ვინ გაჩუქებს ბიჭო, ნამდვილ კვადროციკლს?! – წეროვანში ბავშვებს სურვილების ასრულების აღარ სჯერათ

ვინ გაჩუქებს ბიჭო, ნამდვილ კვადროციკლს?! – წეროვანში ბავშვებს სურვილების ასრულების აღარ სჯერათ

ყოველი წლის 8 აგვისტოს ქართველ ხალხს ერთი ემოცია გვაერთიანებს. ამ ემოციას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. ყოველ წელს, კიდევ ერთხელ გვიჩნდება ბევრჯერ მოსმენილის, წაკითხულის და ნანახის გახსენების სურვილი... ამ სურვილთან რამდენიმე დღე გვაშორებს...

სამსახურში დამათენდა.... მეორე დღეს წეროვანში, აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული, ჩემი ქვეყნის მოქალაქეების სანახავად მივდიოდი. ვფიქრობდი მათთან შეხვედრაზე და იმ ტრაგედიაზე, რომლის გახსენებაც მათი მოუშუშებელი ჭრილობაა.

მივდიოდი როგორც ჟურნალისტი, მაგრამ თავიდანვე ვგრძნობდი, რომ განწირული იყო ჩემი განზრახვა, რადგან ვფიქრობდი, რა სითავხედეა! ჰკითხო ადამიანს რას გრძნობდა მაშინ, როცა მისი სახლ-კარი გადაწვეს და მშვიდი ცხოვრება წაართვეს.

ვიცოდი, რომ იქ დამხვდებოდნენ ბავშვები, რომელბმაც არ იციან, რატომ ცხოვრობენ იქ. დამხვდებოდნენ მოზარდები, რომლებსაც ბუნდოვნად ახსოვთ რა მოხდა 2008 წელს. დამხვდებოდნენ იმედგაცრუებული ახალგაზრდები და ტკივილით სავსე მოხუცები ...

თბილისიდან წეროვანის დასახლებამდე არც ისე შორია. მთავარ ქუჩაზე შევედით, სახელწოდებით - მეცამეტე რიგი.

შინდისფერი სახურავებით გადახურული ერთნაირი კოტეჯების რიგში მიმავალს სუნთქვა მეკვრის.

წლების წინ უსახური ტერიტორია პატარა ედემს გავს.

აქ ძალიან ბევრი ყვავილია. მზესუმზირები, სიმინდის ყანები, ჯუჯა ხეები დახუნძლული ატმებითა და ვაშლატამებით... მეღიმება... მომწონს მწვანეში ჩაფლული პატარა კოტეჯები... მოვეშვი და ემოციებისგან გავთავისუფლდი...

მოულოდნელად ქუჩაზე ველოსიპედით პატარა ბიჭი გამოდის, უკან თანატოლები მოსდევენ. უცებ ჩერდებიან, მიყურებენ და თამამად გამორბიან შტატივზე დამაგრებული ვიდეოკამერისკენ... აუ, რა მაგარია! რა უნდა გადაიღოთ? რა ლამაზი გოგო ხარ! - ვიმსახურებ პატარა ბიჭის კომპლიმენტს.

ერთმანეთი გავიცანით, ვითამაშეთ, სურვილებზე და ოცნებებზე ვისაუბრეთ. ერთს პოლიციელობა უნდა, დანარჩენ ორს - ჯარისკაცობა. ერთ-ერთ მომავალ ჯარისკაცს ავტორბოლა იტაცებს.

ვთხოვე, სურვილები ფურცელზე დაეწერათ... (იმედი მაქვს, გამოჩნდებიან მსურველები, ვინც დამეხმარება ამ ბავშვების სურვილები ასრულდეს)

ერთმა ისეთი პატარა კვადროციკლი ინატრა, "მეთორმეტე უბანზე რომ ჰყავს ერთ ბიჭს"...

-ვინ გაჩუქებს ბიჭო ნამდვილ კვადროციკლს?! რამე უბრალო დაწერე, თორემ ნამდვილს ვინ მოგიყვანს.... ,- ხმამაღალი შეძახილით შეეკამათა მეგობარი და ელდა მეცა. იმ პატარა ბიჭმა სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვები...

სურვილების წერას რომ მორჩნენ, გულწრფელი ღიმილით დამემშვიდობნენ და გაიქცნენ... ვიდექი და ვუცქერდი ისევ გულუბრყვილო, ალალ ბავშვებად გადაქცეულ დიდი გულის ბავშვებს და ვგრძნობდი ძარღვებში სისხლი გამეყინა... მტკიოდა ის სიტყვები, რაც რამდენიმე წუთის წინ ამ პატარა ბიჭისგან მოვისმინე. ვიდექი სანამ მანქანის გაბმულმა სიგნალმა არ დამაბრუნა რეალობაში...

ახაგაზრდების უმრავლესობა, ხელისუფლაბას სთხოვს, წეროვანის ტერიტორიაზე მოეწყოს დასასვენებელი სკვერი და საცურაო აუზი. ამ სურვილს უფროსებიც იზიარებენ.

იქვე ხილ-ბოსტანი იყიდება... მივედით, გამყიდველს გამოველაპარაკეთ... "აქაური" არ იყო...

-აი, აქაური კაცი.. მიმანიშნა ჩრდილში მდგარ მოხუცზე...

მოხუცმა საუბარი პირველმა დაიწყო და ატირდა. ტირილით აცახცახებული მოხუცის ტკივილიან ისტორიას მეც თვალცრემლიანი ვისმენ...

ის საუბრობს წარსულზე, მის შექმნილ ოჯახზე, ბედნიერ წლებზე და ბოლოს ოსი ახალგაზრდებისგან მიღებულ დამცირებაზე.

"ახალგორის რაიონიდან ვარ. ჩემი სახლი არ დაუბომბავთ, მაგრამ სხვაგვარად გამანადგურეს. მქონდა დიდი სახლი, მეურნეობა. არაფერი მაკლდა. სავსე ოჯახი მქონდა. მაგრამ ომის დღეებში ოსი ახალგაზრდები შემოდიოდნენ, გვამცირებდნენ. ხმას ვერ ვიღებდით. დაივლიდნენ ოთახებს, რაც მოეწონებოდათ, მიჰქონდათ. სახლი რომ დააცარიელეს, მერე მეურნეობას მიადგნენ. ყველაფერი წაგვართვეს, საქონელი რაც გვყავდა არაფერი არ დაგვიტოვეს. თან შენთან ვერ ვიტყვი, შვილისშვილის ტოლა ხარ, როგორ გვამცირებდნენ... იქ აღარ დაგვედგომებოდა... ახლა აქ ვცხოვრობ. ცოლი გარდამეცვალა. სოციალური დახმარება მქონდა და ისიც მომიხსნეს. ცოლი მომიკვდა ხალხო, ხომ არ გავმდიდრებულვარ? ...(ტირის)"

მის თვალებში იკითხება ჩამქრალი ვაჟკაცობა, სიამაყე, ლოდივით მძიმე ტკივილი და მომავლის ამაო იმედი.

ბოდიშს ვუხდი, რომ წარსული გავახსენე... გულში მიკრავს და მამშვიდებს: "რატომ მიხდი შვილო ბოდიშს, მე ეს ყველაფერი ერთი წამით არ დამვიწყებია"...

დასახლების სხვადასხვა უბნებზე დავდივართ, უმეტესობას მიშენებები აქვთ, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი სახსრებით. ზოგი ახლა აშენებს. უბნის "ბირჟაზეც" ვჩერდებით, ვსაუბრობთ. იქვე ერთი კოტეჯის დიასახლისი შინ გვეპატიჟება.

აქაც, როგორც ყველასთან, ვსაუბრობთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე...

"ცხინვალიდან ვართ. ჩვენი სახლის ფერფლიც აღარ დარჩა. ერთი კაბით და ოთახის ჩუსტებით დავრჩით ღვთის ანაბარა. აქ მოგვიყვანეს. რაც არ უნდა დამეთანხმოთ, ვერ წარმოიდგენ, შვილო, ჩვენ მაშინ რას ვგრძნობდით. ერთ წამში რომ მთელი ცხოვრება მთავრდება, წლების ნაშრომი რომ შენს თვალწინ ნადგურდება, ეს მხოლოდ იმას შეუძლია გაიგოს, ვისაც ეს გადახდება თავს. ჩემი ქალიშვილი შოკში იყო. კიოდა. აქ რომ მოვედით, აქ არაფერი არ იყო, ვერ შეეგუა ამ ადგილს.. და მაშინ გაიღვიძა ჩემში ყველა ინსტინქტმა და ძალამ. დავისვი წინ და დაველაპარაკე: შეხედე, რა ხდება! რამდენი ადამიანი მოკვდა. ნახე რა ხდება, მარტო ჩვენ ხომ არ ვართ ასეთ დღეში?! მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ. იმ დღიდან დღემდე ასე მოვდივართ."

დიასახლისს თავისი ხელით გაშენებული მცირე მეურნეობის დასათვალიერებლად მივყავართ. ნულიდან დაწყებული ცხოვრება და მომავლის იმედი ამ კოტეჯის კარ-მიდამოს ნამდვილად ეტყობა.

ემოციებით დატვირთული მანქანაში ვჯდები და თბილისში ვბრუნდები. მძღოლი მუსიკას რთავს. ვთხოვ, რომ გამორთოს ... ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს უფლება არ მაქვს მხიარულ მუსიკას ვუსმენდე. ფანჯარა ჩამოვუშვი და თვალებდახუჭული სახე ცხელ ჰაერს მივუშვირე. მძღოლს ვთხოვე, სწრაფად ეტარებინა მანქანა.

დავტოვე წეროვანი, ადგილი, რომელიც ჩემი ქვეყნის ორი ათასზე მეტი განსხვავებული ოჯახის ერთ ტრაგედიას ასახავს.. აქ იბადებიან და იზრდებიან. აქ სტკივათ და უხარიათ. აქ სიცოცხლე გრძელდება...მოვდივარ იმედით, რომ ყველა შესაბამის უწყებას ვაცნობო ამ ბავშვების, ახალგაზრდების და უფროსების სურვილები. იმედი მაქვს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც სურვილი ექნებათ ამ ბავშვებს ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზონ.

სურვილების ჩამონათვალი არც ისე ბევრია:

  • ბავშვების და ახალგაზრდების უმრავლესობას სურს მოეწყოს სკვერი და საცურაო აუზი წეროვანის დასახლებაში.
  • პატარა ბექას სურს ჰქონდეს "პატარა კვადრო"(მეთერთმეტე უბნიდან)
  • 7 წლის ნიკას - სათამაშო მანქანა (მეთერთმეტე უბნიდან)
  • ლიზი რაზმაძეს - სათამაშო პიანინო
  • გიორგი მაისურაძეს (მეექვსე უბნიდან) - ველოსიპედი
  • გიორგი ბასიშვილს- ველოსიპედი
  • გიორგის - ლეკვი (მეოთხე უბნიდან)
  • ნესტან შიუკაშვილს - Iphone

P.S. ექოსავით მესმის ყოველ წამს, ყოველ წუთს იმედგაცრუებული ალალი აზრი... "ვინ გაჩუქებს ბიჭო ნამდვილ კვადროციკლს?!"  ეს აზრი მანადგურებს და მკლავს... პროტესტი გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ, საზოგადოების მიმართ, ხელისუფლების მიმართ. რატომ უნდა იყოს დარწმუნებული 6 წლის ბავშვი, რომ ოცნება არ აუსრულდება...

ნანა ჩხაიძე

"ვინც ეს მოუგონა ამ შეუდარებელ მომღერალს, მაგათ ჯინაზე დიდხანს იცოცხლებს" - როგორია თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერის” და "ასტრაზენეკას” ვაქცინების შემოტანაზე" -  ამირან გამყრელიძე

აფხაზეთში აცხადებენ, რომ "წვიმა მოვიდა და ამ დროისთვის ხანძარი ყველა კერაზე ჩამქრალია“