"საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ განვიხილავ" - "მოულოდნელი კითხვები" სოფია სებისკვერაძეს

"საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ განვიხილავ" - "მოულოდნელი კითხვები" სოფია სებისკვერაძეს

საზოგადოება ხომ ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და სახელსაც არქმევს ხოლმე. ჰოდა, მსახიობ სოფია სებისკვერაძესაც თავისუფალი და თამამი ქალბატონების ნუსხაში განიხილავენ. ზოგი მას სექსსიმბოლოდაც მიიჩნევს. მოკლედ, თავად რას ფიქრობს ამ საკითხებზე, ბლიც-სერიაში - "მოულოდნელი კითხვები" გაირკვევა. მას გუშინ საღამოს შევეხმიანე.

- სად ხარ?

- თეატრში შევდივარ, ცოტა ხანში სპექტაკლი მაქვს.

- როგორ ხასიათზე ხარ?

- ცოტა დაღლილ, დილით რეპეტიცია მქონდა... მაგრამ ნორმალურ ხასიათზე ვარ.

- რა სპექტაკლი უნდა ითამაშო?

- ჩაპეკის "დედა". ერთ-ერთი შვილის როლი მაქვს, რომელიც რევოლუციონერია. სამწუხაროდ, იღუპება, კლავენ...

- ვინ არის შენი კერპი სცენაზე?

- ვინმეს გული რომ არ დაწყდეს, თეატრის მსახიობს არ დავასახელებ და კინომსახიობებიდან ვიტყვი - მერილ სტრიპი. ის არასდროს ძველდება და ყოველთვის ახალ ფერებს იყენებს და ამიტომ არის განუმეორებელი.

- თამამ ქალბატონად მიგიჩნევენ. რას იტყვი?

- შეიძლება თამამიც ვარ, მაგრამ თუ ჩემს შესრულებულ როლებს, ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, არც ისე თამამი ვარ. გააჩნია, ვინ როგორ საზღვრავს, - შეიძლება ვიღაცისთვის ვარ კიდეც, მაგრამ უზრდელი ნამდვილად არ ვარ. ზოგი თამამსა და უზრდელს აიგივებს. საერთოდ, მიყვარს რისკი, აქედან გამომდინარე, ალბათ ვარ კიდეც თამამი, რადგანაც რისკს არ გავურბივარ...

- თამამში რას გულისხმობ, - როგორ ხსნი ამას?

- ადამიანი კომპლექსებისგან რაც უფრო გათავისუფლებულია, უფრო თამამია. როდესაც სითამამე ორგანულია, ასეთ შემთხვევაში, ის გამაღიზიანებელი არ არის.

- შენი პერსონა სექსიმბოლოდ განიხილება. ეთანხმები ამას?

- ადვილი არ არის, იყო სექსიმბოლო... თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, ჩემთვის მისასალმებელია, ხომ ვამბობ, სექსიმბოლოობა ადვილი არ არის.

- სირთულე რაშია?

- თუ ხარ სასურველი ქალბატონი, სულ ფორმაში უნდა იყო და ასხივებდე სექსუალურ ენერგიას. თუ ასხივებ სექსუალურ ენერგიას და სხვებიც ამას აღნიშნავენ, ვფიქრობ, სასიამოვნოა, რატომაც არა. მე ასეთ სექსუალურ სიმბოლოდ საკუთარ თავს არ განვიხილავ.

- სჭირდება თუ არა სექსიმბოლოს ინტელექტი?

- უინტელექტო ადამიანი არ არის სექსუალური. რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მით მეტად სექსუალური ხარ. უინტელექტო ქალი და კაცი ვერასოდეს იქნება სექსუალური...

- ისეთ ვარსკვლავობაზე თუ გიფიქრია, რომ დაცვით დადიოდე?

- დაცვით სიარული, რამდენადაც ვიცი, დისკომფორტი და სტრესია, მაგრამ თუ მომიწევს ასეთი ცხოვრება, ალბათ დაცვას ავიყვან... ჯერჯერობით არ მჭირდება, ამ სიტუაციაში პრობლემებს თვითონაც გავუმკლავდები.

- კარატე იცი?

- არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვარ.

- ვარჯიშობ?

- როცა მცალია. სუსტი და ნაზი ნამდვილად არ ვარ. ფერ-ხორციანი ქალის გარეგნობა არ მაქვს, მაგრამ ძლიერი ნამდვილად ვარ.

- ახმეტელის თეტრში რეპერტუარში არის სპექტაკლი "ტრუსები", რომელშიც მონაწილეობ. პრემიერამდე არსებობდა მოლოდინი, რომ სკანდალური სპექტაკლი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რას ნიშნავს შენთვის ეს წარმოდგენა?

- რომ ვთქვა, სკანდალური პერსონაჟი ვარ-მეთქი, არა, რადგანაც ტრაგიკული და მძიმე თემაა. ბოლო ორ სცენაში ჩემი პერსონაჟი კი შიშვლდება, მაგრამ ეს გამაღიზიანებლად არ აღიქმება, რაც ძალიან მიხარია. ეს ალბათ, ჩემი დამსახურებაც არის და რეჟისორისაც, რომ არ იყო ვულგარული...

- მსახიობობა ყოველთვის ბეწვის ხიდია, როლებს ელოდები და შეიძლება ერთხელაც ძალიან თამამი როლიც გერგოს. თანახმა ხარ?

- მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პროფესიონალი რეჟისორი გადაიღებს. ხშირ შემთხვევაში, ცუდი რეჟისორი, ცუდი მონტაჟი და ცუდი სცენარი არის ხოლმე, რასაც არავინ ამბობს. ბოლოს დაზარალებული მსახიობი რჩება. მნიშვნელოვანია სცნარი, მონტაჟი და სწორი დრამატურგია, რა დანაკლისსაც ჩვენი ქართული კინემატოგრაფია განიცდის. თითზე ჩამოსათვლელი რეჟისორია, ვინც ამას კარგად აკეთებს. ხომ ვამბობ, უმეტესად ცუდი რეჟისორების კინოებში ქართველი მსახიობები ვიჩაგრებით.

- მოკლედ, დათანხმდები მხოლოდ პროფესიონალს და კარგი რეჟისორის შემთხვევაში შენთვის ინტიმური სცენები ეკრანსა თუ სცენაზეც დასაშვებია?

- კი და ასე ფიქრობს მგონი, ბევრი მსახიობი.

- უცხოეთში წასვლა და იქ კარიერის გაგრძელება ხომ არ გიფიქრია?

- კი და ჩემი შვილის გამო ვერ მივდივარ. რომ გაიზრდება, სკოლას რომ დაამთავრებს, ყველა ვარიანტში წავალთ...

- ევროპული გარეგნობა გაქვს და ვფიქრობ, რომ იქ როგორც მსახიობს, გაგიმართლებს. რას იტყვი?

- არ მინდა, ტრაბახში ჩამითვალოთ, მაგრამ რამდენი უცხოელი რეჟისორის ქასთინგზე ვყოფილვარ, როლზე ყოველთვის დავუკავებივარ. ისინი მეტად მწყალობენ, ვიდრე ქართველები. შეიძლება ძალიან ლამაზი არ ვარ, მაგრამ ჩემი გარეგნობით შეუძლიათ მიიღონ ბევრნაირი ტიპაჟი. ქართველ რეჟისორებს ერთი მინუსი აქვთ, ქასთინგზე როგორც დაგინახეს, იმ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიან, ან თუ რამე ითამაშე, სულ მსგავს როლებს გთავაზობენ. თეატრი იმიტომ მიყვარს, რომ ამ სივრცეში შემიძლია ვიყო ბავშვი, რევოლუციონერი, ჯადოქარი, პრინცესა, სცენაზე ბევრი ფერია... მსახიობისთვის დიდი სიამოვნებაა, როცა სხვადასხვა პერსონაჟად გარდაისახები.

- ცხოვრებაში რა აკრძალვები გაქვს?

- ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ხუშტურებით სხვისი ფსიქიკა არ დააზიანო, მაგრამ ჩვენ ეს კულტურა არ გვაქვს. არადა, უმეტესად სხვის ცხოვრებაში უხეშად ვერევით. ჯობია, თავისუფლად ვიცხოვროთ, უფრო საინტერესოებიც ვიქნებით...

- როგორ აფასებ დღევანდელ ქართველ მამაკაცს?

- რთულია მათი შეფასება, შეიძლება, ვიღაცას ეწყინოს, - ასეთი არ ვარო. ალბათ, ახალი თაობა, ვინც გაიზრდება და ახლა მოდის, ისინი გამოასწორებენ ამ ნაკლს.

ქართველი მამაკაცი ძირითადად ჩაგრავს ქალს, შეიძლება ხელით არ შეეხოს, მაგრამ მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იქონიოს. ხომ ვამბობ, მჯერა იმის, რომ მომავალ თაობაში ეს ყველაფერი გამოსწორდება და ქალი და მამაკაცი თავისუფალი იქნება.

- ზოგადად, თავისუფალი სტილს რას ეძახი?

- ეს ინდივიდუალურია. ზოგი თავისი სტილით პროტესტის ნიშნად, ამ ყველაფერს ტატუებით, პირსინგებით გადახოტრილი თავით, ან ვარდისფერი თმით გამოხატავს. ეს განსხვავებული ადამიანები ძალიან მომწონს, არ მაღიზიანებს. "იყავი ისეთი, როგორიც ხარ, ოღონდ, სხვა არ დააზიანო", - ეს არის ჩემი საყვარელი სლოგანი.

- ლექსიდან რაიმე სტრიქონიც გვითხარი.

- ლექსები არ მიყვარს, მაგრამ ახლა რაც მახსენება, მინიატურიდან ასეთი ფრაზა: "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება