"ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ახლა წამოვდექი" - რამ გამოიყვანა ხათუნა ჟორდანია დეპრესიიდან

"ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი და ახლა წამოვდექი" - რამ გამოიყვანა ხათუნა ჟორდანია დეპრესიიდან

ხათუნა ჟორდანია პროექტმა "ორი ვარსკვლავი" გამოაცოცხლა, მძიმე განწყობიდან გამოიყვანა. ჟორდანია ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ შეთავაზებაზე მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც ქმარ-შვილისგან, ზურა ხაჩიძისა და ნინი ქარსელაძისგან მხარდაჭერა მიიღო.

"სარკე": ხათუნა, რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში, სანამ "ორი ვარსკვლავიდან" შეთავაზებას მიიღებდით?

ხათუნა ჟორდანია: ბოლო პერიოდში "წოლითი რეჟიმი" მქონდა. როდესაც "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას დავთანხმდი, სტიმული მომეცა. მგონია, რომ ის ენერგია დამიბრუნდა, რომელსაც დიდი ხანი ვერ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერს ხალისით ვაკეთებ. რაც მთავარია, დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს და არ ვიღლები. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

"სარკე":ცუდ განწყობაზე ხშირად ხართ?

ხათუნა ჟორდანია: ეჭვი მაქვს, რომ დეპრესიისადმი ვარ მიდრეკილი. ადრეც მქონდა დეპრესიის შემთხვევები, მაგრამ ეს, ყველაზე დიდხანს, ერთ კვირას თუ გრძელდება. მერე შემოვუძახებ ჩემს თავს და ფეხზე ვდგები. მგონია, რომ ეს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და, როგორც კი მოვინდომებთ, რომ დეპრესიიდან გამოვიდეთ, აუცილებლად ვშველით თავს.

"სარკე": რითი გამოიხატება თქვენი დეპრესიულობა?

ხათუნა ჟორდანია: სახლში ვიკეტები და საწოლიდან საერთოდ არ ვდგები.

"სარკე": ასე ცუდად რა მოქმედებს თქვენზე, რამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ?

ხათუნა ჟორდანია: ბევრმა რამემ. პირველ რიგში, ქართული ტელევიზია, რომელიც ჩემზე დიდ გავლენას ახდენს და მაფორიაქებს. ხალხის სოციალური მდგომარეობა და ამდენი გაჭირვებაც მოქმედებს ჩემზე. ოჯახში თითოეულ წევრთან არის ხოლმე პატარ-პატარა პრობლემები. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ლოგინად მაგდებს.

"სარკე": თქვენი და ზურა ხაჩიძის ქორწინება 10 წლის ხდება. გაიარეთ ეტაპები და საბოლოოდ მტკიცედ შეკავშირდით თუ ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესში ხართ?

ხათუნა ჟორდანია: ჩვენს ცოლქმრობას ყველანაირი პერიოდი ჰქონდა. იყო კრიზისი, ზოგჯერ ვფიქრობდით, რომ ჯობდა, ერთმანეთს დავშორებოდით. ბევრჯერ გვიჩხუბია. რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც მახსოვს. საბოლოო ჯამში, ისევ ერთად ვართ და ვთვლი, რომ ნორმალური ოჯახი მაქვს.

"სარკე": ცოლქმრულ ურთიერთობაში ქალმა უფრო მეტი უნდა დათმოს თუ კაცმა?

ხათუნა ჟორდანია: რაღაცნაირად თავისთავად ხდება, რომ მე უფრო ხშირად ვთმობ. ბევრჯერ ზურასაც დაუთმია. ქმარს როცა ვებუტები, როგორი დამნაშავეც უნდა ვიყო, მაინც ზურა დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ. ვთვლი, რომ ეს კაცს არ ამცირებს. ეს არამხოლოდ ზურასთან ხდება, ნინისგანაც განებივრებული ვარ, პირველები ყოველთვის ისინი დგამენ შერიგების ნაბიჯს, რაც ძალიან მსიამოვნებს.

გურული ქალი ვარ, უცებ ვბრაზდები და მალევე გამდის წყენა, ერთი თბილი სიტყვა მინდა და "დაბმული" ვარ.

ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუს არასრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება