ცხოველთა ძებნის შესახებ კრიზისების საბჭო ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

ცხოველთა ძებნის შესახებ კრიზისების საბჭო ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

შესაბამისი სამსახურები მონადირეთა ჯგუფებთან ერთად, ცხოველთა ძებნას კვლავ განაგრძობენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის დაფიქსირების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოხალისე მონადირეთა ჯგუფებთან ერთად შეამოწმეს კუს ტბის, ეთნოგრაფიული მუზეუმისა და სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, მტაცებელი არსად დაფიქსირდა.

"შესაბამისი სამსახურები მონადირეთა ჯგუფებთან ერთად კვლავ აგრძელებენ ცხოველთა ძებნას. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - განაცხადა ღიბრაძემ.

რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკაში მტკვრის მიერ ზოლებიანი აფთრის გამორიყვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, ღიბრაძის თქმით, ამ მომენტში ამ ადგილისკენ მიემართებიან ზოოპარკის და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რათა ცხოველის იდენტიფიცირება მოხდეს.

"სულ 112-ში გარეულ ცხოველთა ამა თუ იმ ადგილზე დაფიქსირების თაობაზე ამ დროისთვის 72 ზარი შევიდა. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა", - განაცხადა ღიბრაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით (19 ივნისის 14:30 საათის მონაცემებით) ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 948 ბენეფიციარს ჩაუტარდა.

"იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მზიურის ტერიტორიიდან შეყვანილია ერთი მოხალისე, თავის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით, ამ ეტაპზე ზუსტდება დიაგნოზი, უტარდება კვლევები", - აღნიშნა ღიბრაძემ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ბიოსაფრთხის რისკის შემცირების მიზნით ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოაწყვეს. ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს. ზოოპარკის ტერიტორიიდან გამომავალი ავტომობილების საბურავები სპეციალური ხსნარით მუშავდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია (დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი).

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია