იმღერებენ თუ არა ქართველები ოკუპანტის მიწაზე - "ახალი ტალღა" სკანდალის ახალი ტალღის მოლოდინში

იმღერებენ თუ არა ქართველები ოკუპანტის მიწაზე - "ახალი ტალღა" სკანდალის ახალი ტალღის მოლოდინში

მუსიკალური კონკურსის "ახალი ტალღის" გარშემო საქართველოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური კონკურსია და მასში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გამო ქართველებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. თუმცა ქართველი მომღერლები ყოველ წელიწადს იბრძვიან კონკურსზე მოსახვედრად. ცნობილი გახდა, რომ "ახალი ტალღა" წელს იურმალას ნაცვლად სოჭში ჩატარდება, ამ გადაწყვეტილებით კონკურსს უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი მიეცა. Ambebi.ge დაინტერესდა, ეს ცვლილება რა გავლენას მოახდენს ქართველ პროდუსერებზე, რომლებსაც ყოველ წელს მიჰყავთ კონკურსანტი იურმალაზე.

ნატო დუმბაძე:

- ხელოვნებას და პოლიტიკას ვანსხვავებ ერთმანეთისგან და არ მინდა პოლიტიზირებული გახდეს შოუ-ბიზნესი. რამდენიმე წელია ისედაც ასეა უკვე, მე ეს სწორად არ მიმაჩნია. თუ ასეა, სტრატეგიული ობიექტები რუსებს აქვთ შესყიდული საქართველოში და მაინცდამაინც მუსიკაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი? თუ იქნება მსურველი და ჩემი სურვილიც იქნება, ეს შემაფერხებელი არ იქნება ჩემთვის. ეს საერთაშორისო კონკურსია, რუსული კონკურსი ხომ არ არის? ამერიკელიც ჩამოდის, ბრაზილიელიც, ქართველიც... თუ ასე შევხედავთ, ამერიკა და რუსეთიც პოლიტიკურ უთანხმოებაში არიან და ეს გავლენას არ ახდენს შოუ-ბიზნესზე. მგონი სასაცილოც იქნება, ამერიკელს უთხრან, არ წახვიდე კონკურსზეო, ვერ გაიგებენ, უბრალოდ.

მაია ყიფიანი:

- თუ მოინდომა ვინმემ წასვლა, ამის გამო უარს არ ვეტყვი. სხვა, დიდ ბაზარზე როცა უნდა მომღერალს სცადოს თავისი შესაძლებლობები, ქალაქს რა მნიშვნელობა აქვს? კონკურსი კონკურსია და იგივე ხალხი ატარებს. სოჭი ცუდი ქალაქი არ არის ამ მხრივ. იურმალას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ მაინც მიდიოდნენ შემსრულებლები. დიდ გამოცდილებას აძლევს მომღერალს. რამდენიმე გადაცემა ვნახე ნუცა ბუზალაძის მონაწილეობით და აბსოლუტურად განსხვავებულია, ვარსკვლავია სხვებთან შედარებით; ვოკალურად არ ვამბობ, ეტყობა, რომ სკოლა აქვს გავლილი. შარშან ერთად ვიყავით "იურმალაზე" და ვიცი რამდენი იშრომა. მიმაჩნია, რომ უარი არავინ უნდა თქვას, პოლიტიკა რომ ყოფილიყო, შარშან პირველ ადგილს არავინ მოგვცემდა. თუ ნიჭიერია ადამიანი და მოინდომებს კონკურსზე გამოსვლას, რა თქმა უნდა, უარს არ ვეტყვი არც სოჭში და არც სხვა ქალაქში სიმღერაზე, ეს უდიდესი მასტერ-კლასია, რომელიც გამოადგებათ მომავლისთვის.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება