"ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა"

"ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა"

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების ნეგატიურ გამოხმაურებებს აფასებს.

"საქართველოში ბოროტებამ გაიმარჯვა!

ეს ოპუსი გამონაკლისია. ამასწინათ ამ ფეისბუკურ ამაოებას განვერიდე! და საერთოდ, რაც ნაკლები მეცოდინება საქართველოზე, მით უკეთესია. რა ძალაა, ისედაც ბევრს გაუსკდა გული! სად შემიძლია მე ამ სისულელეების, სიბრიყვეების და აშკარა მოღალატური სიტყვის თუ საქმის ცქერა, რაც იმათ ბაგიდან და ხელიდან მოდის, ვისაც პირიქით, ქვეყნის ინტერესების დაცვა ევალება და საამისოდ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან? ქვეყანა ჩემთვის არავის ჩაუბარებია, არასოდეს მიმუშავია ბიუჯეტურ ორგანიზაციაში, ჩემი ცოლი - 5 შვილის დედა, ერთადერთხელ, 90-იანებში მივიდა რაღაც დახმარების სათხოვნელად და საბოლოოდაც: ვინ გეხვეწობოდა, ამდენ შვილს რომ აჩენდიო?! ასე, რომ, არავითარი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე არ მაკისრია. არც ოდესმე რომელიმე მთავრობა ამირჩევია იმიტომ, რომ ჩემი გასაკეთებელი მათთვის მომეთხოვა. მე მარტოს გამაქვს თავი ამ უცნაურ ქვეყანაში და ალბათ სიკვდილიც მარტოობაში მიწერია.

ჰოდა, რახან სიკვდილამდე მივედით, - სწორედ ამით კი უნდა დამეწყო, - არ შემიძლია არ ვთქვა, სიკვდილი ის საიდუმლო საკურთხეველია, რომლის წინაშეც მოწიწება ზოგადადამიანური კულტურის ნაწილია. მოსისხლე მტრის სიკვდილიც კი სიკვდილია. ხშირად მასაც ტირიან, თუ ღირსეული მტერი იყო, ყოველშემთხვევაში, დუმილი, ტაბუ და სინანული ადევს ამ აუხსნელ მოვლენას - ადამიანის ხორციელ დასასრულს.

საქართველოში კი რა ხდება დღეს? განსხვავებული აზრის დიდი თუ პატარა კაცი რომ მოკვდება, მაშინვე ლანძღავენ, შურაცხყოფენ. ხალხს ერთმანეთის სიკვდილი უხარია, ნიშნს უგებენ სიკვდილით. დღეს სიკვდილის, რბევის, ციხის ბედისწერამ ერთ პარტიას და მის მიმდევრებს უწია, მაგრამ ხვალ რომ პირიქით მოხდეს? ალბათ იგივე განმეორდება. დიდსულოვნებას ვერავის მოვთხოვთ, მაგრამ სიკვდილით სპეკულაცია და სიხარული? რაღაც ახალია მგონი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში. რატომ დავივიწყეთ, memento mori, 'ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება'? განა რობერტ სტურუა ან რეზო ამაშუკელი არ მოკვდებიან? ინ ოდესმე ის ახალგაზრდა იურისტიც, ვინმე იაკობიძე, ასე არაადამიანურად რომ "შეამკო" კახა ბენდუქიძის გარდაცვალება? და სხვები კიდევ, მსგავსნი? განა სიკვდილსაც აქვს 7 მილიარდის დიდი ხათრი?

ალბათ ასეთი ზნეობრივი დაცემა რაღაც საყოველთაო უბედურების წინმსწრებია. თუკი ბოროტებამ დაგვიპყრო, თვით სიკვდილშიც კი, რუსული სიკვდილის მანქანას და იმპერიას რაღა დაუდგება წინ?!

ყველა რელიგია, მაგრამ ქრისტიანობა ხაზგასმულად სიკვდილის ძლევაა, თვითშეწირვის გზით სიკვდილისგან გამოხსნა, მაგრამ დღეს სიკვდილმა ძლია საქართველოს, რადგან მისი საკურთხეველი შეინგრა და აოხრდა. ეს მხოლოდ ცუდს და ისევ სიკვდილს მოიტანს. ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა. ეს გზაა ქვეყნის სიკვდილისკენ.

მე მიხაროდა კახა ბენდუქიძის სიცოცხლე ჩემ ქვეყანაში და ვოცნებდი გამეცნო იგი, მასთან ჩემ პროფესიულ მიზნებზე მესაუბრა.

ამ პატარა მინიატურით, როგორც რიგითმა ქართველმა, მინდა აღფრთოვანება გამოვთქვა კახა ბენდუქიძის სიცოცხლით და მოღვაწეობით, პატივი ვცე მის გარდაცვალებას და ვისურვო მას და მის იდეებს უკვდავება მომავლის თავისუფალ საქართველოსთან ერთად! ამინ!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს