დაკარგული სტომატოლოგის 20-წლიანი ჟურნალისტური კარიერა და მისი ახალი სამსახური

დაკარგული სტომატოლოგის 20-წლიანი ჟურნალისტური კარიერა და მისი ახალი სამსახური

"მგონი, დროა, ჩვენმა ქვეყანამ შავი ზოლიდან ნათელში გადაინაცვლოს... არ ვეთანხმები აზრს, რომ ქართველი ზარმაცია. ქართველი შრომისმოყვარეა, უბრალოდ, მას ჯერჯერობით არ უმართლებს," - ამბობს ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დატოვა და დღეს უკვე "პალიტრამედიის" თანამშრომელია.

ახალ სამსახურში საკმაოდ საინტერესო გეგმები აქვს, რაზეც დეტალურად ჯერ არ საუბრობს, თუმცა მის განვლილ გზასა და პირად საკითხებზე კი სიამოვნებით ილაპარაკა.

- როდესაც "რუსთავი 2"-დან წამოხვედი, ამბობდნენ, თითქოს, ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდაო? რეალურად რატომ დატოვე ეს კომპანია?

- ომის შემდეგ ხელის ქნევა არ მჩვევია, ისე, ომი რა შუაშია, უბრალოდ ასეთი ფრაზა არსებობს... მოკლედ, რაღაც არ მომეწონა, ჩემი აზრები არ დაემთხვა ადმინისტრაციისას, რაც კარიერულ წინსვლასთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ჩხუბისა და სკანდალის გარეშე წამოვედი, სკანდალები არასდროს მიყვარდა... უბრალოდ, ჩემი და კომპანიის გზები გაიყო, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან სასიამოვნო პერიოდი გავატარე იქ. კი, ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიაში თითქმის 8 წელი ვიმუშავე...

- ე.ი. უსიამოვნება კომპანიის ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან არ მოგსვლია?

- არაფერი მსგავსი, უბრალოდ, რა შემოთავაზებაც გამიკეთა ადმინისტრაციამ, არ მომეწონა, ჩემთვის არ იყო მისაღები.

- არ შეეცადნენ შენს იქ დაკავებას?

- იყო რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას მივიღებ ხოლმე, აღარ ვცვლი. მაგ საკითხში საკმაოდ პრინციპული ვარ. თუმცა ვიტყვი, რომ ამ ტელეკომპანიაში საქმიანობა ბევრ საშუალებას გაძლევს იმისთვის, რომ შენი ვალდებულება, მოვალეობა, შენ წინაშე დასახული მიზნები სწორად განახორციელო. ჩემს კარიერაში იქ მუშაობა კარგი პერიოდი იყო. პროფესიული თავლსაზრისით, ბევრი რამ შევიძინე. აქტიური სამუშაო მქონდა, ვგიჟდები აქტიურ სამსახურზე, არ მიყვარს უძრაობა, გაჩერება. ყოფილა შემთხვევა, როცა 24 საათი გადამიბავს და ოფისიდან არ გავსულვარ, მიუხედვად იმისა, რომ ძალიან დაღლილიც ვყოფილვარ. მაგ დროს საიდან მოდის ენერგია, რომ იმ პერიოდში საქმე აკეთო, ძნელი სათქმელია, მაგრამ კარგია, როცა შედეგს ხედავ. ალბათ, სწორედ ეს გაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი იშრომო და თუნდაც ღამეც გაათენო.

საერთოდ, სადაც მიმუშავია, ყველგან ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენილიყავი ცხოვრების რიტმს და მეკეთებინა ის, რაც მიყვარს.

- საავტორო გადაცემაზე არასდროს გიფიქრია?

- ვიყავი ახალი ამბების წამყვანი, რაც ვიმეორებ, რომ ძალიან მომწონდა. ყველა კომპანიაში, სადაც მიმუშავია (ყველა სახლად მიმაჩნდა) ვთვლი, რომ ნებისმიერ ადგილზე კარიერული თვალსაზრისით, მშვენიერი პოზიციები მეკავა. ძალიან მიყვარს ახალი ამბავი, ეს მაძლევს ადრენალინს. ის ტემპი, ოპერატიულობა, სიჩქარე, რაც ნიუსის დამუშავებასა და საზოგადოებისთვის მიწოდებას ახასიათებს, ძალიან მომწონს. ეს ახალი ამბების სამყაროა. ჰყვები ერთ სიახლეზე და გადადიხარ სხვაზე, ჩემთვის ეს ყველაფერი ცხოვრების წესივით იქცა. ამიტომ ამ პოზიციის შეცვლის სურვილი არ მქონია, რადგანაც ახალი ამბავი თავისთავად, სულ ახალია და მეც სულ სიახლეზე ვარ ორიენტირებული.

- ჟურნალისტობა სად დაიწყე?

- ტელეკომპანია "საქართველოს ხმაში," ეს იყო 90-იან წლები, მერე იყო საინფორმაციო სააგენტო "გეა". ეგ პერიოდიც კარგად მახსენდება... მერე პირველი "მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურში ვიმუშავე და "რუსთავი 2"-მდე - "მზეში". ყველა ეტაპს, რაც გამოვიარე, ჩემს ბიოგრაფიაში თავისი დიდი ადგილი უკავია. თითოეულმა სამსახურმა ჩემში ძალიან ფერადი ემოციები დატოვა...

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი როდის დაამთავრე?

- მე პროფესიით სტომატოლოგი, საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის წარმომადგენელი, სოციოლოგი ვარ და ჟურნალისტობის გარდა, სულ 4 პროფესია შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც მიღებული მაქვს.

ჰო, ორთოპედიც ვარ და ამ მიმართულებით მიმუშავია კიდეც, მეცხრე სტომატოლოგიურ კლინიკაში, დიდი ხანი გავდიოდი პრაქტიკებს. ასევე მაქვს პრაქტიკა პროთეზირების განხრითაც (იღიმის)... როცა "სამედიცინოზე" სწავლა დავიწყე, სწავლის ხარისხი მაინცდამაინც ვერ იყო მაღალი, თან, თავისუფალი დროც მრჩებოდა. ვინაიდან ჩემი ძმა იმ პერიოდში "საქართველოს ხმაში" მუშაობდა, ერთხელაც, მიმიყვანა და დამათვალიერებინა ტელეკომპანია. როდესაც სხვადასხვა განყოფილებაში შევიხედე, ძალიან მომეწონა. დღემდე ჟურნალისტიკაში არის ყველა ის ადამიანი, ვინც მაშინ პირველად, საინფორმაციოს ოთახში ვნახე... მოკლედ, იქაურობა მომეწონა და ისე აღმოჩნდა, რომ იქვე დავსაქმდი. ვატყობდი, რომ ამ საქმეს მატერიალური თვალსაზრისით, მეტი დაფასება ჰქონდა, ვიდრე იმას, რისთვისაც მანამდე ვემზადებოდი. ჩემში პრაგმატულობამ გაიმარჯვა და არჩევანი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გავაკეთე. თან, ექიმად რომ ჩამოყალიბდე, მეტი დრო მჭირდებოდა. მერე როგორც ვთქვი, აქ უფრო სწრაფად დადგა ის დრო, რომ ფინანსურად შემეძლო უზრუნველმეყო საკუთარი თავი, ოჯახს დავხმარებოდი. მოკლედ, ძალიან სწრაფად, 2 წელიწადში გადმოვეწყე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში კლინიკებთან ურთიერთობას მაინც ვინარჩუნებდი, პრაქტიკებზე სულ დავდიოდი. თუმცა ბოლოს მაინც ამ სფეროში დავრჩი.

- თავიდან - სტომატოლოგობა რამ გადაგაწყვეტინა?

- პაპაჩემი, ვანო მაისურაძე თბილისში საკმაოდ ცნობილი სტომატოლოგი იყო. წარმოშობით ერედვიდან ვართ. პაპა იქ ჩადიოდა ხოლმე და ადამიანებს უფასოდ მკურნალობდა, ძალიან უყვარდათ. ბებიაც თავის დროზე სტომატოლოგი იყო, პაპაჩემის ძმებიც...

- ამიტომ მათ გადაწყვიტეს შენი ექიმობა?

- არა, პაპას კაბინეტი იყო ჩვენს სახლში და მთელი ბავშვობა ძალიან მომწონდა მისი იარაღით თამაში და იქიდან დავინტერესდი ამ საქმიანობით.

- მშობლებიც ექიმები გყავს?

- მამამ დაარღვია ეს ტრადიცია, ფიზიკა-მათემატიკოსია და მთელი ცხოვრება ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში საიმედოობის დარგში მუშაობდა. დედა ფიზიკის მასწავლებელია, ჩემს ძმასაც ფიზიკური აქვს დამთავრებული, მაგრამ ისიც წლების განმავლობაში მედიაში საქმიანობდა. ახლა არსამთავრობო სექტორშია.

- სამაგიეროდ, შენი რძალი, მისი მეუღლე, ეკა გაგუაა "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი...

- კი ჩემი რძალი, ამ კომპანიის საკმაოდ სახელოვანი წარმომადგენელია...

- "რუსთავი 2"-დან რომ წამოხვედი, იცოდი, სად უნდა დაგეწყო სამსახური?

- არაფერი მქონდა გადაწყვეტილი, რადგანაც რაღაც არ მომეწონა და წამოვედი. სპონტანური გადაწყვეტილება იშვიათად, მაგრამ მახასიათებს ხოლმე. წამოსვლიდან ორ დღეში რადიო "ფორტუნიდან" დამირეკეს, მერე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხომ არ იმუშავებდიო? ორივეს დავთანხმდი, რადგან დრო მქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორივე სამსახურს ერთდროულად ვერ შევძლებდი. ადამიანის უფლებთა დაცვის კომიტეტში გარკვეული პერიოდი დავყავი, ძალიან საინტერესო იყო იქ მუშაობა. დიდი გამოცდილება მომცა. მიმაჩნია, რომ ამ სამსახურში ჟურნალისტებმა 2-თვიანი კურსები მაინც უნდა გაიარონ, რომ ნახონ, რა აწუხებს და უჭირს საზოგადოებას.

საზოგადოებაში იმდენად ბევრი პრობლემაა დაგროვებული, რომ ერთი კომიტეტის კარგი საქმიანობა ამას ვერ უშველის. ნებისმიერი მოქალაქის საკითხს საფუძვლიანად სწავლობენ...

- თუმცა ქალბატონ ეკა ბესელიასთანაც მუშაობდი...

- დიახ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საკითხებში თანაშემწე გახლდით.

- თავად შემოგთავაზა ეს სამსახური?

- დიდი ხანია, რაც ჩვენი, როგორც რესპონდენტ-ჟურნალისტის ურთიერთობა მეგობრულში გადავიდა. წლებია ერთმანეთს ვიცნობთ, თავიდან სასამართლო პროცესებზე ვხვდებოდით, ბოლოს, როგორც ვთქვი, დავმეგობრდით. ძალიან მომწონს მისი აქტიური ცხოვრების წესი. ყოველთვის ასეთი იყო. როდესაც გაიგო, რომ სამსახური აღარ მქონდა, შემომთავაზა, ჩვენთან, კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით შენი დახმარება დაგვჭირდებაო.

- რა თქვა, როდესაც უთხარი, რომ მისგან უნდა წასულიყავი და ისევ მედიაში ბრუნდებოდი?

- ისევ მედიაში ბრუნდები, ხომ? ვიცოდი, რომ აქ არ გაჩერდებოდიო... მიხვდა, რომ ისევ ის მაინტერესებდა, რასაც 20 წელიწადი ვაკეთებდი.

მედიიდან 6 თვე დავისვენე, არადა, მანამდე მეგონა, რომ რუტინასა და მოსაწყენ ფაზაში იყო ყველაფერი გადასული. დასვენების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ისევ ძალიან მაინტერესებს, მომნატრებია და უფრო მეტი აქტიურობა მინდა.

- და "მედია პალიტრის" თანამშრომელი გახდი. რა გეგმები გაქვს, რის გაკეთებას აპირებ?

- დიახ, ვარ რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და სატელევიზიო პოლიტიკურ თოქშოუებში მიმართულებების პროდიუსინგით ვარ დაკავებული. ამ კომპანიაზე არჩევანი გააზრებულად გავაკეთე, "მედიაპალიტრას" სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს. ამაში ვერავინ შემომედავება, კარგად და სწორად აწყობლი მედიაჰოლდინგია. აქ ცდებისა და ექსპეტიმენტების ჩატარების ბევრი შესაძლებლობაა. ჯერ ნუ დავკონკრეტდებით რა და როგორ, მაგრამ ახალი სეზონიდან არაერთ საინტერესო პროექტს ნახავს "პალიტრის" მსმენელი და მაყურებელი. კიდევ ერთი რამ მომწონს, კარგი და გამოცდილი გუნდი მუშაობს, პროფესიონალები არიან ერთად შეკრებილები. როცა კარგი გუნდია, მიზნის მიღწევა ადვილია.

- საუბარში ერედვი ახსენე. ეს სოფელი 2008 წლის ომს შეეწირა. იქ სახლი დაკარგეთ? ამასთან, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარის წარმომადგენელი ხარ, რას იწვევს ეს შენში?

- კი, ერედვიდან ვართ. ჩვენ იქ აღარ ვიყავით, პაპამ თავის დროზე ნათესავებს დაუთმო თავისი სამკვიდრო იმიტომ, რომ შეძლებული ადამიანი იყო, მერე ბებიას ოჯახი კომუნისტების დრო გააკულაკეს, ქონება ჩამოართვეს და თბილისში იყვნენ შეფარებულები. პაპამ იმდენი მოახერხა, რომ კახეთში ცოლისძმებისა და სიმამრის ადგილი შეიძინა და ფაქტობრივად, ახლა მამისეული სახლ-კარი კახეთშია, კერძოდ, ბოდბისხევში. დიახ, ბატონო, კახეთში (იღიმის).

რაც შეხება მაისურაძეებს, თბილისში რაოდენობით, პირველ ადგილზე ვართ, ამით ვამაყობ. ჩვენი გვარი პატრიარქმა რამდენჯერმე დალოცა, თუ არ ვცდები, პატრიარქის ტახტის მცველებადაც კი ვიწოდებით. ჩვენი გვარის სახელობის მუხაა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დარგული. როგორც მაისურაძეების გვარი, მუხაც კარგად იფურჩქნება. ჩვენი ხატი და გერბი გვაქვს. საგვარეულო სათვისტომო საკმაოდ კარგად მუშაობს. მართალია, საქართველოში მეოთხე-მეხუთე ადგილზე გადავინაცვლეთ, მაგრამ მაგრამ ლიდერობას აუცილებლად დავიბრუნებთ.

- როგორც ექიმმა საქართველოს პოლიტიკოსებს რეცეპტი რომ გამოუწერო...

- ზოგადად ვიტყვი - მმართველ გუნდს მეტი გააქტიურება სჭირდება, ოპოზიციაში კი მეტი მტკიცებულებებია საჭირო, მარტო ლაპარაკი არ არის საქმე. კარგი იქნებოდა, მასშტაბური თერაპიული მკურნალობის ჩატარება, ორივე მიმართულებით.

- ვითომ კარიესი არ აწუხებს ქართულ პოლიტიკას?

- ქართულ პოლიტიკას დიდი კარიესი აწუხებს. ქსოვილს ჯანსაღი ადგილებიც აქვს, მაგრამ კარიესი მაინც თავისას შვრება. ამიტომ, ახალი სისხლია საჭირო.

- როდესაც გაბრაზდი და "რუსთავი2"-დან წამოხვედი, არ იფიქრე ოჯახზე, რომლის უფროსიც ხარ? გყავს მეუღლე და ორი შვილი.

- მაგას აუცილებლად ვითვალისწინებ, ეგ ჩემმა მეუღლემაც იცის. იქიდან რომ მოვდიოდი, მეუღლემ მითხრა, იცის, რომ ოჯახის ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ და ის ჩემთვის უპირველესია. ეტყობა, ძალიან გაგაბრაზეს და დროზე მოდი სახლშიო (იცინის).

- ვინ არის შენი მეუღლე. გვესაუბრე შენს ოჯახზე.

- ჩემი მეუღლე მაგდა წულაიაა, იურისტი და ''პიარშიკი'' (პიარით ბოლო დროს დაკავდა). რეალურად კი კარგი იურისტია, აქვს პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სამსახურში, სამოქალაქო რეესტრში საქმიანობის, მუშაობდა ასევე ნოტარიუსში, იურისტადაც... მყავს ორი - შვილი მარიამი და ერეკლე. გოგონა 13 წლის ხდება, ვაჟი - 11-ის. მარიამი ტანვარჯიშზე დადის, ამით ძალიან ამაყობს, მიგვაჩნია, რომ მას მართლაც მოუხდა ეს სპორტი. ერეკლე ჭადრაკზე დაგვყავს, ახლა აქტიურ სპორტზეც უნდა მივიყვანოთ, თორემ ჭადრაკის თამაშისა და წიგნის კითხვის მეტი არაფერი აინტერესებს. ვარ აქტიური, მკაცრი, ზედმეტად მზრუნველი მამა, მაგრამ არის მომენტები, რომ ჩემს სიმკაცრესაც აქვს საზღვარი და არ შემიძლია სიმკაცრე, მაგრამ მაინც ვახერხებ ბალანსის დაცვას.

- რომელიმე ჟურნალისტი რომ გამოვიდეს?

- არ ვურჩევდი, მაგრამ ვერ შევეწინააღმდეგები. ისე, ორივეს აქვს ეგ ნიშნები, მოსწონთ ეს დარგი.

ლალი ფაცია

ჟურნალი "გზა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია