"სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი ვარიანში

"სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი ვარიანში

30 იანვარს საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია ვარიანში მცხოვრები სასულიერო პირის, მამა გრიგოლის (გოჩა გოგიჩაძის) საკითხის შესწავლას შეუდგა. ქორეპისკოპოსები - ბოდბელი მეუფე იაკობი და სამცხე-ჯავახეთის მიტროპოლიტი თეოდორე ვარიანში ადგილობრივ მცხოვრებლებს იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში შეხვდნენ. ვარიანში ჩასვლამდე ქორეპისკოპოსები გორში გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას და, შემდეგ, მრევლს შეხვდნენ. უმაღლესი რანგის სასულიერო პირებმა, მამა გრიგოლთან დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრები იმ დღესვე დაასრულეს.

"ამის შემდეგ კომისიის წევრები მეორე მხარეს, მამა გრიგოლს და მის მომხრეებს შეხვდებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრიარქო მიიღებს. თუ ხალხი იქნება დასასჯელი, ხალხი დაისჯება, თუ მამა გრიგოლია დასასჯელი, მამა გრიგოლი დაისჯება. აქამდე ჩვენს სოფელს იცნობდნენ, როგორც იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელს, ახლა იცნობენ ისე, თითქოს აქ სასულიერო პირს დევნიან. ეს ასე არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ამბავი", - განაცხადა გორის საკრებულოს წევრმა ზვიად დავითიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის მონაწილე ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამა გრიგოლი სოფლიდან უნდა წავიდეს, რადგან სასულიერო პირისთვის შეუფერებლად იქცევა.

"მთავარია ჯვარი მოხსნან და კაბა გახადონ, მერე ჩვენ მოვუვლით. იმათაც ზედ მივაყოლებთ, აქაურებს, ვინც მაგას გვერდით დაუდგება. მერე ვნახოთ, აქ როგორ გამოივლის?! გვეუბნებიან, თქვენ არა გაქვთ სასულიერო პირის განდევნის უფლებაო, აბა, როდემდე უნდა ვითმინოთ მისი საქციელი?!" - ამბობენ მოძღვართან დაპირისპირებული ადგილობრივები.

სოფლის ერთი ნაწილი კი სასულიერო პირთან დაპირისპირებაში არ ერევა.

"ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით, მამა გრიგოლს ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. მანდ სხვა რაღაცეები ხდება. აბა გადახედეთ, ირგვლივ რა მანქანები დგას და ვისი? სოფლის თავკაცები ეგენი არიან, ყოფილი თავმჯდომარეები, კოლმეურნეობის ხელმძღვანელები და უფროსები", - ამბობს ვარიანელების მეორე ნაწილი.

შეგახსენებთ, მამა გრიგოლი საკუთარი სახლის და ფერმის დაწვის, მანქანის დამტვრევის გამო პასუხისმგებლობას გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას აკისრებს. გორის ეპარქია კი აცხადებს, რომ მამა გრიგოლს დაპირისპირება ადგილობრივებთან აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზემოთჩამოთვლილ დანაშაულს მამა გრიგოლი თავადვე ჩაიდენდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა