ადვოკატი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გია სოსანაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს

ადვოკატი - არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც გია სოსანაშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს

გია სოსანაშვილის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იური ვაზაგაშვილი არ მოუკლავს. ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სადაც ის სოსანაშვილს შეხვდა.

ადვოკატის ინფორმაციით, სოსანაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. "მის მიერ აღნიშნული დანაშაული არ არის ჩადენილი. ეს არის ყველაფერი თითიდან გამოწოვილი. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. როდესაც განხორციელებული იყო ზარები, რა დროს სად იმყოფებოდა ამის მოწმეები არსებობენ", - აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება დნმ-ის ანალიზს, ჯოგლიძის განცხადებით, ხელყუმბარაზე აფეთქების შედეგად იმხელა სიმხურვალე წარმოიქმნებოდა, რომ დნმ-ის ანალიზის კვალის აღმოჩენა შეუძლებელი გახდებოდა.

კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა გია სოსანაშვილს ირაკლი ფირცხალავასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ "ერთმანეთს იცნობნენ უბრალოდ".

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. "საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც იგი სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. "ფალიის სახელური", რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი.

გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე, რომელთა მიმართ საქართველოს შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს. ამდენად, უტყუარად შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ საფლავზე დამონტაჟებული ხელყუმბარის აფეთქების შედეგად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ