კაცი, რომელსაც ქართველებმა აგინეს - ვინ დგას სერიალ "ტიფლისის" უკან

კაცი, რომელსაც ქართველებმა აგინეს - ვინ დგას სერიალ "ტიფლისის" უკან

ტელესერიალი "ტიფლისი" მაყურებლის მოწონებას იმსახურებს, კრიტიკა მისი მისამართით ნაკლებად გამოითქმის. პროექტზე ლევან დაბრუნდაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობს. ეს ის ადამიანია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლამის ანათემაზე გადასცეს იმის გამო, რომ "ვეფხისტყაოსნის" ერთი ეპიზოდის გადაღება გადაწყვიტა: როგორ გაბედაო! თუმცა მაშინ (და არც ახლა) ბევრმა არ იცოდა, რომ ლევანი თვითნასწავლი რეჟისორია, თორემ ალბათ მუშაობის უფლებასაც ჩამოართმევდნენ...

"ამბები.გე" ლევან დაბრუნდაშვილს გაესაუბრა.

- "ტიფლისში" რატომ აიღეთ სამუშაოდ წარსული დრო, როცა სერიალს ყველა თანამედროვეობაზე იღებს. მგონი, რისკი იყო, არა?

- საერთოდ, მიმაჩნია, ცხოვრებაში რაც მეტ რისკს გასწევ, მით უფრო ამართლებს, ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, - ჩემი ცხოვრება ასე მიდის. თუ რატომ ავირჩიეთ ეს თემა, ძნელი მისახვედრიც არ უნდა იყოს, ეს ჟანრი, თემატიკა აკლია ტელესივრცეს და რისკი ამართლებს, თუ ისეთ პროდუქტს შექმნი, რომელიც ბაზარზე არ არის. რთულია გასაკეთებლად, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ერთი გუნდი ვართ და კარგი გუნდი, გვიხარია, რომ ხალხს მოსწონს ჩვენი ნამუშევარი.

- სცენარს ვინ წერს?

- ერთად მოვიფიქრეთ. თავიდან კინოსცენარი იყო.

- იქნებ კონკრეტულად გვითხრა, სცენარისტები ვინ არიან?

- ივა ფეზუაშვილი, ალექსი ჩიღვინაძე და სანდრო ნავერიანი. ამ ყველაფერს პარალელურად ვწერთ. უკვე ბოლოშიც გავედით, ფაქტობრივად, ბოლო სერიას ვიღებთ. პირველ სეზონს დავამთავრებთ და მეორეს დავიწყებთ.

ვეცადეთ. მსახიობების კარგი ჯგუფიც გვყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გვიჭირს ქართველებს, რადგან მსახიობებს კინოგამოცდილება თითქმის არ აქვთ, მაგრამ გაგვიმართლა.

- საბოლოოდ, ამ პროექტით რისი თქმა გინდათ?

- ბევრი რაღაცის თქმა შეიძლება: თუ მაყურებელი კარგად დააკვირდება, მოისმენს ტექსტებს და ღრმად ჩასწვდება, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია ნათქვამი. მაგალითად, ერთ ფრაზას მოვიტან: "ამ ქვეყანას ქართველებზე კარაგად ვერავინ დაიპყრობს". ამაში სერიოზული რაღაცები იგულისხმება. თუ ჩვენ თავთან, ქვეყანასთან, ხალხთან, ეთმანეთთან არ ვიქნებით ახლოს და ერთმანეთზე არ ვიზრუნებთ, როგორც ფილმის მთავარი 5 პერსონაჟი, ტყეში გავარდნილი აბრაგები იბრძვიან, არასდროს არაფერი გვეშველება. ეს სამწუხაროდ, ქართველებს გვაკლია და ახლა ამ ეტაპზე განსაკუთრებით გვესაჭიროება. წინსვლა ამის გარეშე არ გამოვა.

- ისე, სერიალში მამაკაცი პერსონაჟები ჭარბობენ...

- ამ ეტაპზე სიუჟეტური ხაზი ასე განვითარდა. მერე და მერე ქალბატონებიც შემოდიან და მეორე სეზონში პროექტი ცოტა სხვანაირი იქნება.

მთელ ჯგუფში განწყობა ოპტიმისტურია იმის გამო, რომ თვითონ ხალხის შეფასებამ დიდი სტიმული მისცა ყველას და რა თქმა უნდა, მეც. ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია, ცოტა ქართულად მივდივართ, - ვჩქარობთ, სხვანაირად არ გამოდის. არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთი პროექტები ერთი წლით ადრე ვაკეთოთ, როგორც ამ სფეროში სხვა ქვეყნებში ხდება.

- სერიალს ეტყობა, რომ მის გადასაღებად თანხა დაუნანებლად არის გაღებული. ეს გასაგებიც არის, მის უკან ივანიშვილები დგანან. თანხები ხომ დიდწილად განსაზღვრავს ხარისხს...

- თუ პროექტს კარგად დააკვირდებით, ეს არ არის ფულის ხარჯზე მიღწეული ვიზუალი. ეს შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა, თუმცა მადლობა ერთ-ერთ კერძო კომპანიას, რომელმაც დეკორაციის 50%-ის გაკეთება, ანუ შენობები საკუთარ თავზე აიღო. აბსოლუტურად უსასყიდლოდ, სურვილი გამოთქვა ამ სფეროს დახმარებოდა. იქნებ მას სხვა კომპანიებმაც მიჰბაძონ.

- პროექტის მთავრი პროდიუსერი არის ბერა. რამდენად ერევა შემოქმედებით პროცესში და რა როლი აქვს მას ამ შემთხვევაში?

- არხის გახსნის დღიდან აქტიურად იყო ჩართული ტელევიზიის საქმიანობაში და ეს გასაგებია, რადგანაც ტელევიზია მისია. თავიდანვე ერთი მარტივი პრინციპი გვქონდა, ამა თუ იმ პროექტში არ იდებოდა ფინანსები, სანამ არ დავდებდით საპილოტე ვარიანტს. როდესაც ამ სერიალზე ვმსჯელობდით, იმ მიმართულებით წავედით, რომ გვემუშავა ისეთ მასალაზე, ბაზარზე რისი ნაკლებობაც არის და საერთოდ, ნებისმიერ პროექტში ამ მიმართულებით მივდივართ.

- ამდენ საქმეს აკეთებ და როგორც მითხარი, საშუალო განათლების მეტი არ გაქვს. ეს სერიოზული ამბავია...

- ჰო (სიცილით ამბობს). 16 წლისა რაღაც ორთვიან საოპერატორო კურსებზე მივედი, სადაც დაფაზე დახატული კამერის მეტი ვერაფერი ვნახე. იქიდან რომ წამოვედი, "რუსთავი 2"-ში მოვხვდი, სადაც ოპერატორობა ვისწავლე. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავს დღემდე ოპერატორს ვუწოდებ... 6 წლის წინ კი ზომიერი ამბიცია გამიჩნდა, თავი რეჟისურაში მომესინჯა. მანამდე თომა ჩაგელიშვილთან დოკუმენტურ ფილმებზე ვმუშაობდი, მერე "შუა ქალაქის" დამდგმელი ოპერატორი ვიყავი.

- სერიოზული ეტაპები გაგივლია.

- კი, კარიერაში საინტერესო სვლა მქონდა, სხვადასხვა სტილის გადაცემაზე, დოკუმენტურ ფილმსა თუ სერილაზე ვიმუშავე. ამ ყველაფერში კი ერთი ასეთი ნაბიჯიც იყო, როცა ქართველებმა მაგინეს, როგორ შეეხე "ვეფხისტყაოსანსო". სასაცილო ხალხი ვართ ქართველები... არადა, მე და ჩემმა მეგობარმა ვცადეთ, როგორ გამოგვივიდოდა კადრში ზღაპრული გარემოს გაკეთება. თვითონ, საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ პავილიონი, გადავიღეთ სცენა და ის ნამუშევარი წელიწად-ნახევრის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ავტვირთეთ და გვაგინეს...

- "GDS"-ზე როგორ მოხვდი?

- სარეკლამო სფეროშიც ვსაქმიანობდი და იმის მერე გამოჩნდა "GDS", სადაც აღმასრულებელ დირექტორად მივედი. საქმე რაღაც ეტაპამდე მივიყვანე, ანუ გავაკეთე, რაც შევძელი ჩემი ცოდნით, რესურსით და მერე დავუბრუნდი პროფესიას, ანუ იმას, რაც მიყვარს. ახლა არხის არტდირექტორი და მთავარი რეჟისორი ვარ. მოკლედ, რასაც ვასწრებ, მაქსიმალურად ვიღებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

თემურ წიკლაური 2 კვირაზე მეტია კოვიდინფექციას ებრძვის, მომღერლის მდგომარეობა მძიმეა -  "ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა - თემური მალე უნდა გამოჯანმრთელდეს"

"როგორი კარგი ნახტომიც არ უნდა გქონდეს წარსულში, ძნელია ასეთ დისტანციაზე მართო ორი თეატრი" - დათო ტურაშვილი ნინო ანანიაშვილზე

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?