გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და გურამ დონაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება 2004 წელს, წერეთელზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების განხილვას მოჰყვა.

გადაცემის დასრულების შემდეგ, "პირველ რადიოს" გურამ დონაძის დამ განუცხადა, რომ დონაძის მშობლები, მარინა და როსტომ დონაძეები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ. მიზეზად თოქშოუ "არჩევანში" სოსო რობაქიძის მიერ დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმცია და მუქარა დასახელდა. გურამ დონაძის ოჯახი პროკურატურის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. ასევე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, ისაუბრა მის პირად ცხოვრებაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჯაროდ მოხსენიებისას, რაც საზოგადოების განსახილველი საკითხი არ უნდა იყოს. ჩვენ ხვალ შევიტანთ სარჩელს პროკურატურაში და დავაყენებთ სოსო რობაქიძის პასუხისმგებლობის საკითხს,"- აცხადებენ გურამ დონაძის ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გადაცემაში გურამ დონაძემ განაცხადა, რომ რობაქიძის საქმეში ბრალდებულ პირებს რობაქიძის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვით და ბოლო პერიოდში საქმით პოლიტიკური სპეკულირება მიმდინარეობს, რაზეც სოსო რობაქიძემ უპასუხა, რომ პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ყველა ბიჭის დახოცვა უნდოდათ. "ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ", - განაცხადა რობაქიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა