როგორ ასახავდა თბილისურ ამბებს საუკუნის წინანდელი პრესა - დაფარული ამბები დედაქალაქის ცხოვრებიდან

როგორ ასახავდა თბილისურ ამბებს საუკუნის წინანდელი პრესა - დაფარული ამბები დედაქალაქის ცხოვრებიდან

ჟურნალისტი ირმა სინაურიძე-მაყაშვილი "პალიტრა TV"-ზე საავტორო პროექტით ბრუნდება (ადრე დილის გადაცემის პროდიუსერი იყო და ასევე ჰქონდა საავტორო გადაცემა - "თბილისიური ამბები"). ახლა დოკუმენტური ფილმების სერიას გვთავაზობს, რითაც, როგორც ამბობს, ბევრ საინტერესოს გვპირდება...

ეს ქალბატონი თბილისზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია და ამ ქალაქში მუდმივად საინტერესოს ეძებს, როგორც მის წარსულში, ისე აწმყოში...

ირმა:

- "თბილისური ამბები" რაღაც ჩემი ბრენდი მგონია, შვილივით ვუფრთხილდები და მიყვარს. მასზე მუშაობა 2003 წელს, "იმედში" დავიწყე და საკმაოდ რეიტინგული გადაცემა იყო. ზოგჯერ მგონია, რომ თბილისის წარსულით ვცხოვრობ, თუმცა მანამდე სხვა პროექტებზეც მიმუშავია ("მე ვალი დამრჩა საქართველოში" თბილისში მოღავაწე უცხოელებზე იყო და გადაცემა "დასავიწყებლად არ მემეტები") - მოკლედ, ნებით თუ უნებლიეთ შევეჩეხე თბილისის წარსულს, ადამიანებს და ამ ყველაფერმა ჩემს გულში დიდი ადგილი დაიმკვიდრა. გული მწყდება, რომ ბევრი რამ დაფარულია, არ არის ცნობილი და დავიწყების მტვერი ეყრება. ამ ქალაქში მუდმივად დავდივარ და წარსულს, საინტერესო ამბებს, ადამიანების ისტორიებს დავეძებ, რომლებიც თბილისს და თბილისელობას უკავშირდება.

- მოკლედ, ამჯერად რას სთავაზობთ "პალიტრა ტვ"-ს მაყურებელს?

- 26-წუთიან დოკუმენტურ ფილმებს. ყოველ კვირა ეს იქნება უცხო ფაქტები, რომელებიც ფართო წრისთვის არ არის ცნობილი. ეს არის მაგალითად, ახალი კუთხით დანახული ფიროსმანი (უფრო ჩემი თვალით) და იმ მასალებზე დაფუძნებული, რაც შემორჩენილია. ფილმი მაგალითად, ძველი თბილისის სასტუმრო ბიზნესსა და საერთოდ, სასტუმროებზე, რომელიც მართლა საინტერესო სანახავი იქნება.

ახლა ჟურნალისტის იმ ჩანაწერებიდან ეპიზოდებს გთავაზობთ, რომელიც მას, ამ ქალაქში სხვადასხვა ადგილის მონახულების შემდეგ გაუკეთებია:

"სამწუხაროდ, იმ არქიტექტორთა შესახებ, რომლებმაც თბილისი "დახატეს", იმდენად მწირია ინფორმაცია (ან სულ არ არის), დიდი სურვილი მიჩნდება ხოლმე, დროის მანქანა მქონდეს და უკან, წარსულში გავემგზავრო... ის ადამიანებიც ნელ-ნელა მიდიან, ვისაც ამ მშენებლობების თვითმხილველი ბებიების ან ბაბუებისგან აქვთ ზღაპარივით მოყოლილი და გონებაში ჩარჩენილი ტფილისური ამბები... სწორედ, ერთ-ერთი მათგანის სტუმარი ცოტა ხნის წინ ფინჯან ყავასა და თითო კოლოფ სიგარეტზე გახლდით. ძველ ქალაქზე იმდენი ვიჭოვერავეთ, როგორ გაიპარა ოთხი საათი - ვერც მივხვდი... ჰოდა, დღეს პირველად გავიგე, რომ სახლი, რომელსაც 20 წელზე მეტია, ყოველ დღე, დღეში ცხრაჯერ მაინც ვუვლი წინ, იტალიელ ქვისმთლელს - ანჯელო ანდრეოლეტის თავისთვის საცხოვრებლად აუგია და იქ უცხოვრია კიდეც... ანდრეოლეტის მიერ ქვაში გამოკვეთილი სასწაულები, ნახევარი თბილისის შენობებს მისტიკურ და ჯადოსნურ იერს აძლევს, თავისთვის კი, ისეთი სადა სახლი აუშენებია, გამიკვირდა კიდეც... ეს სწორედ ის ანდრიოლეტია, რომლის მიერ მარმარილოში გამოთლილმა ჰარმონიამ ქაშვეთის ტაძარი შემოსა... ვიფიქრე, იქნებ მისი ნასახლარისთვის პატარა აბრა მიგვემაგრებინა... ეს ხომ დიდ თანხასთან არ არის დაკავშირებული?.. დიახ, ყველა სახლს, რომელთა ისტორიაც ვიცით, რომელთა ისტორიის გაგებაც შეიძლება, აბრები რომ მივამაგროთ, ხომ დაემსგავსება თბილისი ზღაპრების ქალაქს?! სხვათა შორის, ახლანდელი "თი-ბი-სი ბანკის" სათავო ოფისის შესასვლელში, როცა ხაზარაძის უწყება არემონტებდა, არ ვიცი, უცოდინრობით თუ გამიზნულად, იატაკიდან ამოტეხეს დიდი ოქროსფერი წარწერა "ანჯელო ანდრეოლეტი", იგი, ხომ თავის ძმასთან, ედუარდოსთან ერთად ამ დიდებული შენობის აგებაში მონაწილეობდა... მერე რა, რომ წარწერა რუსულად იყო შესრულებული?!"

* * *

"გერმანელთ, ტფილისში, ახალი დიდი ეკლესია ააგეს მიხეილის ქუჩაზე... აკურთხეს 1897 წელს," - ასე წერია, 1897 წლის გაზეთ "ივერიაში". ეს ლუთერანული ეკლესია გახლდათ... ულამაზესი არქიტექტურის შენობა, რომელიც კომუნისტებმა 1946 წელს გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლი ააგეს, რომლის ასაშენებლადაც დანგრეული ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ... ამ ეკლესიის უკანასკნელი პასტორი, რიჰარდ მაიერი, ალბათ ღმერთმა დაიფარა, რომ ტაძრის მიწასთან გასწორებას არ მოესწრო. იგი 1931 წელს დაუპატიმრებიათ და 35-ში დაუხვრეტიათ... ფორუმებში წერენ, რომ ეს ეკლესია, სამწუხაროდ მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი... თუმცა, მთლად ასე არ არის. ეკლესიის ნაწილი, დღემდე დგას, მარჯანიშვილის ქუჩაზე... იმ ნაწილში პასტორებს უცხოვრიათ... და გიმნაზიის მაგვარი დაწესებულებაც ჰქონიათ... ხოლო იქვე ეზოში, გერმანელების და მათ შორის, ამ ეკლესიის მსახურთა საფლავები ყოფილა... ამ საფლავების ქვების ნატეხები, ათიოდე წლის წინ, თურმე კიდევ იყო გაფანტული ეზოში... ახლა იქ, აღარაფერია... მაცხოვრებლებს, საკუჭნაოები აქვთ აშენებული... კაცმა რომ გვკითხოს, ტოლერანტული ერი ვართ... თუმცა, რა... მარო მაყაშვილისა და იუნკერების ძვლებზე პარლამენტის შენობა გვიდგას... რაც შეეხება გერმანული ეკლესიის შემორჩენილ ნაწილს, მერის ადგილზე რომ ვიყო, დავფიქრდებოდი და ვიტყოდი: მე ამისგან გავაკეთებ. ეს ხუმრობით! სერიოზულად კი, შესანარჩუნებელი და არ დასავიწყებელია...

კიდევ ერთი... რამდენიმე ფოტოზე, რომელიც შენობის შიგნით გადავიღე... უცნაური მრგვალი ნათება გამოჩნდა... არაფერს ვამტკიცებ, რა მგონია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადგილებში, სადაც ფოტოზე ნათებაა, ნაბიჯების ხმა იყო... თუმცა შენობაში, ჩემ გარდა არავინ მოძრაობდა"...

* * *

"დღეს, მშრალ ხიდზე, მირზოევების ნასახლარში შევბორიალდი. სწორედ იმ მირზოევების, რომელთა მეეზოვეც, იეზიდი რაშიდ ადამოვი ნიკალამ საუკუნეებს დაუტოვა... მაგრამ, ახლა ეს არაფერ შუაშია... მოკლედ, ამ მირზოევების სახლში, ვინმე ჰექტორ დელალანდს, 1881 წელს სასტუმრო "გრანდ ოტელი" გაუხსნია. 1901 წელს ზაფხულის პირას, ამ სასტუმროში სროლის ხმა გაისმა. მეორე დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობდა, რომ "გრანდ ოტელში", ახალგაზრდა ვაჟმა მძინარე ქალს რევოლვერი ესროლა და მერე ვიდრე თავს მოიკლავდა, სამი წერილი დაწერა, ერთში მოკლულის ქმარს მიმართავდა, მეორეში – ვაჟიშვილს, მესამე კი მასპინძლისადმი მობოდიშებას წარმოადგენდა. ამ ყველაფერს მოკლულის 5 წლის ვაჟი უყურებდაო, - წერდა, მაშინდელი პრესა.…

ეს ქალი, გენიალური ედვარდ მუნკის მუზა, დაგნი იუელი გახლდათ, მკვლელი კი, მასზე უგონოდ შეყვარებული... ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი.

დღეს, "გრანდ ოტელის" უძველესი შენობის სადარბაზოში შარდის და სიძველის სუნი ერთმანეთშია არეული... მხოლოდ ფიქრში თუ წარმოიდგენ, რომ აქ, ერთ-ერთ ნომერში, რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა, ცხოვრობდა ქალი, რომლის სახელი ევროპაში ხელოვნებასთან და ბოჰემურ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა და დღემდე, იქ მასზე ლეგენდები დადის. დაგნი კი, სამუდამოდ საქართველოში დარჩა... იგი კუკიის სასაფლაოზე განისვენებს.

იქნებ, გამოჩნდეს ადამიანი, ვინც გრანდ-ოტელს, თავის პირვანდელ სახეს აღუდგენს, ხოლო აქ დატრიალებულ ამბავს, რაღაც ფორმით, დავიწყების მტვერს გადააცლის და ყველასთვის გასაგებს გახდის".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია