საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკის მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან აზიმ სადიკოვთან

გასული წლიდან მოყოლებული, რაც ლარმა დოლართან მიმართებაში მკვეთრი ვარდნა დაიწყო, ეროვნული ვალუტის გაუფასურების უამრავი მიზეზი სახელდება, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთი მხრივ, მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. თუმცა, გარკვეულწილად ამაში ეროვნულ ბანკსაც ადანაშაულებს. თავის მხრივ კი ბევრი საუბრობს მთავრობის უუნარობასა და არასწორ პოლიტიკაზე. რა ძირითადი ფაქტორებით არის განპირობებული ლარის გაუფასურება, რამდენად სწორად წარმართა ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა და რა ელის ლარს გრძელვადიან პერიოდში, ამ და სხვა საკითხებზე ბპნ.გე-ს შეკითხვებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი პასუხობს.

- ძირითადად რომელი ფაქტორები განაპირობებენ ლარის უპრეცედენტო გაუფასურებას?

- აშშ დოლართან მიმართებით ლარი 30 პროცენტზე მეტად გაუფასურდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ძირითადად ეს ტენდენცია წინა წლის ნოემბრიდან შეინიშნებოდა. ამას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებდა. პირველი გახლავთ აშშ დოლარის გლობალური გამყარება ბოლო წლის განმავლობაში, რადგან აშშ-ის ფედერალური რეზერვების ბანკმა თვისობრივი შერბილების პროგრამა დაასრულა და საერთაშორისო ბაზრებზე შეიქმნა იმის მოლოდინი, რომ წლის ბოლოს დაიწყება საპროცენტო განაკვეთების ზრდა. არა მხოლოდ გრივნა და რუბლი - თუმცა, უდაოდ, უკრაინა და რუსეთი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიან - გაუფასურდნენ აშშ დოლართან მიმართებაში.

საქართველოს ბევრი სხვა სავაჭრო პარტნიორის ვალუტაც გაუფასურდა. მაგალითად, ევრო 20 პროცენტზე მეტად დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში, მაშინ როდესაც თურქული ლირა - თითქმის 30 პროცენტით. ლარის გაუფასურების მეორე მიზეზი გახლავთ გარე შოკებიდან მომდინარე ეფექტი, რასაც გავლენა აქვს მთელს რეგიონზე და საქართველოზე. საქართველოდან ექსპორტი და ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად - 25-30 პროცენტით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში ფინანსური ნაკადების შემოდინების შემცირებამ გააფართოვა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და საგარეო დაფინანსების დანაკლისი, რამაც ზეწოლა იქონია ლარზე.

-მთავრობა ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურების ლომის წილი საგარეო ფაქტორებზე მოდის. ნუთუ მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელი იყო? საქართველოს მთავრობას შეეძლო საჭირო ნაბიჯების გადადგმა ამგვარი ღრმა კრიზისის თავიდან ასაცილებლად?

-ნამდვილად, ლარის გაცვლითი კურსის გაუარესება აშშ დოლარის მიმართ თითქმის მთლიანად გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. თქვენს პირველ კითხვაზე პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩემ მიერ ნახსენები ორივე ფაქტორის პროგნოზირება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება დოლარის გლობალურ გამყარებას, ბევრი ეკონომისტი წინასწარ გრძნობდა ამის ალბათობას აშშ ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, თუმცა ვერავინ შეძლებდა დოლარის გამყარების დროის, ან მასშტაბების წინასწარ განჭვრეტას. ყოველივე ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ საერთაშორსო ბაზრები აშშ ეკონომიკის ამსახველ მონაცემებს და როგორ ახდენენ ფედერალური რეზერვების ბანკის მოქმედებების ინტერპრეტაციას.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ე.ი. რეგიონზე გავლენის მქონე გარე შოკებს, საეჭვოა, რომ ვინმეს შესძლებოდა უკრაინაში არსებული კონფლიქტის გამოსავლის და ნავთობზე ფასების ასეთი მკვეთრი ვარდნის პროგნოზირება. ამ ყველაფრის არსი ის გახლავთ, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის იქონიებენ საგარეო შოკები დარტყმის ეფექტს ქვეყნის ეკონომიკაზე, დიდი იქნება თუ მცირე მათი მასშტაბი, მუდმივი იქნება თუ დროებითი მათი ზეგავლენა. ეს გარემოებები ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელთა კონტროლის არეალს სცილდება. თუმცა, მათ შეუძლიათ სწორედ იმგვარი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას შეამზადებს პოტენციური შოკებისთვის, შეამცირებს სისუსტეებს და გააძლიერებს ამტანობას. ნამდვილად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სარეზერვო დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამა, მიზნად ისახავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და უცხოური რეზერვების შენარჩუნებას ჯანსაღი ეკონომიკისთვის საჭირო დონეზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია