"მეუღლესთან ურთიერთობაში პრობლემები მაქვს" - სრულიად განსხვავებული ილო ბეროშვილი პირადსა და ჩერქეზულ ფესვებზე

"მეუღლესთან ურთიერთობაში პრობლემები მაქვს" - სრულიად განსხვავებული ილო ბეროშვილი პირადსა და ჩერქეზულ ფესვებზე

კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს, - ასე გაიცნო თავიდან ილო ბეროშვილი საზოგადოებამ. იმის გამო, რომ "ჯეოსელთან" კონტრაქტი ჰქონდა დადებული, ვინაობის გამხელა აკრძალული ჰქონდა და პირად ინტერვიუებსაც არ იძლეოდა. ამ აკრძალვებისგან დღეს უკვე თავისუფალია...

ფაქტია, რომ ნიჭიერი კაცია, თავი იუმორის კუთხით გაგვაცნო, მაგრამ პროფესიით ფილოლოგია, სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების განხრით აქვს დამთავრებული. ასევე სწავლობდა კავკასიურ უნივერსიტეტშიც. არც ისე მწირი სამუშაო გამოცდილებაც აქვს, ოღონდ, ის საქმე, რასაც ახლა აკეთებს, არასდროს გაუკეთებია...

- ბევრ ადგილას ვმუშაობდი, ბოლოს კავკასიურ სახლში არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელსაც ჰოლანდიური ფონდი "ჰორიზონტი" აფინანსებდა, სადაც კოორდინატორი ვიყავი. მერე სხვა რეჟიმსა და გრაფიკზე გადავედი და იქაურობას თავი დავანებე... ისე კი, წარსულში ფეხბურთელი გახლდით.

- ფეხბურთელი და ფილოლოგი მგონი, არ ეთავსება ერთმანეთს...

- კი, მაგრამ ჩემთან ასე მოხდა... 23 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი. ორჯერ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი. ფეხბურთზე 14 წლისა შევედი. ვთამაშობდი პროფესიონალურ დონეზე. "ვით ჯორჯია" იყო ასეთი კლუბი. საერთაშორისო ასპარეზზეც გვითამაშია და იტალიელი მწვრთნელი გვყავდა, კარგი პერიოდი იყო. ხომ ვამბობ, პროფესიონალურ დონეზე საქართველოშიც გავხდით ჩემპიონები...

- და რატომ მიატოვე ფეხბურთი?

- ტრავმის გამო... პაუზამ კი ის გამოიწვია, რომ იმ პერიოდში სხვა ინტერესებიც გამიჩნდა. სხვა მიმართულებით წავედი და საკუთარ თავში სხვა უნარები აღმოვაჩინე.

- გვარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კახელი უნდა იყო.

- კი, ჩემი წარმოშობა ყვარლის რაიონის ახალსოფლიდან არის. ძალიან მიყვარს იქაურობა და მესამე-მეოთხე კლასში იქ ვსწავლობდი კიდეც. ამასთან, ნახევრად ჩერქეზი ვარ და ცოტა ხანს სკოლაში ჩერქეზეთშიც დავდიოდი, მაშინ აქ სამოქალაქო ომი იყო.

- კერძოდ, სად?

- ადიღეს რესპუბლიკაში, მაიკოპში ორი წელი ვიარე. ჩერქეზულ ენასაც სრულად ვფლობ, ანუ ისე, როგორც საჭიროა.

- ალბათ უნივერსიტეტში კავკასიური ენების განხრითაც ამიტომ სწავლობდი, არა?

- კი, მაინეტერსებდა ამ ენის ლინგვისტური კუთხე და ასევე კავკასიური ენებით ვიყავი გატაცებული.

- დედა იქაურია?

- კი. 17 წლის იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და არნოლდ ჩიქობავასა და გიორგი როგავას სტუდენტი გახდა. მამაც აქ გაიცნო და დაქორწინდნენ. დედაჩემიც სრულად ფლობს ქართულ ენას.

- გამოირჩეული დეკლამატორი ხარ, - განუწყვეტელ რეჟიმში ლაპარაკობ და მსმენელზე შთაბეჭდილებას ახდენ. გაქვს იუმორის გრძნობა და იმიტაციის უნარი. "კავეენსაც" ხომ არ თამაშობდი?

- არასოდეს...

- სანამ "ჯეოსელის" სარეკლამო რგოლებს ჩაწერდი, მანამდე არასოდეს გქონია მცდელობა, რომელიმე შოუსთვის მიგემართა?

- იუმორისა და პაროდიის კუთხით გარკვეული მონაცემები ბავშვობიდან მქონდა, რაც დედისგან და დეიდისგან მომყვება. დეიდა მაიკოპის თეატრის მსახიობია, სახალხო არტისტი...

ბავშვობაში მეზობელი იქნებოდა, თუ ტელევიზორში გამოჩენილი ადამიანი, კოლეგა ფეხბურთელი, ყველას პაროდიას ვაკეთებდი. ჩემგან ამას ირგვლივ შეჩვეულები იყვნენ და ელოდებოდნენ, რას შევთავაზებდი და ვის პაროდიას გავაკეთებდი. ზოგჯერ ესა თუ ის ადამიანი მთხოვდა, ჩემი იმიტაცია არ გააკეთოო და მაშინ უფრო მიმძაფრდებოდა სურვილი, მისი პაროდია წარმომედგინა. ამ ყველაფრისთვის პროფესიონალურად არასდროს შემიხედავს, რომ სადმე მევლო და ეს უნარი მეტად გამევითარებინა. მოკლედ, მხოლოდ ამ უნარს სამეგობროსა და საახლობლოში ვამჟღავნებდი, ხომ ვამბობ, დიდად ამ საქმით არ ვიყავი დაინტერესებული, ჰობის დონეზე მქონდა...

რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ამ საქმის დიდი გურმანია და სურვილი ჰქონდა, "სთენდაფ-კომედის" ჟანრში მოგვესინჯა ძალები, რადგანაც ეს ჟანრი დიდად არ არის აქ განვითარებული, ანუ იმპროვიზაციული იუმორი. ჰოდა, ერთ-ერთ კაფეში დაგვეწყო პროექტი. იქ არა მარტო მე, სხვებიც ჩაერთვებოდნენ, ასეთი ნოვატორული იდეა ჰქონდა, მაგრამ არ გამოვიდა...

ისე, "იუმორინა 2014"-ში კი მქონდა ერთი 10-წუთიანი გამოსვლა. სხვადასხვა ენის პაროდიები გავაკეთე. სცენაზე გამოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ერთგვარი ექსპერიმენტი იყო და თან, მაინტერესებდა, ხალხი როგორ მიმიღებდა, ერთგვარად დავტესტე და საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.

- ჯემალ ბაღაშვილი ადვილად დაგთანხმდა?

- კი და იმ 10-წუთიანი გამოსვლის კონცეფცია ერთად შევიმუშავეთ.

- შენი სკეტჩებით შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბევრი ენა იცი. რეალურად რამდენს ფლობ?

- ქართულს, ჩერქეზულს, ინგლისურს, გერმანულს (გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი) და რუსულს...

- კიდევ რა გატაცება გაქვს?

- კულინარია ერთ-ერთი ჩემი სერიოზული გატაცებაა. სახლში ვცდილობ, ამ კუთხით თავი გამოვიჩინო. ძალიან მიყვარს სპოირტი: ფეხბურთის გარდა, კალათბურთი, ჩოგბურთი.

- პროექტით "ერთხელ საქართველოში" კმაყოფილი ხარ. როგორ გგონია, იქ ბოლომდე ამბობ სათქმელს?

- კმაყოფილი თვითონ პრეცედენტით ვარ, ვიდრე შედეგით, რადგანაც შედეგამდე ჯერ კიდევ ბევრია. ზოგადად, იუმორის მხრივ საქართველოში მიმაჩნია, რომ ჩვენი ძველი მსახიობები - იპოლიტე ხვიჩია და სესილია თაყაიშვილი (კომედიური ჟანრის ფილმებით) გაცილებით მაღალ დონეზე იყვნენ, იუმორისა და თამაშის ხარისხი მაღალი იყო.

- კი, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო...

- გასაგებია, მაგრამ საქართველოში ახლა აღარ არიან ისეთი პედაგოგები, ვისაც სამწუხაროდ, მაღალ დონეზე ჰქონდათ ეს სფერო აყვანილი.

იუმორისტული სკეტჩები შედარებით ახალი ფორმატია, უცხოურიდან გადმოღებული და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, ბევრგან კეთდება. ეს, რასაც დღეს მე და ვაკაჭი ხიდაშელი ვაკეთებთ, ქართულ სპეციფიკაზეა მორგებული. ვფიქრობ, განსხვავებული ტიპაჟები შევქმენით და ქართულ სინამდვილეს მოვარგეთ. შოუ წარმატებული მაშინ იქნება, როცა ხალხს გაეცინება, როდესაც ისინი აქედან პოზიტივს აიღებენ. არ გვაქვს პრეტენზია, რომ საზოგადოება შევცვალოთ, მაგრამ ჩემი ერთი პერსონაჟის, "თაკოოს" რომ ეძახის, ხილვის შემდეგ ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ასეთი ბიძაშვილი, მეგობარი, მეზობელი მყავსო, თვითონ ის ტიპებიც კი არ ბრაზდებოდნენ და მერე ისიც უთქვამთ, რომ გამოსწორებულან.

- შენი დამსახურებაა...

- ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, დრომაც მოიტანა. ისე, ჩვენთვის კარგი იქნება თუ ვინმე ამოიცნობს ნაცნობს და არა ისე, რომ რაღაც სხვა პლანეტიდან ჩამოსულ ადამიანს. ჩვენი სკეტჩების იუმორის ხარისხიც ხშირად დასახვეწია, რაც დრო გადის, თანდათან მოსწონთ. მე და ვაკაჭი სცენარს ჩაწერამდე 10 წუთით ადრე ვკითხულობთ, ჩვენთან ერთად მუშაობს ნიჭიერი გოგონა - ხატია სამხარაძე.

- სცენართან შეხება არ გაქვთ?

- არა, შეიძლება როგორც მსახიობებმა იმპროვიზაცია შევიტანოთ. გვყავს 12-კაციანი სცენარისტების ჯგუფი, რომლებიც წერენ, პრიციპში უკვე შევთამაშდით. სცენარისტებმაც გაგვიცნეს და ტექსტებს გვარგებენ. ეს ტიპაჟებიც ორგანული გახდა ჩვენთვის. მიხარია, რომ ნიჭიერი ხალხია შეკრებილი.

- "ორ ვარსკვლავშიც" მონაწილეობ. გაირკვა, რომ მღერი კიდეც...

- ჰო, რა ვიცი, ერთადერთი მხატვრობა არ მეხერხება...საერთოდ, მგონია, თუ მიდგომები სწორი გაქვს, თუ პრეტენზია არ გაქვს, რომ რაღაც სასწაულებს აკეთებ და ცდილობ, რაღაცები აითვისო, შეისწავლო, პედაგოგებისგან აიღო ახალი რაღაცები, მაშინ საქმე კარგად მიდის.

- შევთანხმდეთ, რომ მღერი.

- რაღაც კარგია, რომ კარგ სტარტს აიღებ, დაანახვებ, რომ სიმღერა შეგიძლია. დანარჩენი ვნახოთ, შედეგი რა იქნება. სცენაზე არასოდეს ვმდგარვარ, არც მომღერალი ოჯახიდან ვარ, არც ხალხურ სიმღერებზე მივლია. მოკლედ, არანაირი შეხება არ მქონია, მაქსიმუმ შხაპში მემღეროს...

- მაგარი პარტნიორი გყავს, - ნუცა ბუზალაძე.

- ძალიან კმაყოფილი ვარ. თუ როგორი ნიჭიერია ნუცა, ამაში ყველა კარგად დარწმუნდა, ისეთ კონკურსზე, როგორიც იურმალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის თანამედროვე კონკურსი, ნუცამ იქ არა მარტო გაიმარჯვა, თანამედროვეობის საოცარი მუხტი შეიტანა. მას იურმალა კი არ დაეხმარა სტატუსის შეძენაში, ნუცას დაეხმარა იურმალას, რომ თანამედროვე ყოფილიყო... მეც ძალიან მეხმარება, ისეთ დეტალებს მისწორებს, რომელსაც სხვა ხაზს არ გაუსვამდა (იხილეთ დუეტის ვიდეო)

- ილო, შენს ოჯახზეც გვიამბე?

- კი, დაოჯახებული ვარ, მყავს მეუღლე - ნელი აგირბა. ჟურნალისტია, ერთი პერიოდი ერთად მიგვყავდა "ალიონი". ახლა ის "რუსთავი 2"-ზე მუშაობს და შაბათ-კვირას "კურიერი" მიჰყავს. გვყავს ორი შვილი 5 წლის სესილი და წლისა და 4 თვის ევა. ბოლო დროს მე და ჩემს მეუღლეს ურთიერთობაში ცოტა პრობლემები კი შეგვექმნა, მაგრამ ვმეგობრობთ. ვნახოთ, მერე რა იქნება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)

"ყველაზე ძნელი ქართული ტრადიციების დაძლევა აღმოჩნდა, ისევ იმართება ხალხმრავალი დაბადების დღეები და ქორწილები" - ცერცვაძე

7 ივლისს, დავით ნარმანია სემეკის 2019-2020 საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს