებს, შეხვედრებს და ღონისძიებებს აწყობს, მაგრამ ის თუ სასულიერო პირიც არის, ეს უკვე სიახლეა. ვერაფერს იტყვი. ყოჩაღ, ისევ რეჟისორს. იქნება კრიტიკაც, ცინიზმიც, არაობიექტური შეფასებებიც, მაგრამ "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია"...

ირაკლი გოგია, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- მამა პეტრეს ლექსების მიხედვით, ლიტერატურული სპექტაკლზე ვმუშაობ, რაც პირველ რიგში, იმან გადამაწყვეტინა, რომ ის ჩემი მოძღვარია... ძალიან კარგი ლექსები აქვს, რომლებიც მკითხველთა გარკვეულ ჯგუფში ძალიან პოპულარულია. ახლა გადავწყვიტეთ, რომ მის ლექსები ყველამ გაიცნოს და უკვე ფართო მაყურებლამდე მივიტანოთ, რადგანაც ისინი აქამდე მაინც ვიწრო ლიტერატურულ შეხვედრებზე იკითხებოდა. ახლა კი გვინდა, რომ მათ ახალგაზრდები რეგულარულად ისმენდნენ, უკვე სპექტაკლად ქცეულს და ეს წარმოდგენა თეატრის რეპერტუარშიც იყოს  ჩასმული.

- როგორი იქნება კონკრეტულად სპექტაკლი?

- ეს არის შეკრული სიუჟეტი, სადაც მაყურებელი მოძღვრისა და სემოქმედის ცხოვრებიდან სხვადასხვა ეტაპს გაივლის. მოკლედ, ლექებიდან მისი ცხოვრება ჩვეულებრივ დრამატურგიულ მასალად ვაქციეთ. ბევრი რამ განსაზღვრა იმანაც, რომ ეს ადამიანი სასულიერო პირია. ძალიან საინტერესო პოეზია აქვს, ყველა ადამიანამდე დადის. თავის სინანულს, გულდაწყვეტას, სიხარულს ხედავს. ჰოდა, რაც სათქმელია, მაყურებლამდე უნდა მივიტანოთ. ამ ყველაფრის მთავარი ხიბლი კი ხომ ვამბობ, ის არის, რომ ლექსები მოძღვრისგან არის მოწოდებული.

- და ამ სპექტაკლით რას მიიღებს საბოლოოდ მაყურებელი?

- ემოციათა თამაში - ეს არის მამა პეტრეს ლექსები, ზღვა ემოცია. სულ 25-მდე ლექსია. რა თქმა უნდა, არის ლირიკაც, დიდი ადგილი ეთმობა მის ურთიერთობას დედასთან და რასაკვირველია, რელიგიასთან და ამ ყველაფერს ჰქვია "მოძღვრის აღსარება"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია