მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დადასტურდა

 მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დადასტურდა

ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში დღეს თეირანის ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულმა უწყებამ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუინთან მოჰამადამინი თეირანის ინტერპოლის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში მას შემდეგ იყო შეყვანილი, რაც მის მიერ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის გამო ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა.

თეირანის ინტერპოლიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ირანის სასაზღვრო ჩანაწერებში რუინთან მოჰამადამინის შესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. წერილში საუბარია, რომ ბრალდებული შესაძლოა ირანში უკანონოდ შესულიყო, ამიტომ რუინთან მოჰამადამინის საქმე, დაბადების ადგილის მიხედვით, ქალაქ გამიშანის ადგილობრივ პოლიციას გადაეცა, რათა მისი იდენტიფიკაციის მიზნით ფარული ღონისძიებები განეხორციელებინათ. ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუინთან მოჰამადამინმა კიდევ ერთი, მცირეწლოვანი ბიჭის მკვლელობა ჩაიდინა. ირანელმა სამართალდამცველებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. რუინთან მოჰამადამინი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში რუინთან მოჰამადამინზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 24 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რუინთან მოჰამადამინი მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ