რას ყვება სამხედრო ხელმძღვანელი "X ფაქტორის" რიგით ნაკაშიძეზე - "ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის!"

რას ყვება სამხედრო ხელმძღვანელი "X ფაქტორის" რიგით ნაკაშიძეზე - "ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის!"

მეგაშოუ "X ფაქტორის" ბოლო ლაივ-კონცერტის მაყურებლის რჩეული უკვე მესამედ, გიორგი ნაკაშიძე გახდა. გიორგი აჭარიდან არის, ბათუმელია და მისი პორტრეტული ინტერვიუ AMBEBI.GE-მ ცოტა ხნის წინ შემოგთავაზათ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემით არის დაჯილდოებული, ამ ეტაპისთვის ჯარისკაცობა უწევს და სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის.

ამჯერად მის სამხედრო ხელმძღვანელს, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების დაცვის სამმართველოს უფროსს ჯუმბერ ბათაძეს ვესაუბრეთ. ის გიორგიზე, როგორც ჯარისკაცზე, ისე საუბრობს.

- რიგით გიორგი ნაკაშიძეს, როგორც ჯარისკაცს როგორ დაახასიათებთ? რა დანაყოფში უწევს მას სამსახური?

- გიორგიმ წარმატებით გაიარა ერთთვიანი სადღეღამისო სამხედრო შეკრება. სამსახურის პერიოდში არ მიუღია რაიმე სახის შენიშვნა. არის ძალიან თავმდაბალი, შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ადამიანი.

- ძალიან მუსიკალურია. ეს მონაცემები თავიდანვე შეატყვეთ მას?

- გიორგის მუსიკალური ნიჭის შესახებ თავიდანვე იყო ჩვენთვის ცნობილი. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა ყმაწვილი არ შეუშინდა კონკურენციას და აქტიურად ჩაება ამ პროექტში.

- რამდენად ჰქონდა ამ კონკურსში მონაწილეობის უფლება? რაიმე წესი და კანონი ხომ არ დაირღვა და გამონაკლისის სახით ხომ არ მიეცა ნებართვა?

-მიმაჩნია, რომ გიორგის მსგავსი ნიჭისა და პერსპექტივის მქონე ახალგაზრდის ხელშეწყობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჩვენი სამსახურის ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა, განსაკუთრებული ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათთვის შესაბამისი პირობებისა და გარემოს შექმნა. ამ ტიპის კონკურსში მონაწილეობა არ შედის იმ საქმიანობათა რიცხვში, რომელიც ეკრძალება სდსს-ს თანამშრომელს. შესაბამისად, რაიმე სახის ნებართვა, მით უფრო გამონაკლისის სახით, საჭირო არ ყოფილა.

- მას ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა უწევს, ვინაიდან რეპეტიციებს გადის. ამ პერიოდში ჯარს მოცილებულია. ეს დრო მაინც ეთვლება სამხედრო სამსახურში?

- გიორგი ნაკაშიძე გადის საკონტრაქტო სამსახურს, რომლის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი იძლევა მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალებას. სდსს-ში საკონტრაქტო სამსახურის გავლა სამხედრო ვალდებულების მოხდად ითვლება.

- როდის ასრულებს თქვენთან სამსახურს?

- სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახური ერთწლიანია. გიორგიმ სამხედრო ფიცი 2014 წლის 28 დეკემბერს დადო და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს 2015 წლის 28 დეკემბერს დაასრულებს.

- წესრიგის მოყვარული ადამიანია?

- გიორგი მოწესრიგებული ჯარისკაცია. პასუხისმგებლობით და მონდომებით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.

- ნიჭიერი ბიჭიც არის და შოუში მის ჯარისკაცობას რომ ესმევა ხაზი, ამით კიდევ მეტად მოსწონს მაყურებელს. მგონი, ქართულ ჯარს პოპულარიზაციას უწევს კიდეც. რას იტყვით?

- გეთანხმებით, რომ გიორგის მონაწილეობა ქართულ ტელესივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუში გარკვეული დოზით და ფორმით ჩვენი სამსახურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიძლიერებს გიორგის მხარდაჭერის სურვილს.

- თუ მოგწონთ მუსიკის ჟანრი, რომელშიც ის მუშაობს?

- მუსიკალური ჟანრის მოწონება თუ არმოწონება გემოვნების საკითხია, თუმცა გიორგის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული მსოფლიო ჰიტები არა მგონია, გულგრილს ტოვებდეს ნებისმიერი გემოვნების მსმენელს.

- თუ ესწრებით მის კონცერტებს და რა რჩევებს აძლევთ?

- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ კონცერტებზე დასწრებას, თუმცა ტელეეკრანთან ყოველთვის ვგულშემატკივრობ. მუსიკალური კუთხით, მიმაჩნია, რომ ჩემი რჩევები ამ მიმართულებით არ იქნება გამართლებული. ერთადერთი, რაც შემიძლია ვურჩიო, ბოლომდე დაიხარჯოს და არ დაკარგოს სულისკვეთება.

- როგორ გგონიათ, გაიმარჯვებს? და რას უსურვებთ?

- გიორგი ქართველი ჯარისკაცია და ვალდებულია, შემართებით იბრძოლოს გამარჯვებისთვის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. წარმატებებს ვუსურვებ მას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ჯარისკაცი რჩეულია! - გიორგი ნაკაშიძე პოზიტიური ენერგიით "X ფაქტორის" სცენაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია