ბოლო ოცი წელია ქვეყნიდან განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა გარბის - ყველა რატომღაც ჩანთის ჩალაგებას ჩქარობს და საქართველოდან წასვლის შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რატომ? ამაზე პასუხი, ვიცი, თავადაც გაქვთ, ამიტომ სოციალური პრობლემების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, სამშობლოდან წასულ ერთ-ერთ ქართველზე, 25 წლის მარიამ ქურასბედიანზე გიამბობთ, რომელიც 3 წლის წინ თბილისიდან პირდაპირ დუბაის "დიდ ავიაციაში" მოხვდა.
- იურისტი ვარ. სამწუხაროდ, საქართველოში საკუთარი პროფესიით დასაქმება რთულია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მეც ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, არადა, ფინანსურად ოჯახსაც უნდა დავხმარებოდი. ამიტომ დუბაიში, ბიძაშვილთან წასვლა გადავწყვიტე, სადაც კურსები გავიარე და დუბაის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია "ეტიჰედის" ბორტგამცილებელი გავხდი. კომპანიაში, სადაც 20 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული, 3 ქართველი ვმუშაობთ. ჩემმა სამსახურმა ოცნების ახდენის შესაძლებლობაც მომცა - ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში ნამყოფი ვარ. ლაგოსსა და ბანგლადეშშიც კი გახლდით. ერთი სიტყვით, 80-ზე მეტი ქვეყანა მოვიარე და ყველაზე მეტად მაინც იმან გამაოცა, რომ თითქმის ყველგან ქართველს წავაწყდი. მეტიც, მელბურნში კოლეგებს აჭარული ხაჭაპურიც კი დავაგემოვნებინე.
- ავსტრალიაში ქართული რესტორანი პოპულარულია?
- დიახ. მელბურნში ონიანების ოჯახს ქართული რესტორანი აქვს გახსნილი, სადაც ქართული სამზარეულოს მოყვარულებს, აჭარულის გარდა, გებჟალიასა და ხინკალსაც სთავაზობენ. ავსტრალიაში ქართულ რესტორანში თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა. დუბაის ავიაკომპანიის თითქმის ყველა კაპიტანს ქართული კერძები და წითელი ღვინო ძალიან უყვარს.