"სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას აუცილებლად აასრულებს" - რა საფრთხეზე საუბრობს ლაშა მახარაძის დედა

"სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას აუცილებლად აასრულებს" - რა საფრთხეზე საუბრობს ლაშა მახარაძის დედა

მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს ყველა ღონე იხმაროს, რათა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს.

როგორც დიდებულიძემ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, ოქროპირიძე ბევრ ადამიანს ემუქრება სიკვდილით, რასაც აუცილებლად აასრულებს.

"თუ ცდილობენ რაიმე ავტორიტეტი შეინარჩუნონ, ყველანაირი ძალა უნდა იხმარონ, რომ ოქროპირიძე არ გამოუშვან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე დანაშაულს, რადგან გამწარებულია ბევრ ხალხზე, რომლებიც არ მალავენ მის დანაშაულს. სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა, შუბლს ვის გაუხვრეტდა და ამას ის აუცილებლად აასრულებს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

მახარაძის ოჯახის ახლობლის, ზაალ ჟვანიას თქმით კი, იმ შემთხვევაში თუ ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, იძულებული გახდება შური თავადვე იძიოს.

"სახელმწიფოს მთავრობა არ ჰყავს, სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს. რაღაცა სახლობანას თამაშობენ და წარმოუდგენელ საშინელებებს ჩადიან. დაველოდები კიდევ ერთხელ, რა მოხდება და და თუ არაფერი საშველი არ დადგა, მე თვითონ დავიწყებ სამართლიანობის აღდგენას, მე თვითონ ვიძიებ შურს. ასე "ჩმორიკივით" ვერ ვიჯდები და ვერ ვუყურებ ამ იდიოტების პარპაშს", - განაცხადა ჟვანიამ.

ოქროპირიძის ადვოკატი დავით მოდებაძე კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებისთვის საშიში არ არის.

"კონსტიტუცია ადგენს, რომ თუ ბრალდებული არ გასამართლდება 9 თვის განმავლობაში და თუ მის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ის უნდა გათავისუფლდეს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ