ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება. როგორც თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული სისტემა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ხეობის მთელ სიგრძეზე რეაგირება სწრაფად მოხდეს.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზიანებულ მაგისტრალს, როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, დღეს პრემიერ-მინისტრთან თათბირის დროს დასმული იყო საკითხი, რომ შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ მოიქცნენ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით.

"ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოვიქცეთ. პირადად ჩემი გადმოსახედია, რომ იყო თუ არ იყო ამ გზის მშენებლობის დროს შეცდომები დაშვებული, დიდი ალბათობით, იყო ეს შეცდომები დაშვებული და ამას სავარაუდოდ, დიდი ალბათობით დასკვნებიც დადებს და იტყვის, ამის მიუხედავად, ამ წუთში აღნიშნული მაგისტრალის აღდგენა ეკონომიკურად გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ ჩვენ საცობები გვქონდეს ქალაქში სექტემბრის თვიდან. ჩვენი მოსახლეობა საათების განმავლობაში საცობებში იდგეს და ქალაქი პარალიზებული გვქონდეს. მიზანშეწონილობას და ყველაფერს სამუშაო ჯგუფებში და კომისიის დონეზე მივიღებთ. უმთავრესი ამის ზევით არის სიცოცხლე, ადამიანის უსაფრთხოება და ამისთვის უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ერთი კვირის მანძილზე ადრეული შეტყობინების სისტემა დადგება ხეობაში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ხეობის მთელ სიგრძეზე სწრაფად მოხდეს რეაგირება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარდა ამისა, ქუმსიშვილის თქმით, თბილისში არსებული მდინარეების ბუნების შესწავლა განხორციელდება.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მდინარის ჭალებში მშენებლობა არ შეიძლება. მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, ერთი ნებართვაა გაცემული და მშენებლობა მიმდინარეობს, მეტი ნებართვა გაცემული არ არის.

"ჩვენ დამოუკიდებლად მოგვიწევს ამ კომპანიასთან საუბარი და მათაც უნდა მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები. განიხილება შესაძლებლობა იმისა, რომ გაჩნდეს კიდევ ახალი ზონა. არსებობს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, საცხოვრებელი, სამეწარმეო ზონა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაღალი რისკის შემცველი ზონა გავაჩინოთ კანონმდებლობაში და ამაზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. გავა თუ არა ეს ბოლომდე, მე ეს არ ვიცი, მაგრამ იდეის დონზე ეს დაძრულია და ვფიქრობთ, რომ რა მიმართულებითაც ბუნებამ გვაჩვენა, რომ ეს არის საშიში, მას უნდა მიენიჭოს ეს ზონა და ყველამ იცოდეს, რომ იქ ცხოვრება არის ასეთი. იქნება სკვერი. დღისითაც დავაყენებთ ადრეული შეტყობინების სისტემას და თუ რამე მოხდა, დღისითაც გავიყვანთ იქიდან ხალხს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, თბილისში ბევრი სხვა მდინარეცაა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ღვარცოფიანია და კომისიის ფარგლებში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ მდინარეების ბუნების შესწავლა მოხდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრობლემა შეგვექმნა ვერეს ხეობაში, გვქონდა პრობლემა გლდანულაზე, დიღმულაზე. ესენი თავიანთი ბუნებით მთის მდინარეებია და შესაბამისად, მათ სჭირდებათ გაფრთხილება, რადგან ძალიან სწრაფად კრებს წვიმის წყალს და შესაბამისად, მერე ერთობლივად ჩამოაქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მათი ბუნება იქნება შესაწავლილი და ამ მიმართულებით გადაწყვეტილებები მიღებულია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია