როგორ გადაურჩა სიკვდილს გმირთა მოედანზე მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც მზესუმზირასა და სიგარეტს ყიდის

როგორ გადაურჩა სიკვდილს გმირთა მოედანზე მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც მზესუმზირასა და სიგარეტს ყიდის

13 ივნისის ტრაგედიის ღამეს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაკარგულებიც, რამდენიმე მათგანი უკვე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ზოგს გაუმართლა და ცოცხალი გადარჩა. მათ შორის იყო მარტოხელა მოხუცი მზია გორგიშელი, რომელიც გმირთა მოედანზე 11 სართულიანი კორპუსის ტერიტორიაზე მზესუმზირას და სიგარეტს ყიდის. ტრაგედიის ღამეს წყალმა ისიც გაიტაცა. როგორ გადაურჩა სიკვდილს, ამის შესახებ Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობს.

- წლებია, გმირთა მოედანზე მზესუმზირას და სიგარეტს ვყიდი ღერებით, ეს არის ჩემი შემოსავალი. ქარში, წვიმაში, ზამთარში, გვიანობამდე ქუჩაში ვზივარ ლუკმა-პურისთვის. ჩემთვის ყველა კაპიკი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინვალიდი ქალი ვარ. წელში ვეღარ ვსწორდები, სიარული მიჭირს, მაგრამ რა ვქნა, მშიერი ხო არ მოვკვდები?

სტიქიის ღამესაც ქუჩაში ვიყავი. წვიმა როცა დაიწყო, გასართობ ცენტრში შევედი, როცა ძალიან მცივა ან წვიმს, იქ ვაფარებ კუთხეში თავს. ვიფიქრე, წვიმა გადაიღებდა, მაგრამ უფრო და უფრო დაუშვა. ადიდდა წყალი და ფანჯარა შემოამტვრია. შემეშინდა, მეგონა ოკეანე მოვარდა, გარეთ გამოსვლა ვცადე და კარი რომ გავაღე, ტალღა დამეჯახა. წყალი კედლებს მახეთქებდა, შემდეგ ტალღამ გარეთ გამომაგდო, გვერდით კაზინოში შემაგდო.  მივხვდი, მარტო ვიყავი, ვკიოდი, ვტიროდი, ვხვდებოდი ვკვდებოდი, რამ მომაფიქრა არ ვიცი, გამახსენდა, რომ კაზინოს კიბით ქვემოთ ჩასასვლელი აქვს, მივხვდი, წყალი იქ თუ ჩამაგდებდა დავიხრჩობოდი. გამოვცურე რაღაცნაირად, გარეთ ქოთნებთან ჯაჭვს მოვეჭიდე, დავყვებოდი ამ ჯაჭვს. ვყვიროდი, გასართობ ცენტრს აქვს პატარა "ფორთოჩკა", თანამშრომელმა ნინომ გადმომხედა ყვირილზე, ჩამოვიდა ნინო მეორე სართულზე, გამოაღო ფანჯარა, დადგა ამ ფანჯარაზე, ხელი მომკიდა და ამათრია ზევით.

ავედით თუ არა, მეორე სართულზეც შემოვარდა წყალი. ფეხს მიწაზე ვეღარ ვდებდი, ვერაფერს ვხედავდი, ქვიშით მქონდა თვალები დაფარული. ვიფიქრე, თვალის ჩინი წამერთვა, მაგრამ მთავარი იყო, არ მოვმკვდარიყავი. ნინოს დედა მომდგარი იყო გმირთა მოედანს, გულმა სახლში არ გააჩერა, მისგან გავიგეთ, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა შენობა. ნინოს უთხრა შენობა წყლით ივსება და იქნებ გარეთ გამოხვიდეთო. გავვარდით მეორე გასასვლელთან, კარი ჩაკეტილი იყო, ამიტომ ნინომ საიდანაც შემაგდო გასართობ ცენტრში, იქედან გადმოვედით. წყალს მივქონდით, ძალა აღარ მქონდა, ნინოზე მქონდა ხელი შემოხვეული, კივილის თავიც აღარ მქონდა, კიოდნენ გოგონებიც, საათების მაღაზიის მხრიდან ხმა მოგვესმა, ნინომ როგორმე იქეთ უნდა გადავიდეთო. ხალხი კიოდა, ლოცულობდა. ხელი გამეშვა, გამიტაცა წყალმა, მიწაზე მაფორთხა, თავზე გადამდიოდა ოკეანე, შემდეგ გონება დავკარგე. ამომათრია ხალხმა, ყურში მეძახდნენ მზია გამაგრდი, ცოტაც და მივალთო. ასე მათრიეს და მერე მოვიდნენ ვიღაცეები.

- ბოლოს სამაშველომ გადაგარჩინათ?

- არ ვიცი, ვინ იყო, მე ხომ ვერაფერს ვხედავდი? სავარაუდოდ, მაშველები იყვნენ, აბა, იმ ოკეანეში ვინ შემოვიდოდა? კაცების ხმა მესმოდა, უი, გოგონებო თქვენ ხართ? ეს მოხუციც თქვენთან არისო. ჩაგვსვეს რაღაც მანქანაში, მე, ნინო და მისი ამხანაგი ერთ სკამზე ვიჯექით. ყურში მეუბნებოდნენ ის ბიჭები, ბებო გამაგრდიო. ვკანკალებდი, გოგოები მწმინდავდნენ, მაგრამ მათაც ჭუჭყიანი ხელები ჰქონდათ, რას გამწმინდავდნენ. კარგა ხანი ვიყავით იმ ბიჭებთან, ვკანკალებდი, შემდეგ გადამსვეს რაღაც მანქანაში და ვაკეში, ნინოს სახლში წამიყვანეს. დამბანეს, თვალებში რაღაცეები მასხეს და თვალის ჩინი დამიბრუნდა. სულ ქვიშით მქონდა სასვე, ამიტომ ვერ ვხედავდი. ფეხები მაქვს დაზიანებული, ბარძაყები და ვენები დაშრამული მაქვს. წყალმა რომ მაფორთხა, ალბათ მაგის ბრალია. მკლავები უფრო მსუბუქად დაზიანებული მაქვს. რაც მქონდა ყველაფერი წყალმა წაიღო და დავრჩი ასე, ყველაფრის გარეშე ქვეყანაზე ეს ინვალიდი ქალი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია