საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა

საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვები უმეტეს რეგიონებში მოიხსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ცენტრალურ მაგისტრალებზე შეუფერხებლადაა შესაძლებელი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, ნინოწმინდაში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში.

გარკვეული შეზღუდვები ნარჩუნდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგენილია, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის კი მოძრაობა აკრძალულია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაური (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან კობის მიმართულებით დამატებით 3 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღო. ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების რისკი მინიმუმამდეა დასული.

შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე. კერძოდ, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ30-კმ173 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ90 მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო კმ91-კმ173 მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზერ თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია