შსს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უწყება დატოვა

შსს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უწყება დატოვა

ნინო გიორგობიანმა შსს-ს პრესსამსახურის უფროსის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ გიორგობიანი "ფეისბუქზე" იუწყება.

ნინო გიორგობიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა, შსს-დან წასვლის წინ კი უწყების პრესსამსახურში მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ "სამინისტროში გამართულ საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტს ტოვებს", რომელშიც პროფესიონალები მუშაობენ. ნინო გიორგობიანმა მედიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, მის შემცვლელს კი წარმატებები უსურვა.

"მეგობრებო, გადავდივარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვტოვებ გამართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პროფესიონალი თანამშრომლებით. ამ 3 წლის განმავლობაში ერთად ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ და ბევრი საინტერესო დღეები გავიარეთ.

მადლობა ყველა მედიასაშუალებას აქტიური თანამშრომლობისათვის! მედიასთან წარმატებული ურთიერთობის კუთხით ერთი ამბავი მახსენდება, როდესაც ყველა მედიასაშუალებამ პირველ ადგილზე ადამიანის სიცოცხლე დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევის ადგილზე იყო, გარკვეულ დრომდე არ გააშუქა ის მოვლენა...

ჩვენი დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყოველ დღე უამრავ საქმეს ვაკეთებთ, რომლებსაც ვერ ჩამოთვლი... თუმცა, არ შემიძლია არ გამოვყო ის კამპანიები, რაც ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ! პირველ რიგში გამოვყოფ ანტინარკოტიკულ კამპანიას - სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტური ღონისძიებების შემდეგ, საზოგადოებასთან ჩვენმა კომუნიკაციამ რეალური შედეგი გამოიღო და ე.წ. "ბიოს" მოხმარება 90 პროცენტით შემცირდა.

ჩვენი კამპანია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე გამოვყოფდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელმაც ასევე რეალური შედეგი გამოიღო და საგრძნობლად გაიზარდა მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობა...

ჩვენმა დეპარტამენტმა და პირადად მე არაერთი მადლობის წერილი მივიღეთ ბატონი რიჩარდ ნორლანდისგან სხვადასხვა აქტუალური თემის გაშუქებისთვის, როგორიცაა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ბავშვთა პორნოგრაფის გამოვლენის სათანადო გაშუქება.. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩემი ინიციატივით მოხდა დაკავებულებისთვის მასალის გავრცელების დროს სახის დაფარვა და ტექსტებში მხოლოდ ინიციალებით მოხსენიება. მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი დეპარტამენტი შევქმენით ყველამ ერთად. აქ თითოეულმა თანამშრომელმა იცის თავისი ფუნქცია და იცის, როგორ უნდა აკეთოს საქმე!

წარმატებას ვუსურვებ მას, ვინც სათავეში ჩაუდგება ამ სამსახურს! მე ყველანაირად მის გვერდში ვიდგები!", - წერს გიორგობიანი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია