"თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია" - რა ხდება კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ

"თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია" - რა ხდება კოტე თოლორდავას მშობლიურ თეატრში მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ

როდესაც საინფორმაციო სამსახურებმა მსახიობ კოტე თოლორდავას მოულოდნელი გარდაცვალების შესახებგვამცნეს, საინფორმაციო ტექსტებში იქვე იმასაც აღნიშნავდნენ, რომ მსახიობი პოპულარული ცნობილი სერიალით - "ჩემი ცოლის დაქალები" გახდა, სადაც დიტო შარაშენიძის როლი ითამაშა. ეს ტყუილი არ ყოფილა, მაგრამ კოტეს მთავარი და საინტერესო როლები უმეტესად მაინც თეატრის სცენაზე აქვს შექმნილი.

ყოველი პრემიერის წინ, როგორც პროფესიონალი, ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა... ჩემი მასთან ჩაწერილი ბოლო ინტერვიუც, რომელიც რუსულ კინოგადაღებას ეხებოდა, მეორე დღისთვის იმიტომ გადამიდო, რომ პრემიერისთვის ემზადებოდა...

თეატრის სცენაზეც არაერთ სპექტაკლში მყავს ნანახი და არაერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მართლა ნიჭიერი და კარგი მსახიობი იყო. ის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასის წევრი გახლდათ და თეატრის მიმდინარე რეპერტუარში ბევრ სპექტაკლში თამაშობდა ისე, რომ მოსკოვში გამგზავრების წინ თეატრში, დღის 12 საათზე პრემიერა ითამაშა და იქიდანვე გაფრინდა...

თეატრი, რომლის მსახიობიც კოტე იყო, ამ საშინელი ამბით დღეს უზომოდ შეწუხებულია. Ambebi.ge თეატრის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, თათია პაქსაშვილს გაესაუბრა.

- თითოეული მსახიობის იმქვეყნად წასვლა ძალიან დიდი ტრაგედიაა. კოტეს შემთხვევაში კი ათმაგად ტრაგიკულია ეს ფაქტი. წარმოიდგინეთ, ადამიანს ერთი ძლიერი ფრთა რომ მოტყდეს, აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ. არ არსებობს თეატრში ადამიანი, დაცვის სამსახურიდან დაწყებული, გარდერობით დამთავრებული, მსახიობებზე აღარ ვლაპარაკობ, თითოეული თანამშრომელი უმძიმეს მდგომარეობაშია. კოტე ჩვენთვის დიდი დანაკლისი და დანაკარგია. მით უმეტეს, რომ იყო ახალგაზრდა, ნიჭიერი, მხიარული ადამიანი.

2 წელიწადზე მეტია, აქ ვმუშაობ და არ მახსოვს, მისგან რაიმე მწყენოდა, ან რაიმეზე გვეკამათა. ახლა თეატრში დღე, საათი არ გადის, რომ მასზე არ ვიფიქროთ და არ გავიხსენოთ... დასში 109 მსახიობია, 109-ვეს ცრემლი აქვს თვალზე. არა იმიტომ, რომ მოჩვენებითია ეს ყველაფერი, არა, გულწრფელად დაგვწყდა გული. არც ის მახსოვს, მასზე ვინმეს წყენა ჰქონოდა. ისე, ეს როგორ მოხდებოდა, როცა სიცოცხლით სავსე, მხიარული ადამიანი იყო, რომელიც სულსა და გულს დებდა იმ საქმეში, რასაც აკეთებდა და მუდმივად იმას ცდილობდა, არავინ გაებრაზებინა.

- მათ, ვინც არ იცის იმის შესახებ, რომ კოტეს თეატრში უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული და დღესაც ყველა წამყვან სპექტაკლში თამაშობდა, ვუთხრათ, რომ ის მხოლოდ "ბაბულიკა" არ იყო...

- არა მარტო ჩვენს თეატრში, როლები აქვს შესრულებული ''მარჯანიშვილიში'', თეატრალურ სარდაფში, ჯიბის თეატრში და თეატრში ათეონელზე, ასევე "ძველ სახლში," მაგრამ კოტე მაინც მოზარდმაყურებელთა დასის სრულუფლებიანი წევრი გახლდათ.

"დეჟა ვიუ" იყო ასეთი არაჩვეულებრივი წარმოდგენა (რეჟისორი ხათუნა მილორავა), რომელიც დიდხანს იდგმებოდა, ბოლოს სიცოცხლე ამოწურა და რეპერტუარიდან მოიხსნა, სადაც კოტე მსახიობ ნინო ლეჟავასთან ერთად, საოცრად თამაშობდა... სამწუხაროა, რომ ფართო მაყურებელმა ეს არ იცის და ის მხოლოდ ''ბაბულიკასთან'', ტელესერიალთან ასოცირდება... რთულია ეს ყველაფერი... მაგრამ კოტე ამ სპექტაკლში აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მიმაჩნია, რომ "დეჟა ვიუში" გასახიერებული როლი მის თეატრალურ შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

კოტე ამ სეზონზე არაერთ წარმოდგენაში იყო დაკავებული, მათ შორის, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში "ირინეს ბედნიერება," სადაც ვიქტორი გახლდათ; "კუკარაჩაში" კი მურტალო იყო. შალვა გაწერელიას ეს დადგმა 2013 წელს ოთარ ბაღათურიამ აღადგინა; ბესო კუპრეიშვილის როსინის "სეველიელ დალაქში" (საბავშვო თოჯინური ოპერა) წამყვანის როლი ჰქონდა. შექსპირის "რომეო და ჯულიეტაში" (ლევან წულაძის რეჟისურა) - კაპულეტი, ჯულიეტას მამა; ოთარ ბაღათურიას "ამიკოში" - ტარიელი; გურამ ბრეგაძის "სამეფო ძროხაში" - მწყემსი... ხოლო მისი ბოლო საპრემიერო სპექტაკლში კი იაკობ გრიმი აღმოჩნდა. ზუსტად 9 აპრილს ითამაშა. სპექტაკლი დიმიტრი ხვთისიაშვილმა ძმები გრიმების ზღაპრების "პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი" დადგა. იქ გრიმსაც თამაშობდა და პატარა ბიჭსაც. ორი გარდასახვითი როლი ჰქონდა. ამით კი მსახიობის სასცენო შემოქმედებაში ბოლო პრემიერა, რეპეტიციები და ბოლო სპექტაკლი დაფიქსირდა. დიახ, ბოლო ფეიერვერკული სპექტაკლი, - ასე გამოვიდა... პრემიერა ყველამ მივულოცეთ, დღის 12 საათზე ითამაშა და შემდეგ გზაც დავულოცეთ, მოსკოვში გაფრინდა ისე, რომ უკან აღარ დაბრუნებულა... 

- როგორ განწყობაზე იყო?

- მხიარულზე, როგორც ყოველთვის, ალბათ ადამიანი გარდაცვალების წინ ყოველთვის რაღაცას შინაგანად გრძნობს... ისე, რაც მას ახასიათებდა, ძალიან ჩქარი იყო, მუდმივად სადღაც გარბოდა, ზოგჯერ ვსაყვედურობდი კიდეც, მოდი, ამდენ საქმეს ნუ გააკეთებ და ერთს მიჰყევი-მეთქი, მაგრამ ასეთი იყო, აქტიური, მოძრავი. სიცოცხლით სავსეს სხვანაირად არ შეძლო. ყველგან უნდოდა მისვლა. ყველა პატიჟებდა, ყველას უყვარდა და მასაც არავის წყენინება არ უნდოდა... ეს ყველაფერი ეტყობა, ასე ეწერა.

კოტე დღეს უკვე ყველას ძალიან გვაკლია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| "კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ მთლიანად შეცვალა ჩვენი გეგმები"

იხილეთ ვიდეო: კოტე თოლორდავას ბოლო რეპეტიცია თეატრში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია