რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

რა ნიშნით შეარჩიეს ახალ თანამდებობაზე გიორგი სიგუა

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი შოვნაძის მოადგილედ დაინიშნა. თავად გიორგი შოვნაძე აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარედ სასამართლომ ერთი კვირის წინ აღადგინა. სამსახურში დაბრუნებულს "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, რომელიც "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელობიდან 4 აგვისტოს გაათავისუფლეს, მოადგილედ დახვდა.

გიორგი სიგუა მომავალ გეგმებზე "გურია ნიუსს" ესაუბრა:

-რის გაკეთებას აპირებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოში?

- ვაპირებ ტურიზმის განვითარებას. დაცულ ტერიტორიებს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. არაერთი ტურისტული პროდუქტი გვაქვს, რომელთა ცნობადობა არც ისე მაღალია. მათ პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ ტურისტული პროდუქტების შექმნას ვაპირებ, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ მალე იარსებებს. მაგალითად, ის, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შესაძლებელია: მოეწყოს ტურები, იქირაოთ საძილე ტომრები, ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრში იქირაოთ ნომრები. ბევრი სხვა ტურისტული მომსახურება მიიღოთ; ის, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია ცხენების ქირაობა და საცხენოსნო ტურების მოწყობა; ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ტოიოტა საფარი ტურის მოწყობა; ხორნაბუჯის, წმინდა ელიას მთის მონახულება; ბევრმა არ იცის. იგივე სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები, ოკაცეს, გოჭკადილის კანიონები ძალიან დიდ ტურისტულ პოტენციალს ატარებს. ამ ტურისტული პროდუქტების მაქსიმალური პრომოციაა ჩვენი მიზანი. იქ სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის განვითარება.

-დაცული ტერიტორიების თავმჯდომარესთან, გიორგი შოვნაძესთან, რომელიც სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა, რა ურთიერთობა გაქვთ?

- გუშინ გავიცანი რომ მოვიდა სამსახურში.

-როგორ ფიქრობთ, მის მოადგილედ რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს?

- როგორც ტურიზმის საქმის სპეციალისტი, ჩემი გამოცდილების პატრონი, რომელსაც შეუძლია, დაცული ტერიტორიების ტურისტული პროდუქტები განავითაროს და სწორ გზაზე დააყენოს.

-ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

- ხელმძღვანელობისგან.

-გარემოს დაცვის მინისტრს გულისხმობთ?

- მასაც, მათ შორის. არა მარტო დაცული ტერიტორიების, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგანაც მივიღე შემოთავაზება.

-პირველად რას გააკეთებთ ახალ სამსახურში?

- პირველი, რაც გავაკეთე უკვე, გავეცანი გუნდს. ჯერჯერობით მხოლოდ სლაიდებზე გავეცანი ტურისტულ პროდუქტებს, რისი პოტენციალიც დაცულ ტერიტორიებს აქვს. ორშაბათს უკვე მივემგზავრები, ადგილზე უნდა მოვინახულო ადმინისტრაციები. ეს იქნება კოლხეთის ეროვნული პარკი, იმერეთის ადმინისტრაციაში შემავალი ერთეულები: სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები. შემდეგ აუცილებლად წავალ მტირალაზე. მოვინახულებ სხვა დაცულ ტერიტორიებსაც. შემდეგ დავდებთ მათ პიარ-სტრატეგიებს. ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ტურისტულ კომპანიებთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი მარკეტინგისთვის. ერთობლივი ძალებით შეიძლება ტურისტული ნაკადების ზრდა. მთელი გეგმები მაქვს.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა