გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები, რომლებიც ქუთაისში კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.
მინისტრი ოთხი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაშავებული პოლიციელები ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებენ.
"ქუთაისში ოთხი პაციენტია გადმოყვანილი. ისინი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებენ. მკურნალობას გადის ასევე სასწრაფო დახმარების ექთანი. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, მას ალბათ დღის განმავლობაში გაწერენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ასეთი უბედურება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
გრიგოლეთში "მერსედესის" მარკის ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად გუშინ 7 ადამიანი გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომანქანა აფეთქდა და მასში მჯდომი ექვსივე მგზავრი დაიღუპა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
სამარშრუტო ტაქსიში მჯდომი 3 მგზავრი გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, რა დროსაც სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის პიკაპის ტიპის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და დაშავებული ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტოავარიის შედეგად დაშავებულები არიან სასწრაფო დახმარების ექიმები და სამი პოლიციელი. დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.