ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება

ქართველი ნეირომეცნიერი: თავის ტვინის სიმსივნე მალე განკურნებადი იქნება

დღეს ის წარმატებული ნეირომეცნიერია. ჰარვარდის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მუშაობდა და თავის ტვინის დაავადებებს იკვლევდა. გასულ წელს შვედეთიდან კარგი წინადადება მიიღო და ამერიკიდან სტოკჰოლმში, კაროლინსკას ინსტიტუტში გადავიდა სამუშაოდ. იქაც თავის კიბოს დაავადებების კვლევას აგრძელებს. საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოდის. ჯერ არ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

რევაზ მაჩაიძე:

- ძირითადად, თავის ტვინის სიმსივნეს (კიბოს) ვიკვლევ და ჩემი ნაშრომები სხვადასხვა გზით ონკოდაავადების წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. იმდენად პრობლემურია ეს საკითხი, რომ დღევანდელი მონაცემებით, სიმსივნის წინააღმდეგ მრავალი განსხვავებული პროფილის მეცნიერი მუშაობს. ასევე მონაწილეობენ სახელმწიფოები, კერძო ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ მიმართულებით 10 წელზე მეტია, ვმუშაობ და ვაკვირდები გლობალურ სამეცნიერო ნაშრომებს.

- ეს სფერო რატომ აირჩიეთ?

- სიმართლე გითხრათ, კონკრეტული მიზეზი არ მქონია. თავიდანNონკოლოგიური მიმართულებით დავიწყე მუშაობა და შემდეგ ინტერესის კონკრეტული სფერო გამოჩნდა. კონკრეტულად ნევრო-ონკოლოგია გავაგრძელე. საერთოდ ვფიქრობ, იმდენად რთული და მრავალფეროვანია თანამედროვე მეცნიერება, რომ დამწყები მეცნიერისთვის კონკრეტული ინტერესის სფეროს ჩამოყალიბებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ეს დამოკიდებულია ცოდნაზე, გამოცდილებასა და სრულფასოვან ინტერესზე. საერთოდ, ეს კონკრეტული სფერო დღეს საკმაოდ აქტუალურია და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სიმსივნურმა დაავადებებმა ეპიდემიური სახე მიიღო. სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ წელს დაავადებულთა მატებაა. განვითარებად ქვეყნებში პირველ პოზიციაზე გამოკვეთილია გულსისხლძარღვთა და შემდეგ - სიმსივნური დაავადებები. რაც შეეხება აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს, იქ ძირითადად ვირუსული დაავადებები ჭარბობს.

- როგორ ფიქრობთ, თავის სიმსივნე განკურნებადი გახდება?

- რაც შეეხება განკურნებას, როგორც მეცნიერი, შემიძლია მოგიყვეთ, რა ეტაპზეა სამეცნიერო კვლევები. საერთოდ, დღეს ძალიან ბევრი მეცნიერული ნაშრომი გამოდის იმედის მომცემი სათაურებით, რასაც სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებები დიდ იმპროვიზაციას უკეთებენ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაო წინსვლაა ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ვფიქრობ, მალე განკურნებადი გახდება. სხვადასხვა სახის კიბოს დაავადებებიდან გამოვყოფდი მკერდისა და პროსტატის სიმსივნეებს, რომელიც ყველაზე ხშირია. ასეთ დროს სიცოცხლის შენარჩუნება 70-80 პროცენტამდეა შესაძლებელია. ამას ამერიკის სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ. რა თქმა უნდა, ამაში ძალიან ბევრი რამ მნიშვნელოვანია. მაგალითად, თანამედროვე ქიმიოთერაპიული მედიკამენტები, ახალი ტექნოლოგიები, საერთო ჯანდაცვის პრევენცია და მთავარი - პროფესიონალიზმი. თანამედროვე ქიმიოთერაპიული წამლებით მკურნალობენ ამერიკაში ძირითადად სიმსივნეს. სამწუხაროდ, ეს წამლები საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა. თითო ამპულა 5-6 ათასი დოლარი ჯდება. თავის ტვინში სიმსივნის არსებობა ბევრად ართულებს მკურნალობას. ძალიან მწირია მედიკამენტების რაოდენობა. საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც განვითარების ეტაპზეა. ტვინის სიმსივნე მეტასტაზური არ არის და არ ხდება უჯრედების გაფანტვა სხვა ორგანოებში, მაგრამ არის ინფილტრაციული და უჯრედები ძირითადად იფანტება მთელ ტვინში. თუმცა, ყველა სახის ტვინის კიბო აგრესიული ფორმის ნამდვილად არ არის. ბევრია ისეთი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება. ძალიან ნეგატიურიც არ ვიქნები. ბევრი დაავადება, რომელიც ადრე განუკურნებლად ითვლებოდა, დღეს განკურნებადია. ვფიქრობ, თავის ტვინის სიმსივნის შემთხვევაშიც შედეგები იქნება. პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია