"ტყუილი არაფერი ყოფილა, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე" - ''ნიჭიერი'' ამალია ალაპარაკდა

"ტყუილი არაფერი ყოფილა, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე" - ''ნიჭიერი'' ამალია ალაპარაკდა

მას მერე, რაც ამალია ჯიბლაძე ''ნიჭიერის''სცენაზე გამოჩნდა, მისი სახელითა და გვარით, ფოტოებით აჭრელდა სოციალური ქსელები. ''რუსთავი 2''-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც ამალია ღარიბი და მოუვლელი ჩანდა, მაყურებლის კრიტიკა მოჰყვა. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ბაფთებით მოვაჭრე ქალბატონი სცენაზე მიკროფონით საკმაოდ კარგ ფორმაში დგას. ამბობდნენ იმასაც, რომ ამალიამ შესარჩევ ტურზე ფონოგრამით იმღერა.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე დღე ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა მონაწილეობა ''ნიჭიერში''. ამ განცდებზე, განვლილ ცხოვრებაზე, გაჭირვებაზე, პირად ამბებზე ამალია თავად გიამბობთ.

- ამდენი ნეგატივი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, ბევრი ვინერვიულე, ბავშვივით ვტიროდი. 10 წელია, სცენაზე არ ვმდგარვარ, ჩემთვის სახლში ვმღეროდი. მომეცა საშუალება და ხალხისგან იმხელა ბოღმა წამოვიდა, დავითრგუნე, ვიფიქრე, ეს ყველაფერი ნერვიულობად არ მიღირდა და ისევ სახლში ღიღინი მერჩივნა. თავის მართლების პოზიციაში ყოფნა არ მიყვარს. რა უნდა ვამტკიცო, რომ სიმღერა შემიძლია? ასე მეგონა, მარტო ვიყავი და მთელი სამყარო მებრძოდა. რამდენიმე დღე არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ისევ ''რუსთავი 2''დამიდგა გვერდით, მარინა ბერიძე გამომეხმაურა, ორკესტრთან ვიმღერე. მათ გადამაწყვეტინეს ''ნიჭიერში''მონაწილეობის გაგრძელება. კრიტიკა, ერთი მხრივ, ცუდია, ძალიან იმოქმედა ჩემს ნერვულ სისტემაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იყო პიარი. რომ არა ეს აჟიოტაჟი, ნახევარი საქართველო ვერ გაიგებდა, ვინ არის ამალია ჯიბლაძე.

- როგორ გგონია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც შენი წარსული ამოქექეს?

- არ ვიცი, ალბათ, ჩემი შეშურდათ, შური ხომ არსებობს. ვიღაცას ეგონა, რომ ამ ტელევიზიამ ჩემი სახით შოუ დადგა, მაყურებელს საწყალი ამალია დაანახვა და სინამდვილეში სულ სხვანაირი ვარ. ტყუილი არაფერი ყოფილა, უბრალოდ, მე ჩემი სინამდვილე ვითამაშე, ეს იყო და ეს. გამოვედი იმიტომ, რომ ეს არის ჩემი შინაგანი სამყარო. არც ის არის ტყუილი, რომ მე ოდესღაც ვმღეროდი, არც ის, რომ მეუღლე დამეღუპა და არც ის, რომ ბაფთებს ვაკეთებ და ვაბარებ ბაზრობაზე. დღესაც შემიძლია, გაჩვენოთ ქალბატონი, რომელიც ბაფთების გაყიდვაში მეხმარება.

- მოგვიყევით თქვენი წარსული, თქვენი სინამდვილე.

- ორი რამ არსებობს ჩემთვის, მუსიკა და ბავშვი, არასდროს რომ არ გიღალატებს. ამაში განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა. ცუდად ვიყავი თუ კარგად, სულ ვმღეროდი. მამაჩემის დამსახურებაა, გიტარის დაკვრა რომ ვისწავლე. მან ამიყვანა პედაგოგი. თავიდან ორი აკორდი ვიცოდი და ორ აკორდზე ვაწყობდი სიმღერებს. მამა მოცეკვავე გახლდათ, მამაჩემის მამა, ნიკოლოზ ჯიბლაძე, ცნობილი მსახიობი ყოფილა, მუნჯი კინოს მსახიობი. ნათესაობაში მომღერალი არავინ გვყოლია. ჩემი ნათესავები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სიმღერის ნიჭი საიდან აქვს ამალიასო. სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტს დავინახავდი, ვეცემოდი და ვცდილობდი დამეკრა. ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს. ყველაფერი მაინტერესებდა, რაც ხელოვნებას უკავშირდებოდა, ხატვა, აკრობატიკა, ხელბურთი, ცეკვა. ჩემი მშობლები ხელს ვერ მიწყობდნენ, რომ ჩემი ინტერესები განმევითარებინა, ცოდნა მიმეღო. თვითონ ვპოულობდი უფასო წრეებს და ჩუმად დავდიოდი ყველაფერზე, რასაც ვასწრებდი. მეზობლები ეუბნებოდნენ ჩემს მშობლებს, მიხედეთ ამ ბავშვს, ცოდოაო.

- ბევრი დედმამიშვილი ხართ?

- მამას პირველი ცოლისგან ორი შვილი ჰყავს, დედას პირველი ქმრისგან - ქალიშვილი. ჩემი მშობლების საერთო შვილი მე ვარ. მამა დაკავებული იყო, დედაც ფაბრიკაში მუშაობდა. არ გვქონდა შეძლებული ოჯახი, ხშირად ვაშლიც კი მენატრებოდა. ტელევიზორი გვქონდა, იქ ვუსმენდი მუსიკას, ჩემს დას მაგნიტოფონი ჰქონდა და სანამ გათხოვდებოდა, მათხოვებდა ხოლმე.

- რა ინსტრუმენტზე უკრავთ?

- გიტარაზე, ფორტეპიანოზე ჩემებურად. ვიოლინოზეც შემიძლია, ადრე ვსინჯე და გამომივიდა. კომპიუტერი მეხმარება ხოლმე... მამა რომ გარდაიცვალა, 15 წლის ვიყავი. ერთი გოგონა გავიცანი, რომელიც ლილოში ცხოვრობდა. ზოგჯერ გლდანში ჩამოდიოდა, სადაც მე გავიზარდე. ლილოში დადიოდა ინსტრუმენტულ ანსამბლში. ამ ანსამბლმა ძალიან დამაინტერესა და ერთხელ გავყევი. ამიყვანეს. პირველი ჩემი დაწერილი სიმღერა იქ შევასრულე. პატრიოტული სიმღერა იყო, ვმღეროდი, როგორ ვშორდებოდი ჩემს ქვეყანას, თითქოს უკვე ვიცოდი, რომ ამ ქვეყნიდან წავიდოდი. ეს იყო ჩემი პირველი სცენა. მამაჩემი რომ დაიღუპა, დედაჩემი თითქმის არსად მიშვებდა. ლილოშიც ჩუმად დავდიოდი, ვიპარებოდი. ხშირად ბოთლებს ვაბარებდი, გზის ფული რომ მქონოდა. ამ თემაზე ხშირად ვკამათობდით მე და დედა. მას ჩემი კი არა, ჭორიკანა მეზობლების სჯეროდა, იმათი, ვინც ეუბნებოდა, სად დადის შენი შვილი, მამა არ ჰყავს, მეტი ყურადღება სჭირდება, სხვანაირად შეხედავენო... ამის გარდა, მამის გარდაცვალების შემდეგ იყო დავა ბინაზე. ჩემი და-ძმა წილს ითხოვდა. მაშინ პატარა ვიყავი, ასე მიიჩნევდნენ ისინი და ჩემი თანდასწრებით არც არჩევდნენ ამ საკითხს, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რისთვის დაიარებოდნენ ჩვენთან. მაშინ ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მეტყოდა, არ წახვიდე ამ სახლიდან, თორემ წაგართმევენო, არ წავიდოდი.

- წაგართვეს?

- ასე გამოვიდა. დედამ და ჩემმა დამ გაყიდეს სახლი, მერე სხვა იყიდეს, მერე ისიც გაყიდეს და წილიც არ მომცეს. ბოლოს თავადაც დაკარგეს ყველაფერი. ახლა დედა კახეთში ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება