რატომ აღმოჩნდა დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფი მსახიობებთან ერთად ძალადობას დაუპირისპირდა

რატომ აღმოჩნდა დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში ირაკლი გედენიძე - ფოტოგრაფი მსახიობებთან ერთად ძალადობას დაუპირისპირდა

მოზარდმაყურებელთა თეატრი ჩაერთო პროექტში - "არა ძალადობას", ამით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ძალადობა სერიოზული პრობლემაა, თეატრმა თემატური გამოფენა მოაწყო.

"პროექტში 26 სხვადასხვა თაობის მსახიობი, მათ შორის, ჩვენი პატარა (ბავშვი) არტისტებიც - ლუკა ქაჩიბაია და კესო მაისაშვილი მონაწილეობდნენ. ფოტომასალა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო. პროექტის რეჟისორი გოგა ქაჩიბაიაა - ფოტოსესიისთვის სპეციალური სცენები დაიდგა," - ამბობს მოზარდმაყურებელთა თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი.

გადაღებები ერთი კვირის განმავლობაში აღმაშენებლის გამზირზე არსებულ დანგრეულ შენობა-ნაგებობებში მიმდინარეობდა, ასევე აღნიშნული თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში.

ირაკლი გედენიძე:

- პროექტის განხორცილებას ხელი იმან შეუწყო, რომ კარგი შემოქმედებითი ჯგუფი შეიკრა, პროფესიონალები, და მართლაც გულიანად ვიმუშავეთ. ეს ყველაფერი სხვანაირად არ გამოვიდოდა. მხოლოდ რეჟისორი და ფოტოგრაფი ვერაფერს გახდებოდნენ.

- ფოტოები შავ-თეთრია. პირველი შეხება იყო შავ-თეთრ ფოტოსთან?

- საერთოდ, ფერად ფოტოგრაფიაში ვმუშაობ, რადგანაც ფოტორეპორტიორი ვარ, თუმცა 90-იან წლებში შავ-თეთრ ფოტოზე მიმუშავია, ამის სერიოზული გამოცდილება მაქვს. ამ ახალ ფოტოებში თუ შენიშნეთ, ყველა ფირის ეფექტით არის გაკეთებული...

ჩემთვის ძალადობის თემაზე მუშაობა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. ერთი, რომ აქტუალურია და საზოგადოებისთვის სერიოზული პრობლემაა და მთავარი, - საკუთარ თავზეც მწვავედ მაქვს გამოცდილი. ჩემი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე ბევრჯერ დამდგარა ეს საკითხი, აქედან ორჯერ, ხომ ვამბობ, საკმაოდ მწვავედ.

- ერთი ყველამ ვიცით, - "ფოტოგრაფების საქმით" არის ცნობილი და გახმაურებულია, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ დაგაკავათ. მეორე?

- პირველი დაკავება 1991 წელს იყო, იმ რთულსა და მძიმე პერიოდში. მაშინ "საქინფორმში" ვმუშაობდი. მოკლედ, ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ამიტომაც დავთანხმდი და ეს ფოტოები გადავიღე.

- რომლებიც მნახველზე სერიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს...

- კი, აქ არის კადრი, სარდაფში გადავიღეთ - ხელბორკილდადებული მამაკაცია ნაჩვენები... იქვეა ფოტო,  ზის ადამიანი, რომელსაც მაგიდაზე ფეხები აქვს შემოწყობილი, ხელში საქაღალდე უჭირავს, რომელსაც აწერია - "დელა N" განსასჯელი განაჩენს ელოდება...

არის კიდევ ასეთი კადრი, - ნახევრად გარემონტებული შენობა და ნახევრად დანგრეული, საიდანაც ხალხი თავიანთ სახლებში შეკეტილები, ფანჯრებიდან იყურებიან, არადა, ერთად უნდა დავდგეთ და მხოლოდ ჩვენი სარკმელებიდან გულგრილად არ უნდა შევხედოთ ამ საშინელ ფაქტებს. ხმა უნდა ავიმაღლოთ, არ უნდა მივჩქმალოთ არც საკუთარი და არც სხვისი ძალადობის ფაქტები.

- მოძალადეების რიცხვი მართლაც გაზრდილია. ძალადობა ოჯახში, ძალადობა ადამიანებზე, სამართლებრივ სტუქტურებში...

- ძალადობის ფაქტები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მთავრობაც სწორედ ამიტომ შეიცვალა, რომ ხალხმა ციხეში ძალადობის ფაქტები გააპროტესტა. ბევრი გამწარებული ადამიანი აღმოჩნდა, - ორ ოჯახზე ლამის ერთი პრობაციონერი მოდიოდა. ისე გამოდიოდა, თითქოს მთელი საქართველო კრიმინალი იყო. მათ შორის ზოგი უდანაშაულო გახლდათ. ფაქტია, რომ ეს ძალადობამ გამოიწვია...

ნინო გიორგობიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

- შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ ფართომასშტაბიანი აქცია - "არა ძალადობას" დაიწყო. ამ აქციის მთავარი გზავნილი ის არის, რომ მოძალადემ იცოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება და ასევე მსხვერპლიც უნდა იყოს ინფორმირებული, სად დარეკოს, რომ დაიცვან. ამ კამპანიაში რაც უფრო მეტი გავერთიანდებით, უფრო ადვილად შევძლებთ ამ საკმაოდ რთული პრობლემის დამარცხებას. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ამას მთელი მსოფლიო განიცდის. ვფიქრობთ, რომ ჩვენი აქტიურობა გარკვეულ შედეგს მოგვცემს. საქართველოს მასშტაბით, იქ, სადაც ტელევიზია და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის, ბუკლეტებს ვარიგებთ, მასში მითითებულია, თუ როგორ ისჯება მოძალადე კანონით და სად უნდა დარეკოს მსხვერპლმა. ინტენსიური შეხვედრები იმართება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. დიდი დაინტერესებაა უნივერსიტეტებიდან, შეკითხვები აქვთ ახალგაზრდებს. ასევე მიმდინარეობს პატრულის გადამზადება, რომ იცოდნენ, გამოძახებაზე როგორ მოახდინონ სწორი რეაგირება.

მოკლედ, ამ აქციაში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია და ასევე ისიც, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, ირაკლი გედენიძემ ასეთი გამოფენა შემოგვთავაზა, - ეს კიდევ დადასტურებაა იმისა, საზოგადოება როგორი სერიოზულობით უყურებს ამ პრობლემას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება