ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

ქობულეთის ტრაგედიის დროს გარდაცვლილის მამის სკანდალური წერილი

Mediamall.ge 2015 წლის 10 მაისს, ქობულეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრისას გარდაცვლილი არასრულწლოვანის, რეზო დემეტრაშვილის მამის, დავით დემეტრაშვილის წერილს აქვეყნებს. წერილში გარდაცვლილი მოცეკვავის მამა ბავშვების პედაგოგს უპასუხისმგებლობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.

გთავაზობთ წერილს, რომელიც Mediamall.ge-მ გამოაქვეყნა.

"მთელი ეს ჩაბნელებული, უსიცოცხლო და გამწარებული დღეები, რაც ჩემი ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი, ღვთისმოშიში რეზი ცეკვის სიყვარულით აღტაცებული, ბედნიერი გავაცილეთ დაიმედებულებმა რომ საიმედო, ქალაქის საპატიო მოქალაქეს გოგი მარღანიას (ქ.რუსთავი. მისი ტიტული და ნდობა ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ოჯახს საუბედუროდ...) პედაგოგს ჩავაბარეთ და ეჭვიც არ გაგვივლია გულში, თუ სინამდვილეში უგულო და უპასუხისმგებლო ადამიანებს ვაბარებდით შვილს... რომ ისინი სამუდამოდ დააშორებდნენ რეზის დედიკოს, მამიკოს, დაიკოს, ყველას ვინც ამ ქვეყნად ასე ძალიან უყვარდა ჩემს სიცოცხლით სავსე, ხალისიან პატარა ბიჭს...

ცეცხლი ნელ-ნელა ღვიოდა, პატრონი არავინ ჩანდა, ერთ პედაგოგს ეძინა, მეორე კი ქვედა სართულზე, სადღეგრძელოებსა და უგუნურ გართობას მისცემოდა. გვერძე მოესვა ის ვითომდა უფროსიც, ვინც ჩვენს ბავშვებს ვითომდა მეთვალყურედ რომ მიუჩინეს, ბავშვები არავის ახსოვდა...

გაგიჟებული მშობლები ბათუმში ჩავედით, პედაგოგები გამოქცეულები დაგვხვდნენ, ლაჩრულად... პასუხის გამცემი არავინ იყო, არადა როცა ფულებს ითვლიდა ბატონი გოგი, მშობლებთან დაუღალავად ეწეოდა აგიტაციას, რომ ისაა ყველაფერზე პასუხისმგებელი...

მეორე დღეს ტაძარში მოვიდა ბავშვების ცხედრებთან სინდისის ჩამოსარეცხად, თურმე ვერაფერს მიხვდა,რადგან იქ არავინ არაფერი უთხრა... ზუსტად ერთ კვირაში, დოლ-გარმონზე რეპეტიციები განაახლა (თურმე დაბალ ხმაზე უკრავდნენ...)

თავიდან არ დავიჯერე და როცა მათ გაიგეს ჩვენი გაოგნება, რომ გამოძიების დასრულებისთანავე მათ პასუხისმგებლობას მოვთხოვდით, გაუკვირდათ; აბა ჩვენ რა შუაში ვართო... თურმე სულ ტყუილად ველოდით ამდენ ხანს და გვიკვირდა, რატომ არავინ მოდის, ვისაც შვილის სიცოცხლე ჩავაბარეთ, პატიებას მაინც ითხოვდნენ შვილი ვერ, ან არ გადაგირჩინეთო...

თურმე გასაკვირი რა არის... პირდაპირ დავწერ პედაგოგის სიტყვებს;

' რა ორმოცამდე რომ შეგვეწყვიტა რეპეტიციები გაცოცხლდებოდნენ? ჩვენ რა ელექტრიკები კი არ ვიყავით, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვნენო...''

ნამდვილად აღარ მეგონა ისეთ სიმწარეს რაც 10 მაისის დილამ მომიტანა, თუ კიდევ რაიმე გაუტოლდებოდა, მაგრამ ადამიანების სიბოროტეს და სისასტიკეს მართლაც რომ ზღვარი

არ ჰქონია.

დაგვცინიან ღმერთო, გესმის???"-, წერს დავით დემეტრაშვილი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია