"ჯვარი გვწერია და, მგონი, რომ მოვკვდებით მაშინაც ერთად დაგვასაფლავებენ" - ეკა ხოფერიას მიმართვა ინგა გრიგოლიას და სატელევიზიო სკანდალის შეფასებები

"ჯვარი გვწერია და, მგონი, რომ მოვკვდებით მაშინაც ერთად დაგვასაფლავებენ" - ეკა ხოფერიას მიმართვა ინგა გრიგოლიას და სატელევიზიო სკანდალის შეფასებები

გრძელდება გამოხმაურებები "იმედის" განცხადებაზე, რომელშიც ტელეკომპანია საკუთარი ტელეწამყვანების გამონათქვამებს გაემიჯნა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

ინგა გრიგოლიამაც და ეკა ხოფერიამაც დაადასტურეს, რომ არსებული ვითარების მიუხედავად კვლავ განაგრძობენ მუშაობას და არხის დატოვებას არ აპირებენ, დღეს კი, გუშინდელი რთული დღის შემდეგ, ტელეწამყვანები უკვე ხუმრობის ხასიათზე არიან. "ჯვარი გვწერია და, მგონი, რომ მოვკვდებით მაშინაც ერთად დაგვასაფლავებენ", - მიმართა ეკა ხოფერიამ ინგა გრიგოლიას "ფეისბუქზე".

"იმედში" არსებული მდგომარეობის შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამენ ჟურნალისტებიც, რომლებიც გარედან აკვირდებიან პროცესებს.

"გარედან რთულია საერთოდ რაიმეს თქმა, გარდა იმისა, რომ ტელეკომპანიას შესაძლოა ჰქონდეს ერთიანი სარედაქციო პოლიტიკის პრობლემა, რაც ასევე სავარაუდოდ, მენეჯმენტის ხარვეზია. ერთი მხრივ, გაუგებარია, არხის ყველაზე პოპულარული წამყვანების საჯარო განცხადებები რომ წინააღმდეგობაში მოდის არხის პოზიციებთან, მეორე მხრივ კი - ხელმძღვანელობის განცხადება, რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს საკუთარ წამყვანებს, ვის რეიტინგზეც თავადვე აპელირებს ხოლმე. ყველაზე დიდ გაუგებრობაში კი სავარაუდოდ მაყურებელი უნდა იყოს, რომელმაც არ იცის, ვის დაუჯეროს - მისთვის ნაცნობ სახეებს თუ არხს, რომელზეც მისთვის ნაცნობი სახეები მუშაობენ", - წერს "ფეისბუქზე" თამარ რუხაძე.

ვარ ინგას და ეკას მხარეზე, რომელთაც აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა "იმედში" განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

ტუღუში არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ ტელევიზიაში მისვლაზე უარის თქმა ტექნიკური მოსაზრებებით, მედიის საქმიანობაში ჩარევას არ წარმოადგენს.

"მნიშვნელობა არ აქვს, პირდაპირი თუ ირიბი, მაგრამ ეს არის ჩარევა და გარკვეული თვალსაზრსით, მედიის შანტაჟი, იძულება, რომ დღის წესრიგი განსაზღვროს არა საკუთარი და საზოგადოების ინტერესებიდან, არამედ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგიდან გამომდინარე", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

გაზეთ "რეზონასის" მთავარი რედაქტორის თქმით, პარტიები და დეპუტატები ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ, ამიტომ მათ მეტი პატივი უნდა სცენ მედიას და საზოგადოების ინტერესებს.

რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" განცხადებას, ლაშა ტუღუშის შეფასებით, ეს განცხადება აჩენს კითხვას, თუ რამდენად თავისუფალი და ძლიერია მედია.

"არ მგონია, მათ არ ესმოდეთ, რომ ეს არის ჩარევა. სწორედ ამიტომ, ეს არის სიმპტომი ჩემთვის, რომ ყველაფერი კარგად არ არის, მათ შორის, მედიის თავისუფალების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები და ამიტომ ძირშივე ძალიან მკვეთრად, ნათლად უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ პრაქტიკა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებს შეეძლოთ ტაქტიკური მოსაზრებების გამო არ მივიდნენ მედიაში. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და მკვეთრად უნდა გავაპროტესტოთ. მე ამ შემთხვევაში ვარ ინგას და ეკას მხარეზე, რომელთაც აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთეს", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

მომზადებულია Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსებისა და "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების გამოყენებით.

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები