მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოწოდება იყო "არ დაიჭირო". აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, შეწყდეს ადამიანების დაჭერა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მარიხუანას ეწევიან.
აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები და სხვ. მათ შორის "თავისუფალი დემოკრატები", რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორი "2 ივნისის მოძრაობა" გახლდათ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, აქცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბოლნისსა და ზუგდიდში ჩატარდება.
"2 ივნისის მოძრაობის" წარმომადგენლის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, საჭიროა შეწყდეს შერჩევითი ნარკოტესტები ქუჩაში და საჭიროა კანონის ლიბერალიზაცია.
"უნდა შეწყდეს ქუჩის შერჩევითი ნარკოტესტები. დღევანდელი აქცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ კანონპროექტმა, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, მიიღოს უფრო დიდი მხარდაჭერა. ჩვენი ინფორმაციით და არსებული მონაცემებით, ამ კანონპროექტს მხარს უჭერენ "ნაციონალური მოძრაობიდან" ახლახან წამოსული დეპუტატები და, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის ავტორი გოგა ხაჩიძე, ასევე "თავისუფალი დემოკრატები". "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ კანონპროექტს და ასევე მხარს უჭერენ "რესპუბლიკელებიც". ხელისუფლების პოზიციაა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად დეკრიმინალიზაციისთვის. საზოგადოება თუ მოვა და აჩვენებს, რომ მზად არის, ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს კანონპროექტის მისაღებად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლექსო მაჭავარიანმა.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, დავით სუბელიანის თქმით, დეკრიმინალიზაციის პირობებში სრულიად შესაძლებელია, რომ იყოს ზომიერი ადმინისტრაციული სანქციები და ეს განსაზღვრულია გოგა ხაჩიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
"ასე არის ადმინისტრაციული სანქციები თამბაქოსთან მიმართებაშიც. მაგალითად, ბავშვისთვის თამბაქოს მიყიდვა ადმინისტრაციულად ისჯება. ეს ადამინისტრაციული სასჯელები წარმოდგენილია კანონპროექტშიც და ამ კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას პირველ მოხმარებაზე, ან პირადი მოხმარებისთვის შენახვაზე იქნება განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევებში, იქნება 300 ლარი ჯარიმა და მესამე შემთხვევაზე, თავისუფლების აღკვეთა აღარ იქნება", - განაცხადა სუბელიანმა.
ჯონი პატარკაციშვილი