ღარიბაშვილი შსს-ს, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირებას აპირებს

ღარიბაშვილი შსს-ს, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირებას აპირებს

დაგეგმილი გვაქვს ძირეული რეფორმები ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საამისოდ მყარი საფუძვლის მომზადება იყო საჭირო, რაზეც დროის გარკვეული ნაწილი დაიხარჯა.

"ამას თან ერთვოდა რთული პოლიტიკური ვითარებაც. ამჟამად მდგომარეობა დასტაბილურდა და უკვე იგეგმება მთელი რიგი რეფორმების ახალი ეტაპის დაწყება. ვაპირებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების რეფორმირებას. ამ რეფორმების გატარებით ჩვენ მივიღებთ სისტემურ ცვლილებებს, რაც ძალზედ საჭიროა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის. გახსოვთ, რომ ჩვენი გუნდი სწორედ სისტემურ ცვლილებებს შეპირდა ხალხს და ეს რეფორმა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ დაპირებებს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაიქმნება და ჩამოყალიბდება სამოქალაქო სამსახურად, მას გამოეყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ, რეფორმა უნდა განხორციელდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. რეფორმაზე იმუშავებს ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან პარლამენტი, მთავრობა და არასამთავრობო სექტორი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა პროკურატურის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი.

"ამასთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ პროკურატურის რეფორმირება. უნდა დაიწყოს მისი ორგანოების ინსტიტუციონალურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში. ამ საბჭოს შემადგენლობა უკვე დამტკიცებულია. მასში შედიან ყველა ძალოვანი სამინისტრო და სტრუქტურა, თავად პროკურატურა, სამინისტროები, აგრეთვე მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამა, სხვა საერთაშორისო ორგანიზციები და არასამთავრობო სექტორი.

ჩვენთვის ამ რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს პროკურატურის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბება, მისი გაძლიერება წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს. რაც მთავარია ამ რეფორმით უნდა უზრუნველვყოთ, რომ პროკურატურა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას.

ამ საკითხს მე ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზეც შევეხე ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინ. რომელ მოდელს ავირჩევთ, ამას გვაჩვენებს მუშაობის პროცესი. ამიტომ დღეს მოვლენებს არ გავუსწრებ და კონკრეტულ მოდელებზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ