რობერტ მონდავი - რევოლუციონერი ღვინის წარმოებაში

რობერტ მონდავი - რევოლუციონერი ღვინის წარმოებაში

1988 წელს პოპულარულმა ჟურნალმა დეკანტერმა მას წლის ადამიანი უწოდა. ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ წლის ბიზნეს-ლიდერის წოდება მიანიჭა. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მას როგორ არ მოიხსენიებდნენ - ის იყო ათწლეულის მეღვინე, წლის მეწარმე, ხელოვნების მფარველი და ა.შ.

1997 წელს ჟურნალმა "ვაინსპექთეითერმა" ის დაასახელა ადამიანად, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა ღვინის იმიჯის გაუმჯობესებისთვის. მისი სახელის გარეშე ამერიკის ღვინის მრეწველობის ისტორია წარმოუდგენელია.

იხილეთ გადაცემა

რობერტ მონდავი 1913 წლის 18 ივნისს ამერიკაში, მინესოტას შტატის ქალაქ ჰიბინგში დაიბადა. მამამისი ჩეზარე მონდავი იტალიელი ემიგრანტი იყო და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობდა. მალე ოჯახმა საცხოვრებელი შეიცვალა და მზიან კალიფორნიაში გადასახლდა. ახალ ადგილას ჩეზარეს მიეცა ვენახის გაშენებისა და ღვინის დაყენების შესაძლებლობა. თუმცა სამრეწველო მასშტაბებით ამ ალკოჰოლური სასმელის დამზადება საწარმოს გარეშე შეუძლებელი იყო. მალე მონდავებმანაპას რეგიონში ღვინის მეურნეობა იყიდეს და ბიზნესიც დაიწყეს.

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც ღვინოს აწარმოებენ სამრეწველო მასშტაბებით, არსებობს რეგიონი, რომელიც ამ მიმართულებით არის გამორჩეული. საქართველოში ეს არის კახეთი, საფრანგეთში - ბორდო, ამერიკაში კი, კალიფორნიაში მდებარე ნაპა, სადაც მეღვინეობა ყველაზე მეტად არის განვითარებული და სადაც ყველაზე ძვირადღირებული და ელიტარული ამერიკული ღვინოები მზადდება.

ნაპას რეგიონი მეღვინეობით ცნობილი გახდა 19 საუკუნის შუა პერიოდიდან, როდესაც ჩრდილოეთ კალიფორნია ოქროს ციებ-ცხელებამ მოიცვა. ბევრმა მათგანმა, რომლებმაც კაპიტალი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ოქროს მოპოვებით იშოვეს, მიწა ნაპაში შეიძინეს და ვენახები გააშენეს. კალიფორნიის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ნაპაში ოქრო არ აღმოჩნდა, ამდენად, იმ მიწაზე, რომელიც ოქროს მაძიებლებმა თავის დროზე გადათხარეს, მალე ვენახები გაშენდა.

მონდავები ნაპას რეგიონში 1940-იან წლებში დასახლდნენ. მალევე გაირკვა, რომ ოჯახის წევრებს ბიზნესის წარმოების სხვადასხვა ხედვა ჰქონდათ. დაპირისპირებამ პიკს მიაღწია ოჯახის უფროსის, ჩეზარე მონდავის გარდაცვალების შემდეგ. საქმე ისაა, რომ რობერტს მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება სურდა, მისი ძმა დაჟინებით მოითხოვდა, რომ მასობრივი წარმოება განევითარებინათ, რაც ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებელზე ცუდად აისახებოდა. ერთხელ ძმებს შორის კამათი მუშტი-კრივში გადაიზარდა და რობერტს ოჯახის სხვა წევრებმა კარისკენ მიუთითეს.

რობერტ მონდავის 1966 წელს ბიზნესის თავიდან დაწყება მოუხდა. მაშინ ის უკვე 52 წლის იყო. მან დააარსა თავისი სახელის მატარებელი ღვინის კომპანია. ამით ის პირველი მეღვინე გახდა, რომელმაც 1930 წლის შემდეგ საკუთარი კომპანიის ხელახლა ჩამოყალიბება მოუწია.

პარალელურად, რობერტმა მოლაპარაკება გამართა ძმასთან, რათა ყოფილი საოჯახო კომპანიიდან თავისი წილი გამოეტანა. პროცესი 1976 წელს დასრულდა. შედეგად, პიტერს ღვინის საწარმო დარჩა, სამაგიეროდ, ვენახების ნაწილი რობერტს ერგო.

სანამ თავის წარმატებულ ბიზნესს დაიწყებდა, რობერტმა ევროპაში რამდენიმე გაცნობითი ტური მოაწყო. მან რამდენჯერმა იმოგზაურა ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნებში, შეისწავლა ღვინის წარმოებისა და დისტრიბუციის სისტემები. იმხანად, მსოფლიოში ყველამ იცოდა, რომ საუკეთესო ღვინოები მზადდებოდა ევროპის ქვეყნების ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ბორდო, ბურგუნდია, რიოხა, ტოსკანა და პიემონტი. რაც შეეხება კალიფორნიას და ზოგადად ამერიკულ ღვინოს, იქ ამ პროდუქტს სერიოზულად არც კი განიხილავდნენ.

თავის ბიოგრაფიულ წიგნში "ბედნიერების მოსავალი" რობერტ მონდავი ევროპაში მოგზაურობის წლებს ასე იხსენებს: "მე შევისწავლე ღვინის მუხის კასრებში დაძველების წესი. დავაჭაშნიკე ისეთი ღვინოები, რომლებიც არათუ არ გამესინჯა, მათ შესახებ ამერიკაში არც კი გამეგონა. ევროპაში მოგზაურობისას, გავიცანი მსოფლიოს საუკეთესო მეღვინეები, რომლებმაც თავისი ოსტატობა მაჩვენეს. შედეგად, მე მივხვდი ღვინის მწარმოებლის როლს და ეს პროფესია ახლებურად დავინახე". აღნიშნული წიგნი 1998 წელს დაისტამბა.

რობერტ მონდავის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ე.წ. დიდებული ღვინოები, განსაკუთრებული სასმელები, რომელთაც მსოფლიო დიდება ჰქონდათ მოპოვებული. მაგალითად, ბორდოში ყოფნისას, მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდა კაბერნე სოვინიონი, მერლო, კაბერნე ფრანკი. მან გამოიკვლია მათი ტექსტურა, სტრუქტურა და არომატული თავისებურებები. ბურგუნდიაში რობერტის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პინო ნუარი და შარდონე.

მთავარი, რაც რობერტს მის ძმასა და მის კალიფორნიელ კოლეგებისგან განასხვავებდა, ის იყო, რომ მას სჯეროდა - კალიფორნიაში შესაძლებელი იყო ევროპული ე.წ. დიდებული ღვინოების მსგავსი ხარისხის სასმელის დამზადება. მისთვის მთავარი იყო არა წარმოებული ღვინის რაოდენობა, არამედ წარმოებული სასმელისხარისხობრივი თავისებურებები.

ევროპასა და შესაბამისად, მთელს მსოფლიოში კალიფორნიული ღვინის პოპულარიზებას ხელი შეუწყო ერთმა მოვლენამ, რომელიც ღვინის ისტორიაში „პარიზის სასამართლოს“ სახელით შევიდა.

1976 წლის 24 მაისს პარიზში ღვინის ადგილობრივმა რეალიზატორმა, ინგლისელმა სტივენ სპურიემ ფრანგული და კალიფორნიული ღვინოების ე.წ. ბრმა დეგუსტაცია მოეწყო. ამ მოვლენის კომენტირებისას მისი ორგანიზატორი სტივენ სპურიე ამბობდა: "აღნიშნული დეგუსტაციის მოწყობით მსურდა, მეჩვენებინა ფრანგებისთვის, რომ კალიფორნიულ შარდონეს სრული უფლება აქვს, შეეჯიბროს ბურგუნდიულ თეთრ ღვინოებს და კალიფორნიულივე კაბერნე კი - ბორდოს. მე ვიმედოვნებდი, რომ კალიფორნიული ღვინოები საუკეთესო ღვინოების ხუთეულში მაინც მოხვდებოდნენ, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა."

ბრმა დეგუსტაციის შედეგი ის იყო, რომ ცალკეული შემთხვევებში კალიფორნიულმა ღვინოებმა ფრანგულს აჯობა. დეგუსტაცია მიძღვნილი იყო აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების 200 წლის იუბილის მიმართ. სპურიეს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩატარდა არა მხოლოდ სტანდარტული დეგუსტაცია, როდესაც ღვინის დამჭაშნიკებლისთვის ცნობილი რომელ ღვინოს მიირთმებს, არამედ ე.წ. ბრმა დეგუსტაცია - ასეთ დროს, ჟიურიმ არ იცის, რომელ ბოთლში ვისი წარმოების სასმელია.

ჟიურის ღვინის 11 ავტორიტეტული წევრი წარმოადგენდა. მათ ევალებოდათ ფრანგი და ამერიკელი მწარმოებლების მიერ დამზადებული საუკეთესო შარდონესა და კაბერნე სოვინიონის გამოვლენა. სხვათა შორის, როგორც მოგვიანებით, თავად სტივენ სპურიემ აღიარა, დეგუსტაციის დაწყებამდე ის 100 პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ჟიური საუკეთესოდ მხოლოდ ფრანგული წარმოების ღვინოებს დაასახელებდა. მის ბიზნესს მხოლოდ ფრანგული ღვინოების რეალიზაცია წარმოადგენდა.

რაოდენ დიდი იყო მისი და არა მხოლოდ მისი გაოცება, როდესაც კომპეტენტურმა ჟიურიმ როგორც წითელ, ისე თეთრ ღვინოებს შორის საუკეთესოდ სწორედ ამერიკული წარმოების სასმელი დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგები ბრმა დეგუსტაციის შედეგებს საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ. ამის მიუხედავად,"პარიზის სასამართლომ" ბიძგი მისცა კალიფორნიული ღვინის მსოფლიო აღიარებას.

ამერიკული მედიარობერტ მონდავის საკმაოდ რისკიან ადამიანად ახასიათებდა. მას არასდროს ბეზრდებოდა ექსპერიმენტები და მუდამ სიახლის ძიებაში იყო. მონდავის სახელს უკავშირდება ბევრი ისეთი ნოვაცია, რომელიც იმხანად უფრო აბსურდულ იდეად თუ ჩაითვლებოდა, ვიდრე გონივრულ ბიზნეს-ინიციატივად. თუმცა მონდავის სულაც არ ანაღვლებდა, თუ რას იტყოდნენ მასზე სხვები. მას ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, რომელსაც მისდევდა.

თავის დროზე, ერთერთ ასეთ აბსურდულ ინიციატივად მიიჩნეოდა 1990-აინ წლებში მისი თანამშრომლობის დაწყება ნასასთან - ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოსთან. ნასათან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მევენახეებისთვის უფრო ზუსტი მეტეოპროგნოზის მიწოდება.

1979 წელს შედგა რობერტ მონდავის შეხვედრა ბარონ ფილიპ დე როტშილდთან. ეს მოვლენა მსოფლიო პრესამ შეაფასა, როგორც იტალიელი გლეხის შვილის, რობერტ მონდავის აღიარება ევროპის უმაღლესი არისტოკრატიის მიერ. შეხვედრა დასრულდა საქმიანი თანამშრომლობის დაწყებით. მალე ბაზარზე გამოვიდა ღვინო "OpusOne", რომელიც მალე გახდა პოპულარული მსოფლიოში. ამბობენ, რომ სწორედ აღნიშნულმა სასმელმა მოახდინა იმის პროვოცირება, რომ 1981 წელს ნაპას რეგიონში ღვინის პირველი აუქციონი ჩატარდა. მასზე "OpusOne"-ის პირველი ჩამოსხმის ერთი ყუთი ღვინო 24 ათას დოლარად გაიყიდა. მოგვიანებით, აღნიშნული აუქციონი მსოფლიოს ერთერთ უდიდესი საქველმოქმედო ღონისძიებად გადაიქცა, რომლის დროსაც გროვდება მილიონები ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისთვის.გარდა ამისა, "OpusOne" მოახდინა ნაპას რეგიონში ევროპული ინვესტიციების სტიმულირება. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ათობით ევროპულმა კომპანიამ ნაპაში მიწა შეიძინა და მევენახეობა-მეღვინეობას მიჰყო ხელი.

2005 წელს კალიფორნიელი მეღვინე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გახდა მსოფლიოში ღვინის კულტურის განვითარებისთვის.

რობერტ მონდავი 2008 წლის 16 მაისს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცნობილი იყო არა მხოლოდ როგორც ნიჭიერი და ინოვატორი ბიზნესმენი, არამედ ხელგაშლილი მეცენატი და ფილანტროპი. ის მილიონობით დოლარის შემოწირულობით ეხმარებოდა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტს. რობერტ მონდავიმ დააარსა ნაპაში ხელოვნებისა და ღვინის ცენტრი. მან 20 მილიონი დოლარი შესწირა თავისი ერთ-ერთ ბოლო პროექტს - საკვების, ღვინისა და ხელოვნების ამერიკულ ინსტიტუტს.

გიორგი კალანდაძე

VIDEO| გადაცემა "დიდი ბიზნესი"

"პალიტრა TV/Radio"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა