ცნობილი ადამიანები ფერადი წინდებით - ახალი ფოტოკამპანია ინტერნეტს იპყრობს

ცნობილი ადამიანები ფერადი წინდებით - ახალი ფოტოკამპანია ინტერნეტს იპყრობს

დაუნის სნდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ათობით სახე ჩაერთო. სპეციალურად აღნიშნული კამპანიისთვის ფოტოპროექტი მიმდინარეობს, რომელშიც პოლიტიკოსებმაც მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ.

კამპანიის მიზანი საზოგადოებაში დაუნის სინდრომის პრობლემის აქტუალიზებაა.

ფოტოპროექტში სხვა მრავალ ცნობილ სახესთან ერთად პოლიტიკოსებს - თეა წულუკიანს, დავით ბერძენიშვილსა და თინა ხიდაშელს იხილავთ.

იხილეთ ფოტოპროექტი

რაც შეეხება დაავადებას, დაუნის სინდრომი ქრომოსომული დაავადებაა, რომლის მიზეზსაც მშობლების სასქესო უჯრედების გაყოფის პროცესში წარმოშობილი დარღვევა წარმოადგენს, რის შედეგადაც ნაყოფის უჯრედებში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომა ხვდება. სწორედ ეს ზედმეტი ქრომოსომა განაპირობებს დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ ფიზიკურ ნიშნებს (სახის ბრტყელი პროფილი, მოკლე კისერი, პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა და სხვა), ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას და ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებებს (გულის თანდაყოლილი მანკი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მხედველობისა და სმენის დარღვევები და სხვა).

საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე პირთა პოტენციალის რეალიზებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სპეციალისტების ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება ამ სინდრომის მქონე ბავშვისა თუ მოზრდილის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია გაგვაჩნდეს აღნიშნულ დიაგნოზთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილია საზოგადოებაში გავრცელებული მითები და მათი შესაბამისი რეალური ფაქტები:

მითი: დაუნის სინდრომი იშვიათი დაავადებაა

სინამდვილე: დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადებაა და ყოველწლიურად საშუალოდ ყოველ 1000 ბავშვში 1 სწორედ აღნიშნული სინდრომით იბადება.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა.

სინამდვილე: ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაუთანაბრდა მათი სხვა თანატოლების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, რასაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის ზრდამ.

მითი: დაუნის სინდრომი გენეტიკურია და მემკვიდრეობით გადადის

სინამდვილე: დაუნის სინდრომი გენეტიკურადაა განპირობებული შემთხვევათა მხოლოდ 1 პროცენტში. დანარჩენი 99 პროცენტის შემთხვევაში კი იგი არ ატარებს გენეტიკურ ხასიათს.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას ასაკოვანი მშობლები ჰყავთ.

სინამდვილე: მშობლების ასაკის ზრდასთან ერთად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა და რისკი იზრდება, თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების უმეტესობას 35 წლამდე ასაკის მშობლები ჰყავთ. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ აღნიშნულ ასაკამდე ბავშვის გაჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალია.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მნიშვნელოვანი ინტელექტუალური შეფერხება აქვთ.

სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას აქვს მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება, რაც განაპირობებს აბსტრაქტული აზროვნებისა და განზოგადების სიძნელეებს, სწავლის ნელ ტემპს, თუმცა არ გამორიცხავს განვითარების, ახალი უნარების დასწავლის, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ფუნქციონირების შესაძლებლობებს.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურ სკოლაში უნდა სწავლობდნენ

სინამდვილე: საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამის არსებობის შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართვა შესაძლებელია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. აღნიშნული რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანომდებლობითა და ეროვნული სასწავლო გეგმით.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმება შეუძლებელია

სინამდვილე: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დაუნის სინდრომის მქონე პირების დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სექტორში (მაგალითად რესტორნები, სასტუმროები, კლინიკები, გართობის ინდუსტრია და ა.შ.)

მითი: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ყოველთვის ინარჩუნებენ კარგ გუნება-განწყობილებას.

სინამდვილე: დაუნის სინდომის მქონე ადამიანები, თითოეული ჩვენგანის მსგავსად ემოციების მთელ სპექტრს განიცდიან და მათ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებსა თუ ადამიანებზეც როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციებით რეაგირებენ. მაგალითად, დადებითად რეაგირებენ მათდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე და აღიქვამენ და სწყინთ მათ მიმართ გამოვლენილი უხეში ან უპატივცემულო მოპყრობა.

მითი: დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ გააჩნიათ ახლო ურთიერთობის დამყარების უნარი.

სინამდვილე: დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ მეგობრობის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სოციალიზაციის სხვა უნარები. მათი ნაწილი ქმნის ოჯახს ან აგრძელებს პარტნიორულ თანაცხოვრებას მოზრდილ ასაკში.

და ბოლოს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, სადაც მაღალია საზოგადოების ცნობიერების დონე და არსებობს დაუნის სინდრომის მქონე პირების განვითარებისთვის ხელშემწყობი შესაბამისი პირობები, აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვები და მოზრდილები საგანმანათლებლო, სოციალური თუ რეკრეაციული აქტივობების აქტიური მონაწილეები არიან, ჩართულები არიან სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში. ისინი საკუთარი ოჯახებისა და თემის ღირებულ წევრებს წარმოადგენენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მომზადებულია Fb.com-ზე გამოქვეყნებული ფოტოპროექტისა და cog.ge-ს ინფორმაციის გამოყენებით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია