თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა

თბილისელი გოგო, რომელიც წარმატებული ფერმერი გახდა

ბიზნეს PRESS -ის მორიგი სტუმარი კიდევ ერთი ქალი ბიზნესმენია. ადამიანი, რომელიც თბილისში დაიბადა, გაიზარდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სოფლის მეურნეობისთვის მოეკიდა ხელი და საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი ამ საქმიანობას. რატომ გადაწყვიტა თბილისელმა გოგონამ სოფლის მეურნეობის განვითარება და რა მთავარი პრინციპებით ცხოვრობს ერთ-ერთი დიდი აგროკომპლექსის მფლობელი, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე, ამას გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობთ.

-გამორჩეული და საინტერესო ბიზნესისტორია გაქვთ, რომელიც ნულიდან იწყება და დღეს უკვე საკამოდ წარმატებულია. თუმცა მიზნები შორსმიმავალია. ყველაფერი კი დაიწყო 1995 წელს, როდესაც თქვენ, სულ რაღაც 100 დოლარით, ამერიკაში წახვედით. შემდეგ რა მოხდა?

-ნამდვილად ასე იყო. მე, სამწუხაროდ, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განათლების მიღების საშუალება საქართველოში არ ჰქონდა, მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. დედ-მამამ შეაგროვა თანხა, ისესხეს და 100 დოლარით ამერიკაში გამიშვეს. სიმართლე გითხრათ, ალბათ ეს ყველაზე კარგი წლები იყო. მაშინ გავბრაზდი ჩემს ქვეყანაზე, როდესაც ვნახე იქ როგორ ცხოვროვბდნენ და ეს შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა. ვფიქრობდი დავრჩენილიყავი, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, საქართველოში დაბრუნება მომიწია.

სულ მეუბნებოდა, თუ რამეს აკეთებ, უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის და რასაც უცხოეთში მიიღებ, შენს ქვეყანას უნდა მოახმაროო. ამ პერიოდში მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა და მერე უფრო გამომიმუშავდა. მახსოვს, პირველად როდესაც ჩავედი, კულტურული შოკი მივიღე. ვნახე ტემპი, როდესაც ადამიანები ძალიან სწრაფად მიდიოდნენ და, მაგალითად, თან მიჰქონდათ ყავა. პირველად ამან მომხიბლა - როგორ უფრთხილდებიან ადამიანები თავის დროს. ვისთანაც ვცხოვრობდი, მათ მითხრეს, მოვა დრო, როდესაც შენც ძალიან გაუფრთხილდები შენს დროს და შენც მოგიწევს ამ კონცეფციის შენს ქვეყანაში დანერგვაო. ეს ბავშვური გატაცება იყო და მეგონა, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი.

თუმცა როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე, მარკეტინგის განყოფილების უფროსად და სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ ჩემი თავი ვერ ვიპოვე - საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი. იქ გავიცანი ჩემი ბიზნესპარტნიორი, რომელიც დღემდე ჩემი ბიზნესპარტნიორია. მას შემდეგ უკვე 15 წელი გავიდა. ვკითხე, რას ფიქრობდა საქართველოში რომ ყავის ჯიხურები დაგვედგა. დამთანხმდა. მართლაც, 2004 წელს გავაკეთეთ ეს ყავის ჯიხურები, რომელსაც ერქვა "ახალი ყავის ფერი". ალბათ ეს ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში იმიტომ,

რომ ბევრს არ ესმოდა, რატომ უნდა წაეღო ყავა თან და რატომ არ იყო მაგიდები მოწყობილი, სადაც დალევას შეძლებდნენ.

- ვიცი, რომ ყავის ბიზნესამდე ჯინსების ბიზნესით იყავით დაკავბული, რომელიც წარუმატებლობით დასრულდა.

-კი, ნამდვილად იყო. მამაჩემის მეგობართან ერთად მქონდა ეს ბიზნესი და ამერიკიდან GAP-ის ჯინსებს ვაგზავნიდით. სადაც ჩაის სახლია, იმის მოპირდაპირე მხარეს გვქონდა GAP-ის მაღაზია. სიმართლე გითხრათ, ეს ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მეგონა, რომ ბიზნესი ვიცოდი და ავაწყე, წავედი, დავბრუნდი უკან და აღარც მამაჩემის მეგობარი იყო, აღარც ჯინსების მაღაზია. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა და სულ მინდა ამის გამართლება მოვძებნო, რატომ გააკეთა. ალბათ ოდესმე გავიგებ. მას შემდეგ ეს ადამიანი არ მინახავს. ასე რომ, წარუმატებლად დამთავრდა ჩემი ეს ცდა.

თუმცა წარმატება ჩემთვის ხმამაღალი ნათქვამია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა წარმატებას წარუმატებლობა მოყვება და თუ წარუმატებელი არ ხარ რაღაც კონკრეტულში, შემდეგ ბიზნესს მიზანმიმართულად ვერ მართავ. ალბათ ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. სოფლის მეურნეობაში ბევრი წარუმატებლობა მქონია, შეიძლება ითქვას, რომ სამჯერ ცხოვრება არაფრიდან დავიწყე. სულ მაქვს ის მომენტი, რომ მაინც გავაკეთებ, მაინც შევძლებ. ბევრი უძილო ღამეა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც მსმენელი ან მკითხველი ერთ გვერდზე ჩემს ცხოვრებას წაიკითხავს, იქ მხოლოდ კარგი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძალიან მარტივია ყველაფრის გაკეთება. კარგი ისტორიაა, როგორ წავიდა ვერელი გოგო და სოფლის მეურნეობის კეთება დაიწყო. სინამდვილეში, ეს 7 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია