გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

გიორგი ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისთვის ახალ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 12:00 საათზე გაიმართება. სხდომის მოსამართლეა გოგიტა თოთოსაშვილი. პროკურატურის განცხადებით, ბრალდების მხარე ოქროპირიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის N8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის N8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს; მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 12 ივნისს ეწურება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ