ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კონტრტერორისტულ ცენტრში დაკითხვაზე დაიბარეს

პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტი დაკითხვაზე დღეს, 17 აპრილს, 15:00 საათზეა დაბარებული.

უწყების მიხედვით, რომელიც ჟურნალისტს ჩაბარდა, საქმეს შსს კონტრტერორისტული ცენტრის მეორე მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი უსუფ თვალიაშვილი იძიებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 16 აპრილს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს იმის გასარკვევად, ვინ დგას პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გაგზავნის უკან და ვინ მოუწოდებს მათ, ჩაერთონ "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ ბრძოლაში.

შეგახსენებთ, 2 აპრილს, პანკისის ხეობიდან სირიაში 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილი წაიყვანეს. მათ საქართველო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დატოვეს. შს მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს არასრულწლოვანის ასაკი გამოეპარა, რაზედაც გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაასრულა და პოლიციელი ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

12 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტო, სადაც მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი არიან აღბეჭდილები ტერორისტულ ორგანიზაციად წოდებული "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზე. მათ ხელში "კალაშნიკოვის" ავტომატები უჭირავთ. არსებული ინფორმაციით, საქართველოდან სირიაში გაგზავნილი სკოლის მოსწავლეები ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში არიან.

სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას თქმით, ფოტოდან ჩანს, რომ პანკისიდან სირიაში გაგზავნილმა სკოლის მოსწავლეებმა ისლამური ხალიფატის დროშის ქვეშ ფიცი უკვე დადეს და სამხედრო შენაერთებში გაანაწილეს.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია