ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები

ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები

"გასული კვირიდან ტელეკომპანია "ჯიდიესზე" ყოფილი პრემირ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, გადაცემა - 20/30 დაიწყო და ის შაბათის გარდა ყოველდღე გავა. გადაცემის პირველი სტუმარი თავად პროექტის დამფუძნებელი ივანიშვილი იყო და როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, შემდგომ კვირის გადაცემებში ის ერთ-ერთ სტუმრად აუცილებლად დარჩება. სულ ამ ორგანიზაციაში 60-მდე ექსპერტია გაერთიანებული და მათი რაოდენობა, როგორც ამბობენ, მომავალში გაიზრდება. პროდიუსერები ვასილ მაღლაფერიძე, არჩილ გამზარდია, ვახტანგ კომახიძე, ეკა შანიძე და ნოდარ ჭიჭინაძე არიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით - "ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები".

"ორგანიზაცია იურიდიულად დაფუძნებული არ არის და მაინცდამაინც ამას არც ვაპირებთ. ეს არის გარკვეული მსოფლმხედველური თანხვედრა, რაღაც საერთო პრინციპების შემუშავება," - ამბობს გადაცემა 20/30-ის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე ორგანიზაცია "20/30"-ზე.

"ყველა გადაცემაში საჭიროების მიხედვით გამოვლენ ანალიტიკოსები. რაიმე განსაკუთრებული ხელმღვანელი მათ არ სჭირდებათ და არც ჰყავთ. უბრალოდ, გადაცემის პროდიუსერები საჭიროების მიხედვით ეძახიან მათ, ვისაც საჭიროდ მიიჩნევენ. გადაცემაში მოწვეული ექსპერტები "საზოგადოება 20/30"-ის წევრები არიან. მათი შერჩევა საერთო კონსენსუსის შედეგად მოხდა - ღამის საუბრებით, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეცნობოდნენ. ასევე ვიღაც ვიღაცაზე რეკომენდაციას გასცემს და ახალი ადამიანები ასე მოდიან. მათი შერჩევა და მოწვევა განუსუზღვრელი პროცესია და ეს წრე კიდევ ფართოვდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ და ამ საზოგადოების სახელით საუბრობენ. ორგანიზაციას გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, გადაცემებს კი პროდიუსერები უძღვებიან, ერთ-ერთი პროდიუსერი მე ვარ. ასევე, პროდიუსერია ვახო კომახიძე, აგერ გვერდზე მიზის და მუშაობს. ასევე ეკა შონია, ნოდარ ჭიჭინაძე."მისი თქმით, ორგანიზაცია "20/30"-ის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნებები არიან", - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

"საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეიძლება ბევრი არ იყოს, თუმცა ზოგიერთი პიროვნება, რომელიც მე აქ გავიცანი, აღმოჩნდა რომ ცნობილი ყოფილა. ორგანიზაციაში არიან გია იაკობაშვილი, მალხაზ თოფურია, არჩილ გამზარდია, კიდევ ზურაბ მხეიძე. ის ძალიან ცნობადი სახეა. სხვებიც გამოჩნდებიან. ისეთი ცნობილი სახეები, როგორიც ივანიშვილმა თავიდან მრჩევლებად მიიწვია, მაგალითად დემურ გიორხელიძე, ავთო ბერიძე, რამაზ საყვარელიძე ახლა აქ არ არიან. არ ვიცი, გახდებიან თუ არა მომავალში ისინი ორგანიზაციის წევრები. შერჩევის პრინციპი იყო ურთიერთობა, ნაცნობობა, საერთო პოზიცია, რაზეც ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. ორგანიზაცია იურიდიულად დაფუძნებული არ არის და მაინცდამაინც ამას არც ვაპირებთ. ეს არის გარკვეული მსოფლმხედველური თანხვედრა, რაღაც საერთო პრინციპების შემუშავება. რაღაც მოვლენები რომ მიმდინარეობს, ამ მოვლენებისადმი ადამიანებმა საკუთარი ხედვის წარმოჩენა ჩათვალეს საჭიროდ. ვისაც სურს გაიგოს, ამა თუ იმ საკითხზე რას ფიქრობს 20/30, ყოველდღე 20:30 საათზე 30 წუთის განმავლობაში შეიძლება გაიგოს. ექსპერტი ყველას სჭირდება, მას იმის გამო ქირაობენ, რომ რეალურად თქვას, როგორია საქმის ვითარება და რა უნდა გაკეთდეს. ამინდის ექსპერტმა უნდა თქვას, როგორი ამინდი იქნება ხვალ, პოლიტიკის ექსპერტმა, ომი დაიწყება თუ არა... უხეშად რომ ვთქვათ, ასეა. ორგანიზაციას 20/30 გარკვეული პირობითობით დაერქვა, რაც კონკრეტულ შინაარსს შეიცავს. იმიტომ, რომ ეკონომიკური გათვლებით, რაც რეალურია და 20/30-ში მყოფმა ეკონომისტებმა თქვეს, რომ თუკი საქართველო კარგი ტემპით განვითარდება, 20/30 წლისათვის დღევანდელ საშუალო ევროპულ დონეს მიაღწევს. სწორედ ამაზე მუშაობენ ეს ადამიანები. გადაცემები ყოველდღე გადის და თუკი მას შეხედავთ, ნახავთ, რას აკეთებენ ორგანიზაციის წევრები", - დასძენს მაღლაფერიძე.

კვირის გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ "საზოგადოება 20/30" 60-მდე ანალიტიკოსს აერთიანებს და მათი რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. არჩილ გამზარდია: "ჩვენი პრინციპია, რომ ორგანიზაცია 20/30-ის წევრები საზოგადოებამ ჩვენი გადაცემებიდან გაიცნოს და პირდაპირ პროფესიული ხაზით და მოსაზრებებით იხილოს. აქ არიან გამოცდილი ადამიანები, რომელთა ნაწილი საჯაროდ ცნობილი არ იყო და ახალი სახეები არიან. ჩვენ ტელეეთერით "საზოგადოება 20/30"-ის წევრებს მათი პროფესიული ხედვით და შეფასებებით ყოველდღიურად წარმოგიდგენთ. ჩვენ ორგანიზაციის წევრების ამ ფორმატით პრეზენტაცია გვაქვს გადაწყვეტილი და თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო რესპონდენტი დაგიგროვდეთ. საზოგადოების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, სხვა იერარქიული სტრუქტურა არა გვაქვს."

გამზარდია ამბობს, რომ პირადად მას გადაცემის წაყვანა ვასილ მაღლაფერიძემ შესთავაზა. "შემდეგ ბიძინა ივანიშვილსაც შევხვდი და ხანგრძლივი კონსულტაციები მქონდა. ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, გადაცემის პროდიუსერიც ვარ, წამყვანიც და ამ საზოგადოების წევრიც", - ამბობს გამზარდია.

"საზოგადოებაში ყველა სფეროს სპეციალისტები არიან გაერთიანებულები. თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რეალურად შევქმნათ და შევაფასოთ საზოგადოებრივი პროცესები, მოვლენები და პესპექტივები. ჩვენი პროფესიული ხედვისა და კვალიფიკაციის ფარგლებში შევქმნათ ამის მექანიზმები და საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით ამის რეალიზაცია მოვახდინოთ. პირველ რიგში, გადაცემები სხვადასხვა მიმდინარე პროცესზე 20/30-ის ხედვას წარმოადგენს. ეს "საზოგადოება 20/30"-ის წევრების შეჯერებული ხედვაა და ამის წარმოდგენა ხდება მსჯელობისათვის, დანარჩენი საზოგადოების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობისათვის. გადაცემების განსაკუთრებულობაც ეს არის. პირველმა გადაცემამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, მნიშვნელოვანი შეტყობინებები გავრცელდა, გადაცემამ მნიშვნელოვანი მისია იტვირთა", - დასძენს გამზარდია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია