"აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ გააკეთა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ"

"აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის წინ გააკეთა გზავნილი რუსეთის მიმართ, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ"

ზურაბ აბაშიძე არის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი და მას არ ესწავლება გზავნილების გაჟღერება, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემაში "რეზიუმე" განაცხადა, როდესაც პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რა ვითარებაშიც გაკეთდა ეს განცხადება. "მე მინდა ონდავ უკან წავიდე და ქრონოლოგიურად მივყვეთ, თუ როგორ განვითარდა სიტუაცია. თვის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც ვიზიტის დროს მან გააკეთა განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არის შეჩერებული. შემდგომ მას მოჰყვა მყისიერი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. კერძოდ, გასაკვირად არა პრემიერის მხრიდან, არამედ სოფლის მეურნეობის მინისტრის აკეთებს განცხადებას, რომ მსგავსი რამ არ არის და საქართველო-რუსეთის დიალოგი მიმდინარეობს. ამას მოჰყვა ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილის მიერ უარყოფა მის მიერ გაკეთებული განცხადების", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის ცნობილი გახდა, რომ ზურაბ აბაშიძე თებერვლის ბოლოს მიემგზავრება გრიგორი კარასინთან შესახვედრად. "გუშინ სერგეი ლავროვი ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან, ე.წ. შეთანხმების შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც მე ვფიქრობ და ჩვენ ყველამ აღვიქვით, როგორც მუქარა რუსეთის მხრიდან. იყო ერთგვარი მიბმა იმ ე.წ. შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ცხინვალის რეგიონთან, რომ თუ საქართველო აგრძელებს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და ნატო-სკენ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, აბაშიძე მიემგზავრება კარასინთან შესახვედრად და შეხვედრის წინ, მან წინასწარ გააკეთა გზავნილი რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ არაფერი არ ხდება, რომ საქართველო არ მიდის ნატოსკენ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ აბაშიძემ გააკეთა თავისი პირველი განცხადების განმარტება, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძე არის გამოცდილი დიპლომატი და აქედან გამომდინარე მას თავდაპირველად არ უნდა შეშლოდა, არ უნდა განევითარებინა ისე, შემდეგ მთელ მთავრობას მოუწია ამაზე განმარტების გაკეთება.

"ჩვენ მთლიანობაში უნდა დავინახოთ მისი ეს განცხადება და არა დღევანდელი განცხადების კონტექსტში. მარტო ჩვენ არ გაგვიგია ასე. თუ ნახავთ რუსულ სამთავრობო პრესას, პირდაპირ არის სათაურები გამოტანილი, რომ საქართველო უარს ამბობს ნატო-ში გაწევრიანებაზე. მის განცხადებას განმარტებები მოჰყვა, მაგრამ თავდაპირველი განცხადებები არ შეესაბამებოდა იმას, რომელიც მიღებულია უელსში, რომლის მიხედვით, საქართველოში წლის ბოლომდე უნდა გაიხსნას ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის პირველ ნახევარში, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

მოგვიანებით აბაშიძემ საკუთარ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე.

"ჩემმა დღევანდელმა კომენტარმა, რომელიც საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ბატონ ლავროვის გუშინდელ განცხადებაზე რეაქცია იყო, გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ოპონენტები სანთლით ეძებენ რაიმე მინიშნებას საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებაზე. წესით ამ შემთხვევაშიც არ უნდა ეპოვნათ ასეთი მინიშნება. მე 7 წლის განმავლობაში ვიყავი ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების თაობაზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. შევეხები იმ დეტალებს, რამაც კრიტიკა გამოიწვია. კერძოდ, პირველი _ მე განვაცხადე, რომ "ნატოსთან თანამშრომლობა არაირად არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში განლაგდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა". სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებაში ვგულისხმობდი ნატო-ს სამხედრო ბაზებს საქართველოში და არა ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსებას, რომელიც გათვალისწინებულია უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში. ერთობლივად მართული საწვრთნელი ცენტრი მისი შინაარსით მნიშვნელოვნად განსხვავდება ნატოს სამხედო ბაზისგან. ეს ცენტრი საქართველოს საკუთრება იქნება! ჩვენი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ნატოს სტანდარტებთან დაახლობა და ალიანსში შემდგომი ინტეგრაციაა. მეორე - რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. არ ვიცი, რატომ გამოიწვია ამ თეზამ კითხვის ნიშანი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონის ან რომელიმე სხვა ქვეყანას. თუმცა, ამავე თეზას მე მივაყოლე შემდეგი სიტყვები: "რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება", -განაცხადა აბაშიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა