დავით ბაქრაძე - დღეს დადგა მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს

დავით ბაქრაძე - დღეს დადგა მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ასეულობით მოქალაქე "თავისუფლების მოედანზე" არა "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მთავრობამ გაიყვანა. ამის შესახებ ბაქრაძემ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა. დღეს არის ჩვენი ერთობის დღე. დღეს არის ჩვენი სიძლიერის დღე და დღეს არის დღე, როცა არა მხოლოდ ათობით ათასი ადამიანი დგას ამ მოედანზე, არამედ ასეულობით ათასი ადამიანი გვგულშემატკივრობს საკუთარი სახლებიდან, ათეულობით ათასი ადამიანი გვგულშემატკივრობს საქართველოს გარედან. დღეს არის დღე, როცა ჩვენ ყველა ერთად ვაჩვენებთ, რომ იწყება ახალი ეტაპი ამ ქვეყანაში. აი, ეს არის დღევანდელი დღე.

რა ხდება დღეს? – ბევრს უკითხავს რითია განსხვავებული 21 მარტი სხვა შეკრებების და სხვა აქციებისგან. მე გეტყვით რითიცაა განსხვავებული: ჩვენ ისე ვიყავით 2 წელიწადნახევარი ოპოზიციაში, პრაქტიკულად არ დაგვიყენებია მთავრობის გადადგომის საკითხი. გეხსომებათ, ისე ჩავატარეთ საპრეზიდენტო კამპანია, რომ ყოველთვის ვამბობდით, ვაკონტროლოთ მთავრობა. ბევრ თქვენგანს მაშინ არ მოსწონდა და მეუბნებოდა, რატომ არ უნდა გავუშვათ? მე გეუბნებოდით – იმიტომ, რომ ეს ხალხმა აირჩია და მე პატივს ვცემ ხალხის არჩევანს, ამიტომ მოდით ვაკონტროლოთ და დავაცადოთ საქმის გაკეთება. ამას ვამბობდით 2 წელიწადნახევარი ჩვენ, მაგრამ 2 წელიწადნახევრის შემდეგ აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ამ მთავრობისთვის დაცდა ნიშნავს საქართველოს უარესობისთვის დაცდას, ამიტომ ვეღარ დავიცდით, ვეღარ დავანგრევინებთ ამ ქვეყანას. ამიტომ დღეს დადგა ის მომენტი, როცა ყველა ერთად ვამბობთ, ეს მთავრობა უნდა წავიდეს.

ბევრი დანაპირების ნაცვლად, იმ უკეთესობის ნაცვლად, რომელსაც ყველა ელოდა, ერთადერთი რაც მოახერხა და გააკეთა ამ მთავრობამ იყო ის, რომ უარესობა შეიტანა ყველა ოჯახში. გაუფასურებული ლარი არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაზრდილი ფასები პროდუქტებსა და წამლებზე, არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაზრდილი უმუშევრობა და სიღარიბე არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. გაჩერების პირას მყოფი მაღაზიები და დახურვის პირას მყოფი ბაზრობები არის თითოეულ ოჯახში შესული უარესობა. აი, ეს მოახერხა ამ მთავრობამ. ამიტომაც ვეუბნებით მას დღეს, რომ უნდა წავიდეს.

დღეს მოვისმინე, რომ თქვენ ხართ ძალით მოყვანილი ადამიანები, მინდა მათ ვუთხრა – თქვენ არ ხართ დღეს ჩვენი, "ნაციონალური მოძრაობის" მოყვანილი ადამიანები. თქვენ გაჭირვებამ მოგიყვანათ აქ, რომელიც ამ მთავრობამ მოუტანა ქვეყანას. თქვენ ხართ დღეს მთავრობის მოყვანილი ხალხი იმ გაჭირვებით, იმ უუნარობით, იმ გაუარესებით მოყვანილი ხალხი, რომელიც ქვეყანაშია. ძალით მოყვანა არ ჭირდება დღეს პენსიონერს, რომელსაც 10 ლარით გაზრდილ პენსიას, ინფლაციის გამო 25 ლარი დააკლდა", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა